ბარტის პირველი ტრიუმფი და არნახული ამბავი ქალთა ჩოგბურთში
ეშლი ბარტიმ კარიერის მთავარი გამარჯვება იზეიმა: მაიამის ტურნირის ფინალში ფავორიტი, მე-5 ნომრად განთესილი ჩეხი კაროლინა პლისკოვა დაამარცხა – 7:6, 6:3.
„თავი სიზმარში მგონია! მაიამიში ზღაპრული დღეები გავატარე… არ მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს… საოცარი წუთებია… მადლობა ყველას, ვინც მქომაგობდა, მადლობა კაროლინას, რომ ასეთი კარგი მოთამაშეა“… – ჰარდ როკ სთედიუმზე გამართულ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მე-12 ნომრად განთესილი ავსტრალიელი დაბნეული გახლდათ.
არცაა გასაკვირი – ამ რანგის ტურნირი მან პირველად მოიგო. 22 წლის ჩოგბურთელმა 14 ეისი მიითვალა, ორშაბათს კი WTA-ის ახალ რეიტინგში საუკეთესო ათეულშიც გამოჩნდება.
ამ გამარჯვებით ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ერთი ძალიან საინტერესო და არნახული ამბავი მოხდა: ბარტი მე-14 მოთამაშეა, რომელმაც WTA-ის წლევანდელ ტურში გაიმარჯვა! ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წლის პირველი 14 შეჯიბრი სხვადასხვა მოთამაშეებმა მოიგეს!
2019 წლის ტურნირების გამარჯვებულები არიან:
ბრისბენი – კაროლინა პლისკოვა (ჩეხეთი)
ოკლენდი – ჯულია გორჯესი (გერმანია)
შენჟენი – არინა საბალენკა (ბელარუსი)
სიდნეი – პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)
ჰობარტი – სოფია კენინი (აშშ)
ავსტრალიის ღია პირველობა – ნაომი ოსაკა (იაპონია)
სანკტ-პეტერბურგი – კიკი ბერტენსი (ნიდერლანდები)
ჰუა ჰინი – დაიანა იასტრემსკა (უკრაინა)
დოჰა – ელიზ მერტენსი (ბელგია)
დუბაი – ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია)
ბუდაპეშტი – ელისონ ვან უტვენკი (ბელგია)
აკაპულკო – ვანუ იაფანი (ჩინეთი)
ინდიან უელსი – ბიანკა ანდრეესკუ (კანადა)
მაიამი – ეშლი ბარტი (ავსტრალია)
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 30 მარტი)