ბარსას 10 უარესი ტრანსფერი

ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და მისი მაისურით პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელი ლეო მესი თამაშობს.
ბარსელონას ბრწყინვალე სტადიონი კამპ ნოუ ყველა მატჩზე სავსეა.
ბარსელონას საკლუბო მუზეუმი ყოველი სეზონის ბოლოს რამდენიმე თასით მდიდრდება.
ბარსელონას საბაზრო ღირებულება ზუსტად მილიარდი დოლარია.
და მაინც, თავის მინუსი ამ დიდებულ კლუბსაც მოეძებნება – წამგებიანი ტრანსფერები.
გათვლებში ყველა კლუბი შემცდარა, ამისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ, როცა საზაფხულო ციებ-ცხელებებში დიდი კლუბები არიან ჩართულნი, იქ მოგებაც არნახულია და შეცდომაც უფრო მტკივნეულად აღიქმება.
დღეს ბარსელონას ბოლო წლების 10 უარესს ტრანსფერს გავიხსენებთ.

10.პატრიკ ანდერსონი (2001-04)
2001 წლის გაზაფხულზე შვედმა მცველმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზაფხულში კი ბარსელონას მიაშურა – კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადეს.
შვედმა სეზონი კარგად დაიწყო, დაცვის ლიდერადაც იქცა, მაგრამ გაზაფხულზე დაშავდა და მას შემდეგ, კონტრაქტის ბოლომდე, იშვიათად ხვდებოდა სათადარიგოთა შორისაც კი – მუდმივად ტრავმირებული იყო.
სკანდინავიელმა ბარსა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და სამშობლოში, მალმიოში დაბრუნდა. კარიერაც იქვე დაასრულა.

9.ხავიერ სავიოლა (2001-07)
მსოფლიოს 2001 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არგენტინის 20-წლამდელთა ტრიუმფის შემდეგ – სავიოლა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა – ბარსელონამ ის 36 მილიონ ევროდ შეიძინა. თავდაპირველად „ბაჭია“ გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ მერე მწვრთნელმა ფრანკ რაიკაარდმა აითვალწუნა. კონტრაქტის დასრულებამდე ბარსა სავიოლას სხვადასხვა კლუბებში ანათხოვრებდა და ამავდროულად, ხელფასის ნახევარს უხდიდა. სავიოლამ კამპ ნოუ თავისუფალ აგენტად დატოვა.

8.მარკ ოვერმარსი (2000-04)
ეს იყო პირველი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც მოთამაშის ოფიციალური ვებ-გვერდით გახმაურდა. ბარსელონამ ლონდონის არსენალს ნიდერლანდელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა – ოვერმარსი დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ნიდერლანდელია!
პირველ ორ სეზონში კარგი იყო, მაგრამ შემდეგ ტრავმებმა გააწვალა, რის გამოც მასში გადახდილი თანხა, საბოლოოდ, წყალში გადაყრილად შეფასდა. სამშობლოში, გოუ ეჰედ იგლზში, ისიც თავისუფალ აგენტად დაბრუნდა.

7.გაბრიელ მილიტო (2007-11)
არგენტინელი მცველის შეძენა მადრიდის რეალმა სამედიცინო შტაბის რჩევით იუარა – ექიმებმა დაასკვნეს, რომ სარაგოსას ექს-კაპიტანს სუსტი მუხლები ჰქონდა.
ბარსელონამ გარისკა, 20 მილიონი ევრო გაიღო და… წააგო: სადებიუტო სეზონის მიწურულს, 2008 წლის მაისში, მილიტოს მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა და ზედიზედ 602 დღე იუქმა. მინდორს დაბრუნებული რამდენჯერმე დაშავდა და საბოლოოდ, ბარსამ არგენტინელი გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა.

6.დმიტრო ჩიგრინსკი (2009-10)
ეს იყო ყველაზე უცნაური ტრანსფერი კლუბის ისტორიაში: ხოსეპ გვარდიოლას თხოვნით, ბარსელონამ უკრაინელი მცველი დონეცკის შახტარისგან 2009 წლის 31 აგვისტოს 25 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ თითქმის ერთი წლის თავზე, მწვრთნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩიგრინსკი შახტარს 15 მილიონ ევროდ დაუბრუნა.
გარიგებით მხოლოდ შახტარმა და ფეხბურთელმა მოიგეს: პირველმა ერთ სეზონში 10 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ჩიგრინსკი კი დონეცკში ესპანეთის ჩემპიონად და მსოფლიოს საკლუბო პირველობის ოქროს მედლით დაბრუნდა.

5.ალეკსანდრ ჰლები (2008-12)
ბელარუსი ნახევარმცველი კატალონიელებმა 17 მილიონ ევროდ შეიძინეს ლონდონის არსენალიდან. გვარდიოლა ახალწვეულზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ ჰლები ჭირვეულმა ხასიათმა დაღუპა – ესპანური ენის შესწავლაზე უარი განაცხადა და არც საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობით იწუხებდა თავს.
მწვრთნელმა, ვისთვისაც გუნდური სული პირველ ადგილზეა, ბელარუსელზე უარი 2009 წლის ზაფხულში თქვა. ბარსასთან კონტრაქტი ჰლებს გაისად ეწურება, მანამდე კი კვლავ განათხოვრებულია: შტუტგარტის და ბირმინგემ სიტის შემდეგ ამჯერად ვოლფსბურგში. გერმანული კლუბი 100 ათას ევროს უხდის ბარსას ჰლების ერთი მატჩის სანაცვლოდ.

4.ფილიპ კრისტანვალი (2001-03)
საფრანგეთის ნაკრების ახალი ლორან ბლანი ბარსელონამ 17 მილიონ ევროდ გადაიბირა.
მაშინდელი მწვრთნელი კარლეს რექსაჩი ფრანგის აგენტის მოთხოვნას დათანხმდა და კრისტანვალს ძირითად შემადგენლობაში ადგილი აღუთქვა, თუმცა მალევე გაცხადდა, რომ ფილიპს ბლანამდე ბევრი უკლდა და ისიც ბარსას სათადარიგოთა სკამს გაუშინაურდა.
რექსაჩის შემცვლელმა ლუი ვან გაალმა ფრანგს რამდენჯერმე მისცა თავის გამოჩენის შანსი, თუმცა კრისტანვალმა ვერ ივარგა. ბარსელონა მანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მაგრამ ვერც მარსელის ოლიმპიკში ივარგა და ვერც ლონდონის ფულემში.

3.ხერარდი (2000-05)
ის ექტორ რაულ კუპერის ვალენსიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ბარსელონაში კი 24 მილიონ ევროდ გადავიდა. ლა მასიას აღზრდილი ადვილად ჩაეწერა ბარსელონაში, მაგრამ მალე მძიმედ დაშავდა, სარეაბილიტაციო პერიოდი კი იმის გამო გაუგრძელდა, რომ ღამის კლუბებს გაუშინაურდა და ექიმების მეთვალყურეობით მონდომებით ვარჯიშის ნაცვლად, დიდ დროს უთმობდა ღამის ცხოვრებას.
კამპ ნოუზე გატარებული წლების მანძილზე ვერ იქცა ძირითადის მოთამაშედ. ბარსელონამ ვერც მის სანაცვლოდ აიღო თანხა.

2.ჯოვანი (2001-03)
10 წლის წინ ის არამარტო ბრაზილიური, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, სამხრეთ ამერიკის და მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატების გამარჯვებულს პელეს მემკვიდრეს უწოდებდნენ, ბელუ ორიზონტეს კრუზეირუ მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ ჯოვანი ბარსელონაში 21 მილიონად გადაბარგდა.
დახვედრა დიდებული იყო, მაგრამ ბრაზილიელი ის არ აღმოჩნდა, ვისაც კამპ ნოუზე ელოდნენ: ახალწვეული ჭირვეულმა ხასიათმა დააღალატა – ერთთავად თანაგუნდელებს საყვედურობდა, გუნდში მისულმა ლუის ვან გაალმა კი ბრაზილიელს პირველივე გამოხდომა არ აპატია: ჯერ მეორე გუნდში დააქვეითა, მალე კი ხელმძღვანელებს მისი გათავისუფლება სთხოვა.

1.ზლატან იბრაჰიმოვიჩი (2009-11)
კლუბის ისტორიაში უარესი ტრანსფერი – საერთო ჯამში გუნდმა შვედი გოლეადორით 40 მილიონი ევრო იზარალა! 2009 წლის ზაფხულში ბარსელონამ მილანის ინტერს 46 მილიონი ევრო გადაუხადა, თან 24 მილიონად შეფასებული კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტოო დაუთმო.
შვედმა ესპანურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ კამპ ნოუ ერთი წლის შემდეგ დატოვა: ხოსეპ გვარდიოლას თქმით, გუნდში ვერ ჩაეწერა.
ბარსელონამ იბრაჰიმოვიჩი 2010 წლის ზაფხულში მილანში 6 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაანათხოვრა, შემდეგ კი კიდევ 24 მილიონი ევრო მიიღო და კარატისტი სკანდინავიელი საბოლოოდ გაყიდა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2010 წლის 713 ნოემბერი)

ka_GEGeorgian