ბათუმი 2018: ოლიმპიადა ულამაზესი წარმოდგენით გაიხსნა!

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დიდებული შოუთი გაიხსნა! საზეიმო ცერემონიას, რომელიც დაბა შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე გაიმართა, ოლიმპიადის მონაწილეები, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და 185 ქვეყნის საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტები, ოფიციალური პირები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

მასშტაბურ ღონისძიებაზე დაახლოებით ათასმა ადამიანმა იმუშავა. სანახაობა მართლაც რომ დაუვიწყარი გამოდგა, რაც უამრავმა სტუმარმა აღნიშნა.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ტრიუმფატორმა, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა: ყველაფერი იწყება გახსნით. ძალიან ბევრ ოლიმპიად დავსწრებივარ, მაგრამ მსგავსი გახსნა არ ყოფილა არსად! უცხოელებსაც რომ ველაპარაკე, ყველანი აღფრთოვანებულები არიან და მე, როგორ ქართველი და მასპიძელიამაყი! ემოციებით ვარ დატვირთული! ამ სანახაობაში ყველაფერი იყო: ჭადრაკის ისტორია, ჩვენი კუთხეეჟისორებმა ძალიან მაგრად იმუშავეს“!

ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ დაწერეს, საბალეტო ნომერი ნინო ანანიაშვილმა დადგა, ახალი ცეკვით წარსდგა შეკრებილი საზოგადოების წინაშე ანსამბლი სუხიშვილები – ნომერზე ილიკო სუხიშვილმა იმუშავა.

გახსნის ცერემონიამ გააერთიანა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლები. ბლექ სი არენაზე მისულმა სტუმრებმა სცენაზე იხილეს ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ფოლკლორული ანსამბლი ლაშარი, აჭარის სახელმწიფო კაპელა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ასევე ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი.

სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ ბათუმის ოლიმპიადისთვის მიძღვნილი გამოცემა, რომლის მთავარი ტექსტი პოპულარულ მწერალ აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.

საზეიმო ცერემონიის დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა გახლდათ, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი.

ბლექ სი არენაზე შეკრებილ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მათ გარდა სტუმრებს ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ფიდეს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გეორგიოს მაკროპულოსმაც მიმართა.

ოლიმპიადის დღეებში გაიმართება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის  – ფიდე – და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები.

ფიდეს პრეზიდენტის თანამდებობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი), არკადი დვორკოვიჩი (რუსეთი) და ნაიჯელ შორტი (დიდი ბრიტანეთი). საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს შედგება.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ აზმაიფარაშვილი. ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ესკ-ს.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვლინდება ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის მფლობელი. ნონას თასი ფიდემ 1997 წელს დააწესა. 1998 წლის საჭადრაკო ოლიმპიადიდან დაწყებული ის გადაეცემა იმ ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციას, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

ლაშა გოდუაძე, ბლექ სი არენა, დაბა შეკვეთილი (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian