ბათუმი 2018: ნონას თასი გურიაში

XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო ჯილდო ნონას თასი 7 სექტემბერს გურიაში გამოიფინა.

ნონას თასი, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ 1997 წელს დააარსა და საჭადრაკო ოლიმპიადების საუკეთესო გუნდს გადაეცემა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ბათუმის ოლიმპიადის ფარგლებში მოგზაურობს. შეგახსენებთ, რომ ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია გიორგაძე, ფედერაციის წარმომადგენლები – ამ შემადგენლობით ესტუმრნენ ქართული ჭადრაკის მესვეურები გურიასა და სამეგრელოს.

გურიაში ნონას თასი ოზურგეთში, ჭადრების პარკში გამოიფინა. ჭადრაკის მოყვარულებს და უამრავ ოზურგეთელს სიტყვით მიმართეს ნონა გაფრინდაშვილმა, გია გიორგაძემ და ნანა იოსელიანმა, ასევე გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ.

ოზურგეთელებმა სტუმრებს ვეტერანი მოჭადრაკე, 91 წლის ოლია შათირიშვილიც დაახვედრეს, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს 55 წლის წინანდელი ამბები და პირადი საჭადრაკო დაპირისპირებები შეახსენა.

ზურაბ ნასარიამ ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და გია გიორგაძე სამახსოვრო პრიზებით დაასაჩუქრა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, სიმბოლური პრიზი გადასცა გუბერნატორს და ოლია შათირიშვილს.

 

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 8 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian