ბათუმი 2018: III ტური

ოლიმპიადის მესამე დღე მამაკაცთა ტურნირის ფავორიტებისთვის წარმატებული გამოდგა – რეიტინგის მოწინავე სამეულიდან ყველამ გაიმარჯვა: ამერიკელებმა დაუმარცხებლად მიმავალ ნიდერლანდელებს, ჩინელებმა კი ასევე მშვენივრად მოასპარეზე პერუელებს ერთნაირი ანგარიშით – 3:1 სძლიეს, რუსეთის გუნდმა კი ქულით მოუგო საქართველოს II ნაკრებს – 2,5:1,5.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტმა, ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ, რომელმაც წელს რამდენიმე ტურნირში გაიმარჯვა, ზედიზედ მეორედ გაუყო ქულა მეტოქეს – ამჯერად ანიშ გირის. შეგახსენებთ: ამერიკელმა დიდოსტატმა გუშინ საქართველოს III ნაკრების ლიდერის, ნოე თუთისანის დამარცხება ვერ შეძლო.

კარუანას მსგავსად ყაიმით დაასრულა პარტია მე-3 ნომერმა ჰიკარუ ნაკამურამ. ლუკ ვან ველის წინააღმდეგ ნაკამურამ, ისევე როგორც კარუანამ გირისთან, შავი ფიგურებით ითამაშა. ამერიკის ნაკრებს 2 ქულა უესლი სომ და სემუელ შენკლენდმა მოუტანეს, რომლებმაც, შესაბამისად, ერვინ ლამი და იორდენ ვან ფორეესტი დაამარცხეს.

ჩინელთა ოთხეულიდან მხოლოდ იუ ვეი დამარცხდა. მე-3 დაფაზე შავი ფიგურებით მოთამაშე დიდოსტატს, რომლის რეიტინგი შთამბეჭდავია – 2742, ხორხე კორიმ (2664) აჯობა. ჩინეთის ნაკრების დანარჩენმა წევრებმა პარტიები თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს: გუნდის ლიდერმა ლირენ დინმა (2804) ემილიო კორდოვას აჯობა, იანხუი იუმ დეივი ვერა სიხენასს სძლია, ჩაო ლიმ კი კრისტიან კრუსი დაამარცხა.

რეიტინგის მე-2 ნომერმა რუსეთმა მხოლოდ ქულით სძლია ოლიმპიადის მასპინძელთა მეორე გუნდს: სერგეი კარიაკინმა პირველ დაფაზე, იან ნეპომნიაშჩიმ მეორეზე და ნიკიტა ვიტიუგოვმა მეოთხეზე ყაიმი ითამაშეს და მხოლოდ 43 წლის დიდოსტატმა ვლადიმირ კრამნიკმა მოიგო. მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა, რომელიც ოლიმპიადების 3-გზის გამარჯვებული გახლავთ, შავი ფიგურებით სძლია ირაკლი ბერაძეს.

კვლავ შთამბეჭდავად მოიგო საფრანგეთის ოთხეულმა: მაქსიმ ვაშიე-ლაგრავიმ, ეტიენ ბაკრომ და კრისტიან ბაუერმა ალჟირელი მოწინააღმდეგეები დააშამათეს, ლორენ ფრესინემ კი ადლანე არაბთან გაიყო ქულა.

ქალთა რეიტინგის ლიდერი რუსეთი, რომელიც II ტურში მოულოდნელად დამარცხდა უზბეკეთთან, მალაიზიის ნაკრებთან მატჩს მთელი გულისყურით მოეკიდა და შთამბეჭდავად გაიმარჯვა: ალექსანდრა კოსტენიუკმა, ალექსანდრა გორიაჩკინამ, ვალენტინა გუნინამ და ოლგა გირიამ მოწინააღმდეგეებს შანსი არ დაუტოვეს – 4:0.

რუმინეთთან 3:1 გაიმარჯვა ოლიმპიადის კიდევ ერთმა ფავორიტმა უკრაინამ, რეიტინგის მე-3 საფეხურზე მდგარმა ჩინეთმა კი 3,5:0,5 აჯობა კუბის ოთხეულს. ჩინელთაგან მხოლოდ მე-4 დაფაზე გამწესებულმა ტინჟიე ლეიმ (2468) ვერ მოიგო.

ინდოეთის ნაკრები, რომელმაც საწყის 2 ტურში უდანაკარგოდ გაიმარჯვა, დღეს სერბეთთან მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2. I და II დაფებზე ინდოელებმა მოიგეს (ჰამპი კონერუმ იოვანა რაპორტთან, ჰარიკა დრონავალიმ კი იოვანა ერიკთან), III და IV დაფებზე კი პირიქით, სერბებმა გაიმარჯვეს: ადელა ველიკიჩმა თეთრი ფიგურებით სძლია ეეშა კარავადეს, შავი ფიგურებით მოთამაშე ტეოდორა ინიაცმა კი რუტ პადმინი დაამარცხა.

ინდოეთის ნაკრების მსგავსად, საწყის 2 ტურში უდანაკარგოდ გაიმარჯვა აზერბაიჯანმაც, რომელმაც დღეს ინგლისელთა ოთხეულს 3:1 მოუგო. რომ არა პირველ დაფაზე გუნდის ლიდერის გიუნაი მამადზადას მარცხი იოვანკა ჰუსკასთან, აზერბაიჯანელები კვლავ ოთხივე პარტიას თავის სასარგებლოდ დაასრულებდნენ.

III ტურში ისევ მშვენივრად იასპარეზა ვიეტნამმა – აზიელებმა ლიეტუველებს 3,5:0,5 სძლიეს…

საჭადრაკო პარტიების პარალელურად, ოლიმპიადის საგამოფენო სივრცეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის ზურაბ აზმაიფარაშვილის პროგრამის და გუნდის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ოფიციალური პირები და ოლიმპიადის მონაწილე ნაკრები გუნდების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ზურაბ აზმაიფარაშვილმა, რომელიც მეოთხე წელია ევროპის საჭადრაკო კავშირს ხელმძღვანელობს, თანაგუნდელებთან: გენერალური მდივნობის კანდიდატ თოდოროს ცორბაცოღლუსთან და პირველ ვიცე-პრეზიდენტად დასახელებულ გუნარ ბიორნსონთან ერთად განვლილი პერიოდი შეაჯამა და მომავალ გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.

„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მობრძანებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან ვთვლი, რომ ჩემ გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის ახალი სლოგანიც: გასაკეთებელი კიდევ ბევრია! თქვენ იცნობთ პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი. დარწმუნებული ვარ ევროპის ერთიანი საჭადრაკო ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში უკეთესი წლები გვექნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემ გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. დარწმუნებული ვარ არჩევნების შემდეგ, მომდევნო 4 წელიწადში ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ“, – განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 26 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian