ბათუმი 2018: ჭადრაკის დღეები თბილისი მოლში

21-22 აპრილს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით გიგანტურ დაფაზე სწრაფ ჭადრაკში საჩვენებელი თამაშები და ქართველ დიდოსტატებთან ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა.

ევროპის ჩემპიონი, ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი; საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი; ევროპის ასაკობრივი პირველობის 2-გზის გამარჯვებული ნინო ხომერიკი; საქართველოს ნაკრების წევრი დავით ჯოჯუა; მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული სალომე მელია; ვაჟ მოჭადრაკეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრები ნიკოლოზ კაჭარავა, ლუკა ობოლაძე და ნიკოლოზ პეტრიაშვილი – ჭადრაკის მოყვარულებმა მათთან ითამაშეს.

„ასეთი აქტივობები ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა! გამოცდილ მოჭადრაკეებთან თამაში ბავშვებისთვის დიდი მოვლენაა, მოყვარულებისთვის კი გამოწვევა. მიუხედავად იმისა რომ დღეს, ძირითადად, დამწყებ მოჭადრაკეებთან ვითამაშე, ორი პარტია განსაკუთრებით მომეწონა. მეტიც, ერთ დაფაზე მეტოქე უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა შემდეგ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დამარცხდა“, – განაცხადა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელმაც 10 დაფაზე თითქმის 3 საათის განმავლობაში ითამაშა.

„ჭადრაკის დღეების ორგანიზატორების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის: დღეს ძალიან ვისიამოვნე! რაც უფრო ხშირად ჩატარდება მსგავსი ღონისძიებები, მით უკეთესი ჩვენთვის, მოყვარულებისთვის“, – განაცხადა ენვერ პერტაიამ, რომელიც თბილისი მოლს შვილთან ერთად ეწვია და ზურაბ აზმაიფარაშვილთან საინტერესო პარტია გაითამაშა.

ჭადრაკის დღეები ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადას მიეძღვნა. ტურნირი ზღვისპირა ქალაქში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. წინასწარი მონაცემებით ოლიმპიადისთვის საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 23 აპრილი)
ფოტო:
ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian