ბათუმი 2018: ინტერვიუ გეორგიოს მაკროპულოსთან

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. სპორტული ასპარეზობების გარდა ბათუმში ფიდეს არჩევნებიც გაიმართება: ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ახალ პრეზიდენტს დელეგატები 3 ოქტომბერს აირჩევენ.
ფიდეს დღეს ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი მეთაურობს, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ. გეცოდინებათ: ფიდეს რუსი პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (ის 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მსოფლიო ჭადრაკის მმართველ ორგანიზაციას) ორი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა და უფლება-მოვალეობები შეუჩერდა.
ილუმჟინოვის ხსენებულ სიაში შეყვანის გამო ფიდეს არაერთი პრობლემა შეექმნა, განსაკუთრებით ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიებთან. ისინი, რუს ფუნქციონერთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებამდე, თანამშრომლობის გაგრძელებას უარობენ.
ამ და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი ფიდეს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ გეორგიოს მაკროპულოსს ესაუბრა. ბერძენი მაღალჩინოსანი თბილისს ახლახანს, ბათუმი 2018-ის ოფიციალური პრეზენტაციის დღეებში ესტუმრა.

 

კმაყოფილი ხართ ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობით?
შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, თუმცა მართალი გითხრათ, რამდენიმე თვის წინ ვნერვიულობდი. განსაკუთრებით მაფიქრებდა დარბაზი, მაგრამ ვიცი, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა ყველაფერი მოაგვარა და ის გეგმის მიხედვით შენდება. კარგია, რომ ოლიმპიადის დღეებში დამატებითი დარბაზიც იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე კმაყოფილი ვარ სასტუმროებითაც და ზოგადად, საორგანიზაციო საკითხებს მცოდნე ხალხი კურირებს, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას მაძლევს. ბათუმზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას: ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ეს დაახლოებით 12 წლის წინ იყო, ქალაქმა დიდი პროგრესი განიცადა. ნანახით აღფრთოვანებული დავრჩი, თვალებს არ ვუჯერებდი!

ოლიმპიადის მსვლელობისას, 3 ოქტომბერს, ბათუმში ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 7-8 აპრილს მინსკში, საპრეზიდენტო ბორდის სხდომის პარალელურად, თქვენ ფიდე-ს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდით. ჩვენი ინფორმაციით, ბორდის იქ მყოფი 15 წევრიდან 14მა თქვენ მხარი დაგიჭირათ. როდის გეგმავთ თქვენი კანდიდატურის ოფიციალურ წარდგენას?
ჩემმა გუნდმა უკვე დაიწყო ოფიციალური წარდგენისთვის მუშაობა. უახლოეს დღეებში ფიდეს წევრ ჭადრაკის ფედერაციებს და დელეგატებს ოფიციალური წერილით შევატყობინებ გადაწყვეტილებას. ავუხსნი, თუ რატომ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობას.

ვის მოიაზრებთ გუნდში? როგორია თქვენი გეგმა? რას აპირებთ ჭადრაკის განვითარებისა და წინსვლისთვის?
ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ გუნდში რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი, ასევე ახალი სახე იქნება. ახლებიდან ერთ-ერთს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც შევთავაზებ. მოკლედ რომ ვთქვა, ცვლილებები მოხდება. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს, მათ განხორციელებას კი ახალი შემართება სჭირდება. რაც შეეხება გეგმებს, ვფიქრობ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ორი მთავარი საკითხი უნდა მოვაგვაროთ. პირველი ინტერნეტია. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი, მაღალი დონის ინტერნეტ-პროდუქტი, რომლითაც ჭადრაკში მეტ ადამიანს მოვიზიდავთ,  მათ შორის სპონსორებსაც. მეორე, ესაა სპეციალური, ერთიანი პროგრამა პირობითი სახელწოდებით „ჭადრაკი სკოლებში“. თქვენ იცით, რომ მსგავსი პროექტები უკვე ხორციელდება: ფიდეს თავისი აქვს, ესკ-ს – თავისი, გარი კასპაროვი საერთოდ ცალკეა… ჩემი სურვილია, რომ ეს პროექტები გაერთიანდეს და მათი მენეჯმენტი ერთმა ორგანიზაციამ განახორციელოს. მინდა, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება ვნახოთ. თუ ასე მოხდა, ყველა მოიგებს, პირველ რიგში კი ჭადრაკი.

რა არის ის 3 მთავარი გამოწვევა, რასაც ფიდეს ახალი ხელმძღვანელი და მისი გუნდი უნდა გაუმკლავდეს?
მთავარი ამოცანა ნდობის მოპოვებაა. ნათელია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ სიტუაცია არასახარბიელოა, სპონსორები თანამშრომლობაზე ფეხს ითრევენ… ამერიკის შეერთებული შტატების იმ სანქციებმა, რაც ფიდეს პრეზიდენტს შეეხო, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დააზარალა. თუმცა, მხოლოდ სანქციებს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს: კირსან ილუმჟინოვის არაერთმა ნაბიჯმაც უარყოფითი შედეგი მოგვიტანა. ნდობა – ესაა პირველი მთავარი გამოწვევა. მეორე ფინანსური საკითხების მოგვარებაა. სანქციების შემდეგ, როცა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები გადავიბარე, ფიდეს ფინანსური მდგომარეობა ძალიან რთული იყო. ჩვენ გაკოტრების წინაშე ვიდექით, მაგრამ განვლილი დროის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მესამე გამოწვევად კი ფიდეს სტაბილურობა მიმაჩნია. ჩვენ ძალიან დავზარალდით… მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ვთვლი, რომ ილუმჟინოვი ფიდეს ვერ მოუტანს სტაბილურობას და სიმშვიდეს. მას ბევრი პრობლემა აქვს… მოკლედ რომ ვთქვა, სამ მთავარ გამოწვევად ნდობის დაბრუნებას, ფინანსურ კეთილდღეობას და სტაბილურობას მივიჩნევ.

თუ ფიდეს სათავეში თქვენ გუნდთან ერთად მოხვედით, რა დრო დაგჭირდებათ არსებული პრობლემების გადასაჭრელად?
ვადის დასახელებას მოვერიდები, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებას პირველი დღიდანვე ვეცდები. არ მიყვარს შთაბეჭდილების მოსახდენად გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები ან მილიარდებზე საუბარი. არც საბერძნეთის ჭადრაკის ფედერაციაში მუშაობისას და მით უმეტეს, არც ფიდეში, არავისთვის მითქვამს ის, რასაც ვერ გავაკეთებდი. ხმაურიან დაპირებებს ჩუმად მუშაობა მირჩევნია.

არაერთხელ განაცხადეთ, რომ ფიდეს პრეზიდენტი საჭადრაკო ოჯახისთვის ერთხმად მისაღები, სამაგალითო ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. საპრეზიდენტო კანდიდატებად განიხილებოდნენ აზიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სულთან ბინ ხალიფა ალ ნაჰაიანი და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი. მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატად საბოლოოდ თქვენ დასახელდით. რატომ თქვენ და არა ისინი?
იცით, პირადად მე კირსან ილუმჟინოვს მამედოვზე და ალ ნაჰაიანზე ადრე რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ანდრეი ფილატოვის კანდიდატურა შევთავაზე, ასევე კიდევ რამდენიმე ადამიანის. კირსანმა კი ყველა ვარიანტი იუარა – მან ყველა დაბლოკა! მეტიც: ყველას, ვინც მის მოსაზრებებს და ხედვებს არ დაეთანხმა, ლამის ომი გამოუცხადა. მაგალითად იგივე ფილატოვს… რაც შეეხება კანდიდატად ჩემს დასახელებას, ბორდმა, ასევე არაერთი ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციის ხელმძღვანელმა მთხოვა ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ შევთანხმდით მთავარზე: რომ კირსან ილუმჟინოვს საპრეზიდენტო არჩევნების მოგების საშუალება არ უნდა მივცეთ.

თქვენს შანსებს როგორ აფასებთ?
ვფიქრობ, ევროპელები და ამერიკელები მხარს მიჭერენ, ასევე აზიის ბევრი ქვეყანა. რაც შეეხება კირსან ილუმჟინოვს, მას, სავარაუდოდ, აფრიკელთა მხარდაჭერის იმედი ექნება. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მას, თუ ფიდეს პრეზიდენტობა სურს, დიდი ფულის დახარჯვა, ფედერაციების მოქრთამვა მოუწევს. არჩევნებში 181 დელეგატი მონაწილეობს, თუმცა ვთვლი, რომ ფინანსური ჩარევის გარეშე მას 15 ხმაზე მეტის მოპოვება გაუჭირდება. ილუმჟინოვმა ეს კარგად იცის. და ამიტომაცაა, რომ რუსეთში რაღაც ხმებს ავრცელებს, თითქოს მის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს უკან ამერიკელები, ფედერალური გამოძიების ბიურო და გარი კასპაროვი დგანან. ვხვდებით, რომ მსგავსი ნაბიჯებით ის არჩევნებისთვის თანხის მოძიებას ცდილობს, თუმცა ეს უხეში შეცდომაა, სხვა არაფერი. მიმაჩნია, რომ თავის საქციელით ის ცუდ სამსახურს უწევს როგორც რუსეთს, ასევე პრეზიდენტ პუტინს. მეეჭვება, რომ რუსეთში ვინმეს სურდეს სპორტთან დაკავშირებული კიდევ ერთი სკანდალი. ილუმჟინოვი სახიფათო გზას ადგას და ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან გონს მოეგება და მიხვდება, რომ ასეთი საქციელით მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიაში ილუმჟინოვის შეყვანის შემდეგ რთული სიტუაციაა შექმნილი ფიდეს საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით. ეს პროცესი ორ წელზე მეტია გრძელდება. საინტერესოა, ფინანსური კუთხით როგორი სიტუაცია იყო მაშინ, როცა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები გადაიბარეთ და რა ხდება ახლა?
ამ თემას თავშიც შევეხე… უსიამოვნო სიტუაცია გვქონდა, მაგრამ ახლა ფინანსური კუთხით ყველაფერი რიგზეა. მაგრამ პრეზიდენტთან დაკავშირებული სანქციების გამო ახალი პრობლემა გვაქვს ბანკებთან – UBS-მა ჩვენი ანგარიში დახურა. არც შვეიცარიის სხვა ბანკებთან მოლაპარაკებამ გამოიღო სასურველი შედეგი. სხვათა შორის, ერთ-ერთ ქართულ ბანკსაც შევხვდით ფიდეს ანგარიშის გახსნის თაობაზე… ჩვენ შეგვიძლია ახალი ანგარიში გავხსნათ რუსეთში, თუმცა ბანკის, ოფისის და ლამის ყველაფრის რუსეთში გადატანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ილუმჟინოვი ამ ქვეყანას წარმოადგენს, გამოსავალი ნამდვილად არაა. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და ერთნაირი პატივისცემა გვჭირდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ფიდე არ უნდა იქცეს კავშირად, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარდამჭერი ეყოლება.

ცოტა ხნის წინ კი UBSმა ფიდეს ანგარიშის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საპრეზიდენტო ბორდის შეხვედრაზე ფიდეს ხაზინადარმა ადრიან სიგელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ნაიჯელ ფრიმენმა განაცხადეს, რომ თუ 30 აპრილამდე ილუმჟინოვთან დაკავშირებით სიტუაცია არ მოგვარდა, ბანკი ორგანიზაციის ანგარიშს დახურავს. ცნობილია UBSის პოზიციაც: ბანკი საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოცდას არ აპირებს. რთული სიტუაციაა სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირებითაც, რომელიც ფიდესთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება. გეგმავთ თუ არა ბანკებთან და სადაზღვევო კომპანიასთან დამატებით მოლაპარაკებას?
მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. ვცდილობთ დავარწმუნოთ ისინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე შეუფერხებლად ვითანამშრომლოთ. გვჯერა, რომ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ყველა პრობლემა იოლად მოგვარდება. რთული სიტუაციაა, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ყველა საკითხი დალაგდეს და ფიდეს საქმიანობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს… კირსან ილუმჟინოვს სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ გადადგომისკენ. თუ ის თანამდებობას დატოვებს, ბანკებთან დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრება. მაგრამ იცით, მას ეს არ სურს. ჩემთვის უსიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ კირსანს არ აღელვებს ფიდეს ბედი. მას არ აინტერესებს რა მოუვა ფიდეს, როცა ის პრეზიდენტი აღარ იქნება. მისი დღევანდელი პოზიციით მე კი არა, ყველა გაოცებულია. ჩვენ მას ვიცნობდით კაცად, რომელიც საკუთარ თანხებს ხარჯავდა ჭადრაკის, ფიდეს მხარდასაჭერად, დღეს კი… ფიდეში ვგრძნობდით, რომ ეს დღე დადგებოდა, ვცდილობდით მის დარწმუნებას, მაგრამ არაფერი შეიცვალა. პრეზიდენტს ფიდეს ბედი არ აღელვებს. ცხადია, ეს ძალიან ცუდია და გულდასაწყვეტია.

ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ ხმები ფიდეს საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ განცხადების საპასუხოდ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელ გელფერმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელიც ფიდეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გიპასუხათ თუ არა რაიმე სახით ილუმჟინოვმა?
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ილუმჟინოვს ისრაელ გელფერისთვის არ უპასუხია. მისი პოზიცია კარგად ვიცით: ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და თავის მოსაზრებებს აჟღერებს. ცუდი ისაა, რომ ის თავად იგონებს საოცარ ამბებს. მის მიერ ნათქვამი თითოეული წინადადება სიცრუეზეა აგებული. იმ კაცისგან, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფიდეს, ეს, ცხადია, ძალიან სამწუხაროა. ვერც იმას გეტყვით, თუ რას ემსახურება მისი ცრუ განცხადებები.

7-8 აპრილს, მინსკში გამართული სხდომის შემდეგ, საპრეზიდენტო ბორდმა  ფიდეს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. ოფიციალური წერილით მიმართვის გარდა, თქვენ, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირადად თუ ესაუბრეთ მას?
არა, პირადად არ მისაუბრია, მაგრამ მინსკში მის თანაშემწეს შევხვდი. ვიმედოვნებ, ილუმჟინოვს ზუსტად გადასცეს ჩემი სიტყვები. ჩვენი მოწოდების მიუხედავად, მისი პოზიცია ცნობილია – ის კვლავ აპირებს თანამდებობისთვის ბრძოლას. თუმცა რის იმედი აქვს, ვერ გეტყვით. ალბათ სასწაულის.

იმ შემთხვევაში, თუ ბორდის მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტმა თანამდებობა არ დატოვა, რას მოიმოქმედებს ფიდე?
არაფერს. ფიდემ ყველა საჭირო ნაბიჯი უკვე გადადგა. ახლა ისღა დაგვრჩენია არჩევნებს დაველოდოთ. თუმცა, აქვე მსურს განვაცხადო, რომ ამ უსიამოვნო სიტუაციის მიუხედავად, ფიდე ითვალისწინებს ილუმჟინოვის ყველა დამსახურებას. პატივისცემით ვეკიდებით მის პოზიციას. გულდასაწყვეტი ისაა, რომ მისგან ვერ ვხედავთ საპასუხო ნაბიჯს. ჩვენ, ის ხალხი, ვინც მხარს ვუჭერდით მას 1996 წლიდან დაწყებული, ვეუბნებით, რომ გადადგეს თანამდებობიდან, არ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში… მას არ ესმის ჩვენი! ფიქრობს, რომ ყველანი გავგიჟდით! არაერთხელ ვუთხარით, რომ ფიდესთან დაკავშირებული სიტუაციის გაიგივება ოლიმპიურ დოპინგ-სკანდალთან ან ლონდონში ყოფილი აგენტის მოწამვლასთან, გნებავთ უკრაინასთან ან სირიასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებთან არ შეიძლება, ეს დაუშვებელია! მაგრამ მას არ ესმის ჩვენი! ერთსაც გეტყვით: მთავარი მიზეზი, რის გამოც მან მეგობრები დაკარგა, სულაც არაა ამერიკის სანქციები. მიზეზი სხვაა: მან პირადი, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ფიდეს გამოყენება დაიწყო, ამას კი ვერავინ შეეგუება!

ილუმჟინოვმა ისიც განაცხადა, რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეთ ფიდეს სახსრები. რით უპასუხებთ ამ განცხადებას?
როცა მის მიერ გავრცელებული ცრუ ხმები ვახსენე, ეს ისტორიაც ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ის ამბებს იგონებს, რომელსაც დროდადრო მისი მხარდამჭერები აიტაცებენ ხოლმე. საბედნიეროდ, ჩემთან დაკავშირებულ ამბავზე ფიდე დეტალურადაა ინფორმირებული, ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე და კითხვები აღარ არსებობს… იცით, წლების წინ ჯერ კარპოვმა, შემდეგ კი შიროვმა ილუმჟინოვს მითომანიაკი უწოდეს. მას ნამდვილად აქვს ეს პრობლემა: გამოიგონებს რაღაც ამბავს და შემდეგ იჯერებს, თითქოს ნაღდია. და დღეს ის ასობით ასეთ ამბავს იგონებს! მან უნდა გააცნობიეროს, რომ ახლა სხვა სიტუაციაა და ასეთი გზით თავის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ის გულახდილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო გაიუარესებს მდგომარეობას.

ფიდემ მოსკოვის ოფისის დახურვის გადაწყვეტილებაც მიიღო. ოფისი საბოლოოდ იხურება თუ პრეზიდენტთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებამდე?
ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. ჩვენ არ გვსურს, რომ ვინმემ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს ფიდეს ოფისი. ვთვლით, რომ ასეთი რამ დაუშვებელია. მესმის, რომ ამ გადაწყვეტილებით ხალხი დაზარალდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა.

ესაუბრა ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 27 აპრილი)
ფოტო:
ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian