ბათუმი 2018: პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა დიდებული შოუთი გაიხსნა! საზეიმო ცერემონიას, რომელიც დაბა შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე გაიმართა, ოლიმპიადის მონაწილეები, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და 185 ქვეყნის საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტები, ოფიციალური პირები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

მასშტაბურ ღონისძიებაზე დაახლოებით ათასმა ადამიანმა იმუშავა. სანახაობა მართლაც რომ დაუვიწყარი გამოდგა, რაც უამრავმა სტუმარმა აღნიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა:

„მოგესალმებით 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეებო, სპორტსმენებო, მწვრთნელებო, ჩვენი ქვეყნის სტუმრებო, ძვირფასო გულშემატკივრებო!
საქართველო და მისი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ბათუმი უდიდეს სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს: საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში ჩვენ ქვეყანას არნახულად ბევრი, 180 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი სტუმრობს. საქართველოში არასდროს ჩატარებულა ასეთი წარმომადგენლობითი სპორტული ტურნირი და ამიტომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ჩვენი მოჭადრაკეებისთვის, მთელი ქვეყნისთვისაა დიდი გამოწვევა!
ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ რომ მსოფლიო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ და უმაღლეს დონეზე შეგვიძლია მსგავსი მასშტაბის ტურნირების ღირსეულად მასპინძლობა. საქართველო ხომ ოდითგანვე ცნობილია სტუმართმოყვარეობით. დარწმუნებული ვარ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი, ასევე საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას.
ჭადრაკი, ეს ძალიან საინტერესო თამაში ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ქალბატონი მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, საერთო ჯამში კი საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი 30 წლის განმავლობაში საქართველოში ინახებოდა! დამეთანხმებით, ეს არნახული წარმატებაა, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. მინდა ვისურვო, რომ უახლოეს ხანებში საქართველომ კიდევ ერთხელ გაიხაროს მსოფლიო ჩემპიონობით.
ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ქართული ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფი ახსოვს: საქართველოს დროშის ქვეშ მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა… მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ შინ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია!
მსურს საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო, აჭარის, ბათუმის სტუმრებსა და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარება“.

 

ლაშა გოდუაძე, ბლექ სი არენა, დაბა შეკვეთილი (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian