ბათუმი 2018: გია გიორგაძე – ოლიმპიადა უდიდესი გამოწვევაა!

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დიდებული შოუთი გაიხსნა! საზეიმო ცერემონიას, რომელიც დაბა შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე გაიმართა, ოლიმპიადის მონაწილეები, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და 185 ქვეყნის საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტები, ოფიციალური პირები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

მასშტაბურ ღონისძიებაზე დაახლოებით ათასმა ადამიანმა იმუშავა. სანახაობა მართლაც რომ დაუვიწყარი გამოდგა, რაც უამრავმა სტუმარმა აღნიშნა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გია გიორგაძემ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა:

„მოგესალმებით ძვირფასო მოჭადრაკეებო, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სტუმრებო!
ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი მასშტაბის სპორტული ასპარეზობის მასპინძლობა. საჭადრაკო ოლიმპიადა არა მარტო ქართული ჭადრაკის, ზოგადად, მთელი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა: საქართველო ხომ პირველად მასპინძლობს ასეთ გრანდიოზულ სპორტულ შეჯიბრებას, ტურნირს, სადაც მსოფლიოს 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი ასპარეზობს.
ქართული ჭადრაკი სამართლიანად ამაყობს წარსული დიდებით, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის ბრწყინვალე გამარჯვებებით, ოლიმპიადებზე გუნდური ტრიუმფებით, მსოფლიოს ჩემპიონობით… ვიმედოვნებ, რომ ბათუმის ოლიმპიადის შემდეგ ქართული სპორტის ისტორიას კიდევ ერთი სახელოვანი ფურცელი შეემატება.
დარწმუნებული ვარ ოლიმპიადა მძლავრ სტიმულს მისცემს ჩემს ქვეყანაში ჭადრაკის შემდგომ განვითარებას. სულ უფრო მეტი ბავშვი დაიწყებს ჭადრაკის სექციებში მეცადინეობას, რისთვისაც წინასწარ ვემზადებით. ოლიმპიადის შემდეგ საჭადრაკო ინვენტარი რეგიონებში, საჭადრაკო სკოლებსა და კლუბებში გადანაწილდება.
ახლო წარსულში თავადაც მოჭადრაკე გახლდით, არაერთ ოლიმპიადაზე დამიცავს ჩემი ქვეყნის ღირსება და კარგად ვიცი რა სჭირდება მოჭადრაკეს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად. მე, როგორც 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ, რათა ოლიმპიადის მონაწილეებმა, მწვრთნელებმა, მსაჯებმა და ოფიციალურმა პირებმა ბათუმის სპორტის სასახლეში თავი კომფორტულად იგრძნონ.
მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, რომელმაც თავის წვლილი შეიტანა და შეაქვს ოლიმპიადის სათანადოდ ორგანიზებაში: საქართველოს მთავრობას, საორგანიზაციო კომიტეტს, სპონსორებს, მოხალისეებს.
ვიმედოვნებ, ბათუმში გატარებული დღეები ყველასთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება. გისურვებთ წარმატებებს“!

ლაშა გოდუაძე, ბლექ სი არენა, დაბა შეკვეთილი (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian