ბარსელონა რეალის წინააღმდეგ: 15 კლასიკური ამბავი

დღეს კამპ ნოუ 276-ე ელ კლასიკოს მასპინძლობს!
ყველაზე დიდ საკლუბო დაპირისპირებას ბარსელონა და რეალი სატურნირო ცხრილის სათავეში ხვდებიან –  მეტოქეებს 35-35 ქულა აქვთ.
აქამდე გამართული 276 მატჩიდან 33 ამხანაგური თამაში იყო, 7 კი აწ უკვე გაუქმებული ტურნირების (ლიგის და კორონაციის თასები) ეგიდით გაიმართა. საერთო ჯამში ბარსაა წინ – 115 გამარჯვება რეალის 99 მოგების წილ და 61 ფრე.
თუ ტურნირების მიხედვით დავყოფთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ესპანეთის ჩემპიონატში თანაბარი სტატისტიკაა – 72-72 მოგება და 34 ფრე.
თასზე ბარსას უკეთესი შედეგები აქვს – 15 გამარჯვება, 12 მარცხი და 8 ფრე, აი სუპერთასის და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში კი რეალი ლიდერობს – 11 მოგება, 6 წაგება და 5 ფრე.
15 კლასიკური ამბავი კი ასეთია:

…ესპანეთის ნაკრების და რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი ელ კლასიკოს რეკორდსმენია: 42-ჯერ ითამაშა ბარსას წინააღმდეგ! თუმცა რეკორდი კიდევ 3 ფეხბურთელს ეკუთვნის – რეალის ლეგენდებს მანუელ სანჩისსა და ფრანსისკო პაკო ხენტოს და ბარსას ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელს ჩავის. საინტერესოა, რომ ლეო მესის აქტივში 41 კლასიკოა და დღეს, სავარაუდოდ, სანჩისის, ხენტოს და ჩავის მიღწევას გაიმეორებს, რამოსი კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

…26 გოლით მესი დაპირისპირების ყველა დროის ბომბარდირია. 18 გოლი მან ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში შეაგდო, 6 – სუპერთასის გათამაშებაში, 2 კი ჩემპიონთა ლიგაში. 18-18 გოლით მეორე ადგილზე რეალის გოლეადორები არიან – ალფრედო დი სტეფანო და კრიშტიანუ რონალდუ.

…კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ 6 კლასიკოში (7 გოლი) გაიტანა, რაც რეკორდია. ჩილელ ივან სამორანოს 5 ასეთი თამაში ჰქონდა. ბარსას ფეხბურთელებიდან საუკეთესო სერია – მიჯრით 4 ელ კლასიკო – რონალდინიოს და ჯოვანის ეკუთვნით.

…ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა – 14, ლეო მესიმ შეასრულა.

…2011 წლის 27 აპრილიდან 2017 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით ბარსამ ზედიზედ 23 ელ  კლასიკოში გაიტანა. რეალის საუკეთესო შედეგი 18 დაპირისპირებაა – 2011 წლის 3 მაისიდან 2015 წლის 22 მარტის ჩათვლით.

…1972 წლის 3 აპრილიდან 1974 წლის 17 თებერვლის ჩათვლით ბარსამ ზედიზედ 5 კლასიკოში არ გაუშვა გოლი, რაც რეკორდია.

…1931 წლის 31 იანვრიდან 1935 წლის 3 თებერვლის ჩათვლით რეალმა ზედიზედ 14 კლასიკო არ წააგო. ბარსას საუკეთესო შედეგი 13-მატჩიანია, 1917 წლის 1 ნოემბრიდან 1928 წლის 3 ივნისის ჩათვლით.

…1948 წლის 25 იანვრიდან 1954 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით ზედიზედ 18 ელ კლასიკო არ დასრულდა საყაიმო ანგარიში გარეშე, რაც რეკორდია.

…მეტოქეებმა ზედიზედ 6-ჯერ სძლიეს ერთმანეთს და ეს ისტორიაში საუკეთესო სერიაა. ბარსა 1948 წლის 25 იანვრიდან 1949 წლის 15 იანვრის ჩათვლით იყო ძლიერი, რეალი კი 1962 წლის 30 სექტემბრიდან 1965 წლის 28 თებერვლამდე.

…1943 წლის 19 ივნისს, ესპანეთის თასის გათამაშებაში რეალმა 11:1 მოიგო და ეს კლასიკოს ისტორიაში უდიდესი ანგარიშია. ასევე: მხოლოდ ამ შეხვედრაში დაფიქსირდა 10-ბურთიანი სხვაობა და მხოლოდ ამ მატჩში გაიტანა ერთმა გუნდმა 10 ან მეტი გოლი.

…რეალმა ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ლა ლიგაში 1935 წლის 3 თებერვალს იზეიმა – 8:2, ბარსამ კი 1950 წლის 24 სექტემბერს – 7:2.

…1974 წლის 17 თებერვალს ბარსელონამ ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე 5:0 მოიგო და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ელ კლასიკო სტუმრის 5-ბურთიანი გამარჯვებით დასრულდა.

…ელ კლასიკოს ისტორიაში 23-მა ფეხბურთელმა 28 ჰეთ-თრიქი შეასრულა. მხოლოდ 5-მა მოთამაშემ შეძლო ჰეთ-თრიქის 2-ჯერ შესრულება: რეალის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ (1916 წელს), პაულინიო ალკანტარამ (1916, 1920), ხაიმე ლასკანომ (1930, 1935), ფერენც პუშკაშმა (1963, 1964) და ლეო მესიმ (2007, 2014).

…ბარსელონიდან რეალში სხვადასხვა დროს 17 ფეხბურთელი გადავიდა. არგენტინელი ხავიერ სავიოლა ბოლოა, რომელმაც კატალონიიდან დედაქალაქში გადაინაცვლა. ტრანსფერი 2007 წელს შედგა.

…რეალიდან ბარსაში სულ 6 მოთამაშე გადავიდა. ბოლო, ვინც „კლასიკურ ტრანსფერში“ მონაწილეობდა, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეა. შემტევმა ნახევარმცველმა სამეფო კლუბის მაისური ბარსას ფორმაზე 1996 წელს გადაცვალა.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 დეკემბერი)

ka_GEGeorgian