ბათუმი 2018: პირველი სვლა ბათუმში!

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და ფიდეს რეგიონული წარმომადგენლობის ძალისხმევით 13 მაისს ბათუმში, ევროპის მოედანზე ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პირველი სვლა ბათუმში – ასეთი იყო ევროპის მოედანზე გამართული სანახაობის სიმბოლური გზავნილი. მის ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყო, ასევე ერთდროული თამაშის სეანსები გაიმართა დიდოსტატებსა და ახალგაზრდა აჭარელ მოჭადრაკეებს შორის. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა ორკესტრირებული მსვლელობით გაახალისეს სტუმრები და გულშემატკივრები. სადღესასწაულო განწყობაში თავის წვლილი შეიტანეს მსახიობებმა და ცეკვის ანსამბლის წევრებმა, პატარა მოჭადრაკეებმა კი სახალისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, რომლის დასრულების შემდეგ სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ევროპის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩი ნონა გაფრინდაშვილი და მსოფლიოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადის არაერთგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი მიესალმნენ.

ღონისძიების მიწურულს საჭადრაკო პროექტის „მილიონი სვლა“ ფარგლებში, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ერთი სვლა სპეციალურად შექმნილი ონლაინ- პლატფორმის მეშვეობით გააკეთა.

ევროპის მოედანზე გამართულ ღონისძიებას ის ჟურნალისტებიც დაესწრნენ, რომლებიც 11-12 მაისს ქობულეთში გამართულ მედია-ტურნირში მონაწილეობდნენ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება. უდიდეს სპორტულ შეჯიბრზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.

ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი – 58.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 14 მაისი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian