ბათუმი 2018: ნონას თასი სამეგრელოში გამოიფინა

XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო ჯილდო ნონას თასი 8 სექტემბერს სამეგრელოში, დადიანების სასახლის ეზოში გამოიფინა გამოიფინა.

ნონას თასი, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ 1997 წელს დააარსა და საჭადრაკო ოლიმპიადების საუკეთესო გუნდს გადაეცემა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ბათუმი 2018-ის ფარგლებში მოგზაურობს. ბათუმი 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გია გიორგაძე, ფედერაციის წარმომადგენლები – ამ შემადგენლობით ესტუმრნენ ქართული ჭადრაკის მესვეურები სამეგრელოს.

ნონა თასს და სტუმრებს დადიანების სასახლის ეზოში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა, ოზურგეთის დარად, ზუგდიდშიც გამართეს ერთდროული თამაშის სეანსი, გამორჩეულ პატარა მოჭადრაკეებს კი სამახსოვრო პრიზები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩუქრები გადასცეს.

ტრადიციისამებრ, ორივე ქალაქში მოეწყო სახალისო საჭადრაკო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული მაისურები, ბლოკნოტები, მახსოვრობის ბარათები და ჩანთები გადაეცათ.

„მას შემდეგ, რაც ბათუმი ოლიმპიადის მასპინძლად დასახელდა, საორგანიზაციო კომიტეტი ყველანაირად ცდილობს ამ ტურნირის პოპულარიზაციას და ნონას თასის მოგზაურობაც სწორედ ამას ემსახურება. მიხარია, რომ ყველა ქალაქში, სადაც კი ეს ჯილდო გამოვფინეთ, უდიდესი სიხარული და ჭადრაკის სიყვარული დავინახე. ცხადია, არც გურიის და სამეგრელოს რეგიონებია გამონაკლისი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ამ ორ, ძირძველ კუთხეში ძველებურად უყვართ ეს ულამაზესი თამაში. ქალბატონმა ნონამ და ქალბატონმა ნანამ პატარებთან რამდენიმე საინტერესო პარტია გაითამაშეს და ვფიქრობ, ამ ბავშვებს შორისაც არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ახლო მომავალში საქართველოს ნაკრებ გუნდებს დააკომპლექტებენ. მადლობას ვუხდი ადგილობრივ ხელისუფლებას ჩინებული მასპინძლობისთვის. სხვანაირ დახვედრას არც ველოდით“, – განაცხადა გია გიორგაძემ.

„ოლიმპიადის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგრამ მშვიდად ვარ: ვხედავ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მჯერა, ეს ოლიმპიადა საუკეთესო იქნება ისტორიაში! გურიასთან და სამეგრელოსთან უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს და სწორედ ამიტომ ვესტუმრე ოზურგეთსა და ზუგდიდს. ამ თასის მოგზაურობა საქვეყნო საქმეა და სწორედ ამიტომ ვარ აქ“! – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ნონას თასი უკვე გამოიფინა თბილისში, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, ამბროლაურში, გორში, სტეფანწმინდაში და ყვარელში, ასევე რამდენიმე სოფელსა და დაბაში. ნონას თასის მორიგი მფლობელი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გამოვლინდება და ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ქალთა და ვაჟთა გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 9 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian