ბათუმი 2018: IV ტური

საფრანგეთის ნაკრები, რომელიც 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 3 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა (დამატებითი მაჩვენებლით), მე-8 ადგილზე დამკვიდრებულ ვიეტნამის ნაკრებს I დაფაზე გაეჯიბრა.

ფრანგებმა მოიგეს, თუმცა არცთუ იოლად – 2,5:1,5. I, II და III დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ IV დაფაზე გაიმარჯვა კრისტიან ბაუერმა, რომელმაც შავი ფიგურებით მოთამაშე ან ხოი ნგუენი დაამარცხა.

ტურის და, ალბათ, ოლიმპიადის ერთ-ერთი გამორჩეული პაექრობა კი III დაფაზე ვიხილეთ: მოქმედმა ჩემპიონმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა 3 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზე დამკვიდრებულ ინდოეთს 2,5:1,5 სძლია.

ამერიკელებს გამარჯვება ფაბიანო კარუანამ მოუტანა, რომელმაც მსოფლიოს ექს-ჩემპიონს, სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩს ვიშვანათან ანანდს I დაფაზე სძლია. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

კარუანასთვის ეს ამ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვებაა: საწყის ტურში მას არ უთამაშია, მომდევნო ორ დღეს კი ჯერ საქართველოს მე-2 ნაკრების წევრ ნოე თუთისანთან გაიყო ქულა, ხოლო გუშინ ნიდერლანდელ ანიშ გირისთან.

მე-4 სათამაშო დღის მთავარ მოულოდნელობად ოლიმპიადაზე მე-2 ნომრად განთესილი რუსეთის ოთხეულის პოლონეთთან მარცხი უნდა მივიჩნიოთ – 1,5:2,5. თავდაპირველად რუსეთი დაწინაურდა: I დაფაზე სერგეი კარიაკინმა და იან კრჟიშტოფ დუდამ გაიყვეს ქულა, II დაფაზე კი იან ნეპომნიაშჩიმ რადოსლავ ვოიტაშეკს მოუგო – 0,5:1,5 – თუმცა, III და IV დაფებზე შედარებით გვიან დასრულებული ორივე პარტია პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა: იაცეკ ტომჩაკმა ვლადიმირ კრამნიკს სძლია, შავი ფიგურებით მოთამაშე კამილ დრაგუნმა კი დმიტრი იაკოვენკო დააშამათა.

ის, რომ პოლონეთის ნაკრებმა ოთხივე ტურში გაიმარჯვა და სადღეისოდ ლიდერთა შორისაა, დიდწილად სწორედ იაცეკ ტომჩაკის და კამილ დრაგუნის დამსახურებაა. ორივემ ყველა პარტია მოიგო: ტომჩაკმა სამიდან სამი, დრაგუნმა – ოთხიდან ოთხი!

ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა ისრაელმა, რომელმაც შვედეთს სძლია – 3:1. მაქსიმ როდშტეინმა, ტამირ ნაბატიმ და ილია სმირინმა II, III და IV დაფებზე, შესაბამისად, ტიგერ ჰილარპ პერსონს, ჰანს ტიკანენს და ერიკ ბლომკვისტს სძლიეს, ხოლო I დაფაზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე ბორის გელფანდი მოულოდნელად დამარცხდა ნილს გრანდელიუსთან.

50 წლის გელფანდი, ვინც სხვადასხვა დროს 6-ჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის კანდიდატი, ბათუმი 2018-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე გახლავთ – ის მეთორმეტედ ასპარეზობს საჭადრაკო ოლიმპიადაზე! აქვე გეტყვით, რომ გელფანდის აქტივში 1990 წელს, ნოვი სადში, მისთვის სადებიუტო ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედალიცაა, თუმცა ის მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდა…

ქალთა შორის კვლავ მშვენივრად ასპარეზობს რეიტინგის მე-3 ნომერი ჩინეთი. ვენჟუნ ჟუს, იან შენის, კიან უანის და ტინჟიე ლეის ოთხეულმა უზბეკეთს სძლია – 3:1. ჩინელებმა I და II დაფებზე გაიმარჯვეს, დანარჩენი ორი პარტია კი ყაიმით დასრულდა.

სომხეთის ნაკრები 3 ტურის შემდეგ ჩინეთთან იყოფდა პირველ ადგილს. სომხებმა კვლავ მოიგეს, თუმცა იტალიასთან გაუჭირდათ – 2,5:1,5. I დაფაზე შავი ფიგურებით მოთამაშე ელინა დანიელიანმა ოლგა ზიმინას სძლია, ლილიტ მკრტჩიანმა ელენა სედინა დაამარცხა, III დაფაზე ანა სარქისიანს დეზირე დი ბენედეტოსთან მოეცარა ხელი, IV დაფაზე კი მარია კურსოვამ მარინა ბრუნელოსთან გაიყო ქულა.

მე-4 მატჩი მოიგო მონღოლეთმაც, ამჯერად ირანთან – 3:1. მიუხედავად იმისა, რომ I დაფაზე ბახტიაგ მუნგუნტუულმა ქულა გაუყო სარასადატ ხადემალშარიეს, მომდევნო დაფებზე კარგად დაწყებული საქმე მონღოლებმა გამარჯვებით დაასრულეს: დავაადემბერელ ნომინ-ერდენემ მიტრა ჰეიაზიპურს, ტურმუნხ მუნხზულმა მობინა ალინასაბს, ხოლო ტუვშინტუგს ბატჩიმეგმა მოტაჰარე ასადის სძლიეს.

შეუდარებლად ითამაშა უკრაინელ გოგონათა ოთხეულმა, რომელმაც სლოვენიას 4:0 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ეს ნაკრები დების, ანა და მარია მუზიჩუკების, ასევე ანა უშენინას და ლილია ოსმაკის შემადგენლობით ქალთა მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერია.

ხაზგასასმელია II დაფაზე მოასპარეზე მარია მუზიჩუკის და IV დაფაზე გამწესებული ლილია ოსმაკის სტატისტიკა: პირველმა სამიდან სამი პარტია მოიგო (მას II ტურში არ უთამაშია), ოსმაკმა კი ოთხიდან მესამედ დააშამათა მეტოქის მეფე (II ტურში მან ქულა გაუყო თურქმენ ლალა მოშრადოვას).

რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც II ტურში უზბეკეთთან მოულოდნელი წაგებით მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა, ზედიზედ მეორედ მოიგო, ამჯერად ისრაელთან – 3:1.

რუსთა ოთხეულიდან კვლავ ჩინებულად ითამაშეს ვალენტინა გუნინამ (II დაფა) და ოლგა გირიამ (IV დაფა). პირველმა მარსელ ეფროიმსკის სძლია და ბათუმში ნათამაშევი მე-4 პარტიიდან მე-3 მოიგო (ერთიც ყაიმი), გირიამ კი ოლგა გუტმახერს აჯობა და ასპროცენტიანი სვლა განაგრძო – სამიდან სამი ქულა. დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა.

ხვალ, 28 სექტემბერს V ტურის შეხვედრები გაიმართება, 29 სექტემბერს კი ოლიმპიადის მონაწილეები დაისვენებენ.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 27 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian