ბათუმი 2018: ოქროები და ნონას თასი ჩინეთის ნაკრებს გადაეცა

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დრამატულად და ჩინელთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდოც, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერციას გადაეცემა, მომდევნო 2 წლით ჩინელთა საკუთრებაა.

ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა – პირველად 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში. II ადგილზე წინა ოლიმპიადის, ბაქო 2016-ის ტრიუმფატორი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გავიდა, რუსეთი კი III იყო, ისევე, როგორც 2 წლის წინ. სამივე გუნდმა 18 ქულა დააგროვა, ადგილები კი დამატებითი მაჩვენებლით განაწილდა.

ჩინელმა ქალებმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს – მათ 18 ქულით დაასრულეს ბათუმი 2018. ამდენივე ქულით უკრაინა მეორეა, ქართველ ქალთა I ნაკრები კი 17 ქულით – III. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები საუკეთესო სამეულში 8-წლიანი შესვენების შემდეგ მოხვდა – 2010 წელს, რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში, გუნდი ასევე III იყო.

ვაჟთა ოლიმპიადის მთავარი პაექრობა, ამერიკელ და ჩინელ დიდოსტატთა ჭიდილი ფრედ 2:2 დასრულდა. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდების პაექრობა ადრე დამთავრდა, ჩემპიონი შედარებით გვიან გამოვლინდა.

საქმე ისაა, რომ ამერიკელთა საბოლოო ადგილი პანამის ნაკრებზე იყო დამოკიდებული, მათ კი სასურველი შედეგი ვერ აჩვენეს და დამატებითი მაჩვენებლით ჩინეთმა პირველზე გადაინაცვლა. პოლონეთი, რომელმაც ბათუმში ჩინებულად ითამაშა, IV ადგილზე დარჩა.

არანაკლებ დრამატული იყო ქალთა შორის ჩინეთის და რუსეთის ნაკრებთა მატჩი. ამ პაექრობის შედეგი და ოლიმპიადის გამარჯვებულიც I დაფაზე ყველაზე გვიან დასრულებული პარტიის შემდეგ გაირკვა: ვენჟუნ ჟუმ შავი ფიგურებით დაამარცხა ალექსანდრა კოსტენიუკი. მატჩში ანგარიში გათანაბრდა – 2:2, ჩინეთმა მე-18 ქულა მოიპოვა და უკრაინას გადაასწრო, დამატებითი მაჩვენებლით კი სულაც I ადგილზე გადაინაცვლა. რუსებს ფრე ხელს არ აძლევდათ – ოლიმპიადაზე I ნომრად განთესილი გუნდი საქართველოს ქულით ჩამორჩა.

მომდევნო, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ხანტი-მანსიისკი 2020 წელს უმასპინძლებს.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 5 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian