ბათუმი 2018: IX ტური

3 ოქტომბერი საჭადრაკო მოვლენებით გამორჩეულად დატვირთული გამოდგა: სასტუმრო შერატონში დილით დაწყებული ფიდეს 89-ე კონგრესი საღამოს ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტის, მოგვიანებით კი კონტინენტური საჭადრაკო კავშირების ხელმძღვანელების არჩევით დასრულდა, სპორტის სასახლეში პარალელურად მიმდინარე 43-ე ოლიმპიადის IX ტურმა კი არაერთი საინტერესო დაპირისპირება გვაჩუქა.

ფიდეს ახალი, რიგით მე-7 პრეზიდენტი რუსი არკადი დვორკოვიჩი გახდა, რომელმაც 103 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა ოპონენტმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბერძენმა დიდოსტატმა გეორგიოს მაკროპულოსმა 78 ხმა მიიღო.

აირჩიეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტიც: ზურაბ აზმაიფარაშვილი მეორე ვადით უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას. სასტუმრო ჰილტონში გამართულ არჩევნებში ის ერთადერთი კანდიდატი იყო და 50 დელეგატიდან 44-ის ხმა მიიღო.

რაც შეეხება დასასრულს მიახლოებულ ოლიმპიადას, მიმოხილვას, ტრადიციულად, ვაჟებით დავიწყებ: ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ბათუმი 2018-ის აღმოჩენას პოლონეთს დაუპირისპირდა. წინა წერილებში რამდენჯერმე ვთქვი, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ ამერიკელები ოლიმპიადაზე I ნომრად არიან განთესილი, პოლონეთი კი მეთერთმეტეა. მიუხედავად ამისა, 8 ტურის შემდეგ ამერიკა 15 ქულით ლიდერობდა, პოლონეთი კი 14 ქულით II ადგილზე იყო.

ლიდერთა მატჩი პოლონელთა გამარჯვებით დასრულდა – 2,5:1,5.

I დაფაზე იან-კრჟიშტოფ დუდა თეთრი ფიგურებით ფაბიანო კარუანას დაუპირისპირდა. ბათუმი 2018-ის გამორჩეული მოჭადრაკეები თითქმის 6-საათიანი ჭიდილის შემდეგ ყაიმზე შეთანხმდნენ.

20 წლის დუდა, ასაკის მიუხედავად, ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს პოლონელ მოჭადრაკედ ითვლება, სპეციალისტები კი ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ, შედარებით გაბედულები კი მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინსაც. ის 15 წლის ასაკში გახდა დიდოსტატი, ხოლო კარიერის გარიჟრაჟზე მსოფლიოს და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებშიც გაუმარჯვია.

გაზაფხულზე მან პირველად მოიგო პოლონეთის ჩემპიონის ტიტული: 9 პარტიიდან 4-ში გაიმარჯვა, 5 კი ყაიმით დაასრულა. დუდას დიდი გამარჯვებები წინ ელის, მისი დღევანდელი მეტოქე ფაბიანო კარუანა კი თითქმის ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ითამაშებს. მისი და ნორვეგიელი მაგნუს კარლსენის მატჩს 9-28 ნოემბერს ლონდონი უმასპინძლებს.

27 წლის სკანდინავიელი 2013 წლიდან ატარებს ფიდეს ჩემპიონის გვირგვინს, კარუანამ კი მასთან პაექრობის უფლება მარტში, ბერლინში გამართული პრეტენდენტთა ტურნირის მოგებით მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ თითქმის ერთი წლის წინ, 1-11 დეკემბერს, კარუანამ ლონდონის ჩეზ კლასიკში გაიმარჯვა. შეძლებს თუ არა წარმოშობით იტალიელი მოჭადრაკე მთავარი ტიტულის მოგებას, ამას მალე ვნახავთ.

8 ტურის შემდეგ 7 გუნდს ჰქონდა 13 ქულა. 6-მა ერთმანეთში ითამაშა: აზერბაიჯანი ჩინეთთან დამარცხდა – 1,5:2,5, ინდოეთი იგივე ანგარიშით სომხეთთან, გერმანიამ და საფრანგეთმა კი ქულები გაიყვეს – 2:2. და მხოლოდ ინგლისს ერგო „ქულანაკლული“ მეტოქე – ნორვეგია, რომელსაც 3:1 მოუგო.

ინდოეთი-სომხეთის პირველ სამ დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა. მე ლიდერების, ვიშვანათან ანანდის და ლევონ არონიანის პარტიას გამოვარჩევ, რადგან ორივე დიდოსტატისთვის ეს ზედიზედ მე-4 ყაიმი იყო (ისინი II ტურიდან შეუცვლელად თამაშობენ). აქვე გეტყვით, რომ ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა, მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა ანანდმა თეთრებით ითამაშა…

ქალთა შორის 14 ქულით ჩინელები და უკრაინელები ლიდერობდნენ. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩინეთმა წინა ტურში საქართველოს ქალთა I ნაკრების მძლეველი ყაზახეთი გამოსცადა და 3:1 გაიმარჯვა, უკრაინა კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდა – 2:2. არანაკლებ საინტერესო წყვილებმა ითამაშეს მომდევნო მაგიდებზე: ამერიკელები უნგრელებს შეხვდნენ, ხოლო სომხებმა ირანელები დაჯაბნეს – 3:1.

ბათუმი 2018-ის ქალთა ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ჩინეთმა III და IV დაფებზე მოთამაშე კიან უანის და ტინჟიე ლის ძალისხმევით მოიგო. უანმა შავებით დაამარცხა გულისხან ნახბაიევა (პირველი მარცხი), მეორემ კი თეთრებით სძლია გულმირა დაულეტოვას. I და II დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა. აქვე გეტყვით, რომ ჩინელთა III და IV ნომრები ბათუმში შეუცვლელად ასპარეზობენ – უანმა სადღეისოდ 6,5 ქულას მოუყარა თავი, ლი კი 7,5 ქულით შეეწია გუნდს.

უკრაინის და აზერბაიჯანის მატჩში – 2:2 – პირველად ის პარტიები დასრულდა, რომელშიც აზერბაიჯანელებმა თეთრი ფიგურებით ითამაშეს: I დაფაზე მოასპარეზე გუნაი მამაძადა ანა მუზიჩუკმა დაამარცხა, გულნარ მამადოვამ კი პირიქით, ანა უშენინას სძლია. მესამე შედეგი II დაფაზე გაირკვა: თეთრი ფიგურებით მოთამაშე მარია მუზიჩუკი ხანიმ ბელაიაევას დაუზავდა, სულ ბოლოს კი ულვია ფატალიევას და ლილია ოსმაკს შორის გათამაშებული პარტია დასრულდა – ყაიმი. სათქმელია, რომ ამ პარტიის და, შესაბამისად, მატჩის საბოლოო შედეგი მსაჯთა ჩარევის შემდეგ დადგინდა.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 3 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian