ბათუმი 2018: ნონას თასი კახეთში

„ნონას თასმა“ საქართველოში მოგზაურობა დაიწყო. საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო პირველად კახეთში, თელავში გამოიფინა.

ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრში 7 ივნისს რამდენიმე საინტერესო ღონისძიება მოეწყო, რომლის მიზანი ბათუმში დაგეგმილი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პოპულარიზაციაა. ბათუმი უდიდეს საჭადრაკო ტურნირს (189 ქვეყნის ნაკრების მონაწილეობით) 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს, 43-ე ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩ ნონა გაფრინდაშვილს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს თელავში მსოფლიოს 2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა ბელა ხოტენაშვილმა და დიდოსტატმა, საჭადრაკო კომენტატორმა ქეთი წაწალაშვილმა უმასპინძლეს.

მათთან ერთად სტუმრებს დახვდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, კახეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ ტლაშაძე. ღონისძიებას თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი ვანო იანტბელიძე გაუძღვა.

საჭადრაკო პარტია გიგანტური ფიგურებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართული ჭადრაკის გამოფენა და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმის პრეზენტაცია – ეს ყველაფერი „ნონას თასის“ კახეთში მოგზაურობას მიეძღვნა.

ნონა გაფრინდაშვილი და გია გიორგაძე თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიადის მნიშვნელობასა და საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრნენ, თასის პრეზენტაციის შემდეგ კი ქალბატონმა ნონამ ბელა ხოტენაშვილთან და ქეთი წაწალაშვილთან ერთად 30 დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი გამართა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ, პატარა ილია მორბედაძემ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონის დამარცხება შეძლო. მის გარდა ქალბატონმა ნონამ დების, ანა და მარია ლიმარების თამაში გამოარჩია, შემდეგ კი ყველა მსურველთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ერთდროული თამაშის სეანსის შემდეგ საჭადრაკო ვიქტორინა მოეწყო. გამარჯვებულები ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

პროექტ „მილიონი საჭადრაკო სვლის“ ფარგლებში გუშინვე შედგა ონლაინ-მატჩი თელავსა და გურჯაანს შორის. პირველი სვლა ნონა გაფრინდაშვილმა შეასრულა.

ოლიმპიადის დაწყებამდე „ნონას თასი“ საქართველოს ყველა კუთხეს მოივლის.

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ – FIDE – 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 8 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე / ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian