ბათუმი 2018: 40 წლის შემდეგ კახეთში ნონა მაიას წინააღმდეგ

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და ჭადრაკის ფედერაციამ მოახლოებულ ოლიმპიადას კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა: 4 სექტემბერს, კახეთში, ილიას ტბაზე მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილე ნონა გაფრინდაშვილთან მატჩით აღინიშნა!

სიმბოლური პაექრობა, რომელსაც ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები, კახეთის მხარის მაღალჩინოსნები და გულშემატკივრები დაესწრნენ, ყაიმით – 1,5:1,5 დასრულდა. პირველი ბლიც-პარტია მაია ჩიბურდანიძემ მოიგო, მეორე ყაიმით დასრულდა, მესამეში კი ნონა გაფრინდაშვილმა გაიმარჯვა.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 1978 წელს სწორედ ნონა გაფრინდაშვილთან გამარჯვებით მოიპოვა. საჩემპიონო მატჩს ბიჭვინთამ უმასპინძლა. თავის მხრივ, ქალბატონი ნონაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი გახლავთ, ორივენი კი საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან.

„არც მჯერა, რომ უკვე 40 წელი გავიდა… ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვლენა ასე ლამაზად აღინიშნა! 40 წლის წინ ბიჭვინთაში მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ახლა კი კახეთში ვეთამაშე ნონას… ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი დღე გამოვიდა, მადლობა ყველას, ჭადრაკის ფედერაციას, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს, გულშემატკივრებს… ყველას, ვინც დღევანდელი დღე ასე ლამაზად აღნიშნა. ვისურვებდი, რომ იმ გამარჯვების 50 წლის იუბილეც აღგვენიშნოს“, – განაცხადა მაია ჩიბურდანიძემ.

„მადლობა ჩვენს ლეგენდარულ, მართლა საამაყო მოჭადრაკეებს რომ ასეთ ლამაზ ღონისძიებაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდნენ. ქალბატონი ნონაც და ქალბატონი მაიაც ქართული სპორტის მშვენებები არიან, მათ საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი არა მარტო ჩვენ ჭადრაკს, ზოგადად, საქართველოს. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღით ყველა ძალიან ნასიამოვნები დარჩა“, – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გია გიორგაძემ.

მაია ჩიბურდანიძის და ნონა გაფრინდაშვილის პაექრობას ოლიმპიადის ერთ-ერთი სპონსორის, მეღვინეობა ხარების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ. კომპანიის მესვეურთა გადაწყვეტილებით, მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს ჩემპიონობის 40 წლის იუბილეს მეღვინეობა ხარება სპეციალურად ამ მოვლენისთვის ჩამოსხმულ ღვინის სერიას მიუძღვნის.

დღის დასასრულს მეღვინეობა ხარებამ საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეებს ყვარელში, ღვინის გვირაბში უმასპინძლა, სადაც მაია ჩიბურდანიძესთან და ნონა გაფრინდაშვილთან სიმბოლური შეთანხმება გაფორმდა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 5 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian