ბათუმი 2018: ჩაი გურიელი ოლიმპიადის სპონსორია

20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია ფიდე 94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს დაარსდა.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თბილისში, ვერის პარკში საზეიმო ღონისძიება მოაწყვეს.

ჩაი გურიელთან თანამშრომლობის შესახებაც სწორედ დღეს ითქვა – ერთ-ერთი წარმატებული ქართული ბრენდი საჭადრაკო ოლიმპიადის სპონსორი გახდა! ხელშეკრულება ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ და ჩაი გურიელის მწარმოებელი კომპანია გეოპლანტის დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა გააფორმეს. საზეიმო ღონისძიებას ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

„ყველას გილოცავთ ჭადრაკის საერთაშორისო დღეს! თუ ვინმეს შეუძლია იამაყოს სპორტის ამ სახეობაში მიღწეული წარმატებით, მათ შორის ქართველებსაც. ჩვენ ხომ უდიდესი ჩემპიონები და ძალიან წარმატებული მოთამაშეები გვყავდა. იცით რომ 2018 წელს სწორედ საქართველო მასპინძლობს საჭადრაკო ოლიმპიადას. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მოხარული ვარ, რომ ამ შეჯიბრს კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მხარდამჭერი ეყოლება – ჩაი გურიელი!. მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ მიხეილს თანადგომისთვის და ვიმედოვნებ, რომ ქართული ჩაი საქართველოს ნაკების წევრებს წარმატებულ ასპარეზობაში დაეხმარება“, – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

„მეამაყება, რომ დღეს ჩვენთან ერთადაა ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, ადამიანი, რომელმაც შორს გაუთქვა სახელი ქართულ ჭადრაკს და ზოგადად, ქართულ სპორტს. ჩვენი კომპანიისთვის საამაყოა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მხარდაჭერა, ქართულ საჭადრაკო ოჯახთან თანამშრომლობა. აქვე მსურს გითხრათ, რომ ჩვენ განსაკუთრებული საჩუქარი მოვუმზადეთ ოლიმპიადის ყველა გამარჯვებულს. თითოეული მათგანი მიიღებს სპეციალურ პროდუქტს, რომელიც ჩაი გურიელმა საქართველოს რესპუბლიკის დაარსების საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით დაამზადა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ სასაჩუქრე პაკეტში თითქმის მთელი საქართველოს არომატია თავმოყრილი, მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. დღეს კი მინდა ჩვენი განსაკუთრებული პროდუქტით საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დავასაჩუქრო“, – განაცხადა კომპანია გეოპლანტის დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა.

„მსურს მადლობა გადავუხადო ჩაი გურიელს თანამშრომლობისა და ამ ლამაზი საჩუქრისთვის. დიახ, ოლიმპიადაა ის ასპარეზი, სადაც ჩვენ, ქართველებმა, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ მთელ მსოფლიოს და ვუთხრათ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ქვეყნის ძირძველი კუთხეებია. ამის გათვალისწინებით ჩაი გურიელის ეს საჩუქარი ათმაგად დასაფასებელია“, – განაცხადა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

დღესვე ვერის პარკში ერთდროული თამაშის სეანსი ჩატარდა, მოეწყო ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენა, ვიქტორინის გამარჯვებულებმა კი ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული პრიზები მიიღეს.

ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. სპეციალურად ოლიმპიადისთვის საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 20 ივლისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian