ბათუმი 2018: მედია-ტურნირი გოჩა თანდარაშვილმა მოიგო

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ 11-12 მაისს ორგანიზებული მედია-ტურნირი ბათუმი 2018 კომედი არხის წარმომადგენლის გოჩა თანდარაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონმა 7 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა და დაუმარცხებლად მოიპოვა პირველი ადგილი.

„მადლობას ვუხდი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, ბათუმის ოლიმპიადის და ამ მედიატურნირის საორგანიზაციო კომიტეტს ძალიან ლამაზი და საინტერესო შეჯიბრების ჩატარებისთვის. გულახდილად ვიტყვი: ჩემპიონობაზე არ მიფიქრია, თუმცა იმედი მქონდა რომ სამეულში მოვხვდებოდი. მაგრამ ისე წარიმართა ყველაფერი, პირველი ადგილი დავიკავე და ეს ძალიან მახარებს! მადლობა ყველა მონაწილეს, მეტოქეებს… ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს კი ამ მართლა საპასუხისმგებლო და უმაღლესი დონის შეჯიბრების საუკეთესოდ მიღებას ვუსურვებ“, – განაცხადა გოჩა თანდარაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ვიცე-ჩემპიონის წოდება ზაქრო ინწკირველმა (რუსთავი 2) მოიპოვა, მე-3 ადგილზე კი კიდევ ერთი ტელეკომპანიის, იმედის წარმომადგენელი ნიკა ახალაია გავიდა. ინწკირველმა, ახალაიამ და მე-4 ადგილზე გასულმა თენგიზ ჩობანიძემ (გაზეთი მსოფლიო სპორტი) 5,5 ქულა დააგროვეს, მათ შორის ადგილები კი ბუჰჰოლცით განაწილდა.

„ვულოცავ გამარჯვებულებს, მათთვის კი, ვინც ამჯერად ვერ ითამაშა, ვიტყვი, რომ ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად კიდევ გვექნება რამდენიმე აქტივობა, სადაც თავის გამოჩენის საშუალება გექნებათ. ჟურნალისტების თამაშების შემხედვარე, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ შორის რამდენიმე საინტერესო მოჭადრაკეა“, – განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

„ჩვენთვის, ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტებთან მჭიდრო ურთიერთობა და ეს მედიატურნირი, ვფიქრობ, ამ მიზნისკენ გადადგმული კარგი ნაბიჯია. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც ბათუმი 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს, მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არაა, ის ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოსთვის. და დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში მყოფი თითოეული ჩვენგანი საპასუხისმგებლო გამოცდას საუკეთესოდ ჩავაბარებთ“, – განაცხადა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

გია გიორგაძემ და ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ასევე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა და მსოფლიოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა ტურნირის ყველა მონაწილეს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული საჩუქრები გადასცეს, გამარჯვებულები და პრიზიორები კი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

ჩემპიონ გოჩა თანდარაშვილს ნონა გაფრინდაშვილის ავტოგრაფით დამშვენებული საჭადრაკო დაფა, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (2-2 დღე სასტუმროში ცხოვრება+კვებით), სოკარის სპა ცენტრის ვაუჩერი და გუდვილის 500-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.

II ადგილზე გასული ზაქრო ინწკირველი საჭადრაკო დაფით, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევით (გზის დაფინანსების უზრუნველყოფით), სოკარის სპა ცენტრის ვაუჩერით და გუდვილის სასაჩუქრე ბარათით (300ლ) დაჯილდოვდა.

III ადგილოსანმა ნიკა ახალაიამ ჭადრაკის დაფა, ოლიმპიადის გახსნა-დახურვის ცერემონიების მოსაწვევი (გზის დაფინანსების უზრუნველყოფით), სოკარის სპა ცენტრის ვაუჩერი და გუდვილის სასაჩუქრე ბარათი (200ლ) მიიღო.

მედია-ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა სპორტულ ჟურნალისტთა შორის საუკეთესო შედეგის მქონე თენგიზ ჩობანიძე განსაკუთრებული პრიზით დააჯილდოვა: მას 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სრული აკრედიტაცია გადაეცა (ტურნირის დღეებში სასტუმროში ცხოვრება-კვების უზრუნველყოფა). მასვე ერგო სოკარის სპა ცენტრის ვაუჩერი და გუდვილის 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

სპეციალური პრიზი გადაეცა გოგონათა შორის საუკეთესო შედეგის მქონე ნინო ფაშალიშვილს (ტელეკომპანია მაესტრო) – ნონა გაფრინდაშვილის ალბომი მისივე ავტოგრაფით, სოკარის სპა ცენტრის ვაუჩერი და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის მოსაწვევი.

მედია-ტურნირში ტელეკომპანიების (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, იბერია, აჭარა, მაესტრო, კომედი არხი, სილქ TV, პალიტრა ნიუსი, მიუზიკ ბოქსი, TV პირველი), ჟურნალ-გაზეთების (მსოფლიო სპორტი, OK, ახალი თაობა, კვირის პალიტრა), რადიოების (იმედი, ფორტუნა, თავისუფლება), ონლაინ-გამოცემების (worldsport.ge, sarbieli.com) და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 28 ჟურნალისტი მონაწილეობდა.

ტურნირს, ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ქობულეთის სასტუმრო ჯორჯია პალასმა უმასპინძლა, შეჯიბრების ოფიციალური გადამყვანი კი საქართველოს რკინიგზა იყო.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 13 მაისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian