ბათუმი 2018: ნონას თასი მცხეთაშია
საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო ნონას თასი საქართველოს პირველ დედაქალაქში, მცხეთაში გამოიფინა!
კულტურის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე ჭადრაკის გულშემატკივრებს და ნორჩ მოთამაშეებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მარინა ზურაბიშვილმა, ქალაქის სპორტის განყოფილების უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვანო რთველიაშვილმა უმასპინძლეს.
საქართველოს ნაკრების წევრებმა ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და დავით ჯოჯუამ მოყვარულებთან ერთდროული თამაშის სეანსი გამართეს, გია გიორგაძემ კი განაცხადა: „ქართული სპორტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება: სამ კვირაზე ოდნავ მეტი და საქართველო უდიდეს სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს! განვლილი თვეების მანძილზე ჩვენ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ ტურნირის პოპულარიზაციისთვის და მიმაჩნია, რომ მიზანს ვუახლოვდებით: ყველა ქალაქში, სადაც კი ჩავდივართ, ვგრძნობთ, რომ ჭადრაკის მოყვარულები დიდი ინტერესით ელიან ოლიმპიადის დაწყებას. გამონაკლისი არც მცხეთაა, ეს ულამაზესი და უძველესი ქალაქი. მსურს მადლობა გადავუხადო მცხეთელებს შესანიშნავი მასპინძლობისთვის! მალე ნონას თასი დასავლეთ საქართველოს მოივლის და ვიმედოვნებ, იქაც არანაკლები ინტერესით შეხვდებიან ამ ჯილდოს“.
ნონას თასი სხვადასხვა საჭადრაკო აქციის ფარგლებში უკვე გამოიფინა თბილისში, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, ამბროლაურში, გორში, სტეფანწმინდაში, ასევე რამდენიმე სოფელსა და დაბაში.
ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ნონას თასის მფლობელი ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება და ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ქალთა და ვაჟთა გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
ნონას თასი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ – ფიდე – 1997 წელს დააარსა და 1998 წლის ოლიმპიადიდან თამაშდება.
ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 31 აგვისტო)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი