ბათუმი 2018: II ტური

ბათუმი 2018-ის II ტურში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების ვაჟთა ნაკრები, ვინც ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, საქართველოს ვაჟთა მე-3 ოთხეულს დაუპირისპირდა.

ამერიკელებმა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დიდი ძალისხმევით გაიმარჯვეს – 2,5:1,5, არადა სპეციალისტები ფავორიტებს, საფეხბურთო ტერმინოლოგიას რომ დავესესხოთ, იოლ გასეირნებას უწინასწარმეტყველებდნენ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის ოლიმპიადაზე პირველად ითამაშა ამერიკელთა ლიდერმა ფაბიანო კარუანამ, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი გახლავთ.

ამერიკელმა დიდოსტატმა, რომლის რეიტინგი სადღეისოდ ძალიან შთამბეჭდავია – 2827, საერთაშორისო ოსტატის ნოე თუთისანის (2471) წინააღმდეგობა ვერ დაძლია – ყაიმი. ამ დაპირისპირებაში პირველი სიმბოლური სვლა 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩმა, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა შეასრულა.

თუთისანის მსგავსად, ყაიმით დაასრულეს პარტიები ნიკოლოზ პეტრიაშვილმა (სემუელ შენკლენდთან, 2722) და ნიკოლოზ კაჭარავამ (რეი რობსონთან, 2682). ამერიკელთაგან მხოლოდ უესლი სომ გაიმარჯვა. მეორე დაფაზე დიდოსტატმა, რომლის რეიტინგი ასევე შთამბეჭდავია – 2776, თეთრი ფიგურებით სძლია ლუკა ობოლაძეს.

მარცხი არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ წაგებიდანაც შეიძლება სარგებლის მიღება. განსაკუთრებით, როცა მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.

ბათუმი 2018-ზე ვაჟთა შორის მე-2 ნომრად განთესილმა რუსეთმა (სერგეი კარიაკინი, იან ნეპომნიაშჩი, ნიკიტა ვიტიუგოვი, დმიტრი იაკოვენკო) ირლანდიას (66) სძლია – 3:1, ოლიმპიადის კიდევ ერთმა ფავორიტმა ჩინეთმა კი 3,5:0,5 აჯობა კოლუმბიას.

დღეს ოლიმპიადაზე პირველად ითამაშა ლეგენდარულმა ინდოელმა დიდოსტატმა, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა ვიშვანათან ანანდმა (2771, გუშინ ის ისვენებდა). სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ავსტრიელ მარკუს რაგერს (2686) მოუგო, ოლიმპიადაზე მე-5 ნომრად განთესილმა ინდოეთმა კი 3,5:0,5 სძლია მეტოქეს.

კიდევ ერთმა ფავორიტმა აზერბაიჯანმა (შახრიარ მამედიაროვი, ტეიმურ რაჯაბოვი, არკადი ნაიდიჩი, რაუდ მამედოვი) 3:1 მოუგო იტალიას.

საქართველოს II ნაკრებმა 2,5:1,5 გაიმარჯვა დანიასთან, საქართველოს საუკეთესო ოთხეულმა კი ფრედ 2:2 ითამაშა ნორვეგიასთან: ბაადურ ჯობავას არყოფნაში I დაფაზე გადანაცვლებული მიხეილ მჭედლიშვილი ერიან ტარისთან დამარცხდა, ივან ჩეპარინოვმა (II დაფა) ფროდე ოლავ ოლსენ ურკედალს სძლია, ლევან ფანცულაიამ (იოჰან-სებასტიან ქრისტიანსენთან) და დავით ჯოჯუამ კი (იოჰან სალომონთან) პარტიები ყაიმით დაასრულეს.

მოულოდნელი შედეგის გარეშე არც ქალთა ტურნირს ჩაუვლია: ფავორიტი რუსეთის მარცხი უზბეკეთთან – 1,5:2,5 – ბათუმი 2018-ის ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობად უნდა ჩაითვალოს.

რუსეთის ქალთა ოთხეული – ალექსანდრა კოსტენიუკი, ალექსანდრა გორიაჩკინა, ვალენტინა გუნინა, ნატალია პოგონინა – ოლიმპიადის პირველი ნომერია, მეტოქე კი 31-ე ნომრად გახლავთ განთესილი. ამის მიუხედავად, ფავორიტებმა პარტია ვერ მოიგეს: კოსტენიუკმა, გორიაჩკინამ და გუნინამ ქულები გაიყვეს, თეთრი ფიგურებით მოთამაშე პოგონინა კი ნოდირა ნადირიანოვასთან ვერაფერს გახდა.

კონკურენტის მარცხით უმალ ისარგებლეს ქალთა მე-2 ნომერმა უკრაინამ (თურქმენეთთან 2,5:1,5) და მე-3 ნომრად განთესილმა ჩინეთმა. აზიელებმა 3:1 მოუგეს კოლუმბიელებს.

საქართველოს ქალთა სამმა ნაკრებმა კი ამჯერად ყველა მატჩის მოგება ვერ მოახერხა: პირველმა ოთხეულმა შთამბეჭდავად, 4:0 სძლია ნორვეგიას; მეორე გუნდმა სკანდინავიის მეორე წარმომადგენელი შვედეთი დაამარცხა – 3,5:0,5, მესამე ნაკრებმა კი, რომელიც ბათუმში 59-ე ნომრადაა განთესილი, რეიტინგში მე-9 ადგილზე მყოფ გერმანიასთან გაიყო ქულები – 2:2.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 25 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian