ბათუმი 2018: ბათუსა ქობულეთს ეწვია
ფესტივალ „ზაფხულის ფერების“ ფარგლებში დაბა ქობულეთში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა: ცენტრალური პარკის მიმდებარედ მოწყობილ არაერთ თემატურ პავილიონს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავა საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებულმა კუთხემ.
ოლიმპიადის ბანერი, დროშები, საინფორმაციო დაფა და საჭადრაკო ატრიბუტიკა – ამ ყველაფერმა დამსვენებელთა ყურადღება მიიპყრო, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა კი მათ ბათუმი 2018-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ყველაზე პოპულარული ოლიმპიადის თილისმა კუ ბათუსა თართლშტაინი იყო, რომელმაც გიგანტურ საჭადრაკო დაფასთან ბავშვებს უმასპინძლა, შემდეგ კი ყველა მსურველთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.
„ზაფხულის ფერების“ ეგიდით ერთდროული თამაშის სეანსიც მოეწყო – მოყვარულმა მოჭადრაკეებმა დიდოსტატ მირანდა მიქაძესთან მოსინჯეს ძალები.
„ძალიან კარგია, რომ წინასაოლიმპიადო განწყობა უკვე ქობულეთშიც იგრძნობა. ჩვენ კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ და დარწმუნებული ვარ, საჭადრაკო ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის და სტუმრისთვის ნამდვილი ზეიმი იქნება“, – განაცხადა ფიდეს კონსულტანტმა სოფიო ბაკურიძემ.
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. სპეციალურად ოლიმპიადისთვის საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 9 ივლისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი