ბათუმი 2018: ისტორიული დღე ჭადრაკის სამყაროში
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივ ღონისძიებას „ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“ თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ღვინის ქარხანამ უმასპინძლა.
დღის კულმინაციად იქცა საჭადრაკო დაპირისპირება მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ ნონა გაფრინდაშვილსა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილს შორის: „მეტოქეებმა“ ღვინით სავსე ჭიქებით ითამაშეს, რომლებსაც საჭადრაკო ფიგურების აღმნიშვნელი სტიკერი ჰქონდა დაკრული, ყოველი „მოკლული ფიგურის“ შემდეგ კი ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ აზმაიფარაშვილი სპეციალურ სადღეგრძელოს ამბობდნენ. ღონისძიების სპონსორი მეღვინეობა ხარება გახლდათ.
ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩს ნონა გაფრინდაშვილს და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორს ზურაბ აზმაიფარაშვილს საჭადრაკო პაექრობაში სტუმრები: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი; ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და სხვები ეხმარებოდნენ. უჩვეულო პაექრობა ყაიმით დასრულდა.
„სულ ცოტა დრო რჩება საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე და ჩვენ, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ვცდილობთ სხვადასხვა ღონისძიებით და აქტივობით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შევატყობინოთ ამ მნიშვნელოვანი და უდიდესი სპორტული შეჯიბრის შესახებ. მიხარია, რომ ამდენი სტუმარი გვყავს. დარწმუნებული ვარ, დღეს ყველა თქვენგანი კმაყოფილი დარჩება“! – განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ მატჩის დაწყების წინ.
მანვე სპეციალური პრიზი გადასცა ეროვნული ნაკრები გუნდების სამოსის კონკურსში გამარჯვებულ მარიამ ლორთქიფანიძეს, რომლის ესკიზებმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების სტუმრებს სამოსის ესკიზების დათვალიერებაც შეეძლოთ.
დღესვე გაიმართა მოყვარულთა ტურნირი, რომელშიც მწერლები და სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ჩემპიონის ტიტული, თასი და მთავარი პრიზი ზაქრო ინწკირველმა მოიპოვა. ის მაისში, ქობულეთში გამართულ მედია-ტურნირზე მეორე იყო. ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემია საბას ორგზის ლაურეატი, მწერალი ლევან ბრეგაძე, მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი კი ფილოლოგს, თბილისის 24-ე საშუალო სკოლის დირექტორს გია მურღულიას ერგო.
„დღევანდელმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი მოყვარულ მოჭადრაკეებს მუდმივად საინტერესო ღონისძიებებს გვთავაზობს და ეს დასაფასებელია. ვიმედოვნებ, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები ოლიმპიადაზე კარგად იასპარეზებენ და ქომაგებს გაახარებენ“, – განაცხადა ზაქრო ინწკირველმა.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ასევე განაგრძობს ნონას თასის საქართველოს ქალაქებში გამოფენას. 4, 5 და 6 აგვისტოს საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი იმერეთსა და რაჭაში – ქუთაისში, საჩხერესა და ამბროლაურში გამოიფინება.
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ბათუმმა ეს უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში გამართულ ფიდეს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი – 58.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 31 ივლისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი