ბასკებით დაწყებული ისტორია – წიგნის პრეზენტაცია სამინისტროში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს სპორტული ჟურნალისტის ლაშა გოდუაძის წიგნის „ბასკებით დაწყებული ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და რევაზ ჯაველიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ბასკებით დაწყებული ისტორია“ 1937 წლის 24 ივლისს, თბილისში, ბასკეთის ნაკრებთან პირველი საერთაშორისო მატჩის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნი სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით გამოიცა.

„ბოლო დროს ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, ამოქმედდა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა… წინგადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ არ გვავიწყდება, რომ ნათელი მომავალი წარსულის დაფასების გარეშე გამორიცხულია, ეს წიგნი კი ზუსტად ჩვენი ფეხბურთის სახელოვან დღეებს გვახსენებს. ვულოცავ ლაშა გოდუაძეს მართლაც დიდი შრომის შესანიშნავ შედეგს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას კი არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვუსურვებ“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ღონისძიების დასაწყისში მინისტრმა ვეტერანი დინამოელის სერგო კუტივაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის გარდა დამსწრე საზოგადოებას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა, ჟურნალ ათიანის მთავარმა რედაქტორმა გია გორგოძემ, ტელეკომენტატორმა ჯამლეტ ხუხაშვილმა, ვეტერანმა დინამოელებმა მანუჩარ მაჩაიძემ და ვლადიმერ ბარქაიამ მიმართეს, ხოლო გულშემატკივართა სახელით – შალვა ოგბაიძემ.

ბასკებით დაწყებული ისტორია პირობითად 2 ნაწილად შეიძლება დაიწყოს. პირველი ასახავს დინამოს საერთაშორისო ასპარეზობის 10 ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რომელთაც ამდენივე წერილი ეძღვნება:

1937 წელს ბასკეთის ნაკრებთან პირველი საერთაშორისო მატჩი;
პირველი გასვლითი ტურნე – 1944 წელს ირანში;
პირველი სტუმრობა ფეხბურთის სამშობლოში – 1960 წლის მიწურულს ინგლისში გამართული სამი მატჩის მიმოხილვა;
დებიუტი ევროპის საკლუბო ტურნირებში – 1972 წელს ჰოლანდიის ტვენტესთან გამართული ორი შეხვედრა;
პირველი საერთაშორისო გამარჯვება – 1973 წლის ზაფხულში ესპანეთის ქალაქ უელვაში მოგებული კოლუმბის კარაველა;
დებიუტი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში – 1979 წლის შემოდგომის დაპირისპირებები ლივერპულთან და ჰამბურგთან;
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება – 1981 წლის 13 მაისის ტრიუმფი;
ევროპის საკლუბო ტურნირებში საქართველოს სახელით დაბრუნება – 1993 წელს გამართული ორი შეხვედრა ჩრდილოირლანდიურ ლინფილდთან;
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის საუკეთესო შანსი – ორრაუნდიან დაპირისპირებაში მარცხი ბილბაოს ატლეტიკთან 1998 წელს;
დებიუტი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე 2004 წლის შემოდგომით.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ის სტატისტიკურია: ჩამოთვლილია ყველა თამაში ბასკეთის ნაკრებთან მატჩით დაწყებული 771-ე, დღესდღეობით ბოლო – თურქეთში ყირგიზულ აბდიშ-ატასთან 2-0 მოგებული შეხვედრით დასრულებული.

ევროპის საკლუბო ტურნირებზე გამართული მატჩების სტატისტიკა წინგში სრულადაა მოცემული.

ბასკებით დაწყებული ისტორია ღონისძიების ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 7 ივნისი)

ka_GEGeorgian