ბათუმი 2018: საუკეთესო ოლიმპიადა რეკორდების თანხლებით

საუკეთესო გახსნის ცერემონია საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიაში!
ზღაპრული სანახაობა – ბათუმით ყველა მოხიბლულია!
ბრწყინვალე სპექტაკლი და რეკორდები – ტურნირი დიდებულად იწყება!..
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საზეიმო გახსნას, შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე რომ გაიმართა 23 სექტემბერს, საჭადრაკო სამყარო ასეთი და არანაკლები სათაურებით გამოეხმაურა.
ბათუმი 2018 მართლაც დიდებული შოუთი გაიხსნა!

 

შეკვეთილში გამართულმა უნაკლო წარმოდგენამ, რომელიც უამრავმა ტელემაყურებელმა იხილა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გააერთიანა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლები: ნინო ქათამაძე, ლადო ათანელი, ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი, DJ კორძი, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz, ფოლკლორული ანსამბლი ლაშარი, აჭარის სახელმწიფო კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ასევე ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი.

მუსიკალური და თეატრალური ნომრები საჭადრაკო მოტივებით იყო მორთულ-გაჯერებული, სცენა კი უბრალოდ ულამაზესი!

ბევრ ოლიმპიადაზე მითამაშია, მაგრამ ასეთი მომნუსხველი გახსნა არსად ყოფილა! უცხოელებსაც ვესაუბრე, ყველა აღფრთოვანებულია! მე, როგორქართველი  და თან, მასპიძელიამაყი! ემოციებით ვარ დატვირთული! ამ სანახაობაში ყველაფერი იყო: ჭადრაკის ისტორია, ჩვენი ქვეყნის აწმყო და წარსულიეჟისორებმა დიდებულად იმუშავეს“! – მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, უამრავი საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტს და ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს უსიტყვოდ დაეჯერება.

საზეიმო ცერემონიას ოლიმპიადის მონაწილეები, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის და 180 ქვეყნის საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტები, ოფიციალური პირები და გულშემატკივრებიც დაესწრნენ. პირთამდე სავსე ბლექ სი არენის სტუმართა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა:

საჭადრაკო ოლიმპიადის ეგიდით საქართველოს არნახულად ბევრი, 180 ქვეყნის 4 ათასამდე წარმომადგენელი სტუმრობს. ჩვენთან არასდროს ჩატარებულა ასეთი დიდი სპორტული ტურნირი და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ოლიმპიადა არა მხოლოდ ქართველი მოჭადრაკეებისთვის, მთელი საქართველოსთვისაა დიდი გამოწვევა. ყველამ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი ვართ და უმაღლეს დონეზე შეგვიძლია მსგავსი ტურნირის მასპინძლობა. ჭადრაკი, ეს ძალიან საინტერესო თამაში, აქ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ლეგენდარული ჩემპიონებით: ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე 5-5-ჯერ ფლობდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, საჭადრაკო დედოფლის გვირგვინი კი ზედიზედ 30 წელი თბილისში ინახებოდა! ოლიმპიადა გუნდური შეჯიბრებაა და ჩვენი ჭადრაკის ისტორიას არაერთი ტრიუმფიც ახსოვს: საქართველოს დროშით მოგებული 4 ოლიმპიადა, მსოფლიოს ჩემპიონობა…
მესმის, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ გამარჯვებით გამოწვეული სიხარულიც უდიდესია. საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებ გუნდებს წარმატებას ვუსურვებ, აჭარის და ბათუმის სტუმრებს და ოლიმპიადის მონაწილეებს კი სასიამოვნო დღეების გატარებას“.

24 სექტემბრიდან ოლიმპიადის მონაწილენი ბათუმის ახალ, მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეში ოქროს მედლებისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, თუმცა სანამ სპორტულ მხარეს მიმოვიხილავდეთ, იმაზეც ვთქვათ, რაც წინ უსწრებდა ოლიმპიადას.

ბათუმი 2018-ის თილისმად შეირჩა კუ, რომელსაც სახელი ბათუსა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა დაანათლა. ხოლო კითხვაზე რატომ მაინცდამაინც კუ, საჭადრაკო დაფა იოლად გიპასუხებთ.

ბათუსას ოფიციალური პრეზენტაცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე შედგა.
ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ბათუმი 2018-ის კეთილი ნების ელჩებიც შეურჩია. ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის გარდა ეს საპატიო მისია იტვირთეს: მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონმა სწრაფ ჭადრაკში, ინდოელმა დიდოსტატმა ვიშვანათან ანანდმა; ლეგენდარულმა უნგრელმა მოთამაშემ, ვაჟთა შორის დიდოსტატმა იუდით პოლგარმა; ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ; სახელგანთქმულმა მეცო-სოპრანომ, საქვეყნოდ ცნობილი საოპერო სცენების მშვენება ანიტა რაჭველიშვილმა და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა, გახსნის ცერემონიის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა.

ოლიმპიადის სპონსორები და მხარდამჭერებიც ვახსენოთ: სოკარი, კოკა კოლა, მეღვინეობა ხარება, ჩაი გურიელი, სნო, ზარაფხანა, დიადემა, თურქეთის ავიახაზები, კრედო ბანკი…

მთავარი კი, რა თქმა უნდა, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის საქართველოში მოგზაურობა იყო. გეცოდინებათ: ნონას თასი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 1997 წელს დაწესებული ჯილდოა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ეს ლამაზი ნაკეთობა იმ ქვეყნის ჭადრაკის ფედერაციას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტი ქულით დაასრულებენ ოლიმპიადას.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის (ის ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელიც გახლდათ) და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის, ბათუმი 2018-ის დირექტორის ზურაბ აზმაიფარაშვილის ინიციატივით, ნონას თასი ოლიმპიადის დაწყებამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამოიფინა: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო და შიდა ქართლი, სამცხე, იმერეთი, რაჭა, გურია, სამეგრელო… პრესტიჟულ ჯილდოსთან ერთად საქართველოს ქალაქებს და დაბებს, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელების გარდა, თავად ქალბატონი ნონა, მაია ჩიბურდანიძე და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანიც სტუმრობდნენ. ჯილდოს გამოფენის მხარდამხარ, ჭადრაკის ფედერაცია ლეგენდარული მოთამაშეების მონაწილეობით ერთდროული თამაშის სეანსებს აწყობდა, პატარა მოჭადრაკეებს კი ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული სუვენირებით ასაჩუქრებდა.

„ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში მოიპოვა. მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ეს შეჯიბრი 2018 წლის მთავარ სპორტულ ღონისძიებად გვექცია. ნონას თასის მოგზაურობაც ამ მიზანს ემსახურებოდა, ისევე, როგორც სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის მედია-ტურნირები, სახალისო პროექტი მილიონი სვლა, მეღვინეობა ხარების მხარდაჭერით თბილისში, ღვინის ქარხანაში გამართული ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში, ნონას და მაიას საიუბილეო შეხვედრა კახეთში, ილიას ტბაზე… ყველა წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, თავად ოლიმპიადა იყო, რომელიც, არ შემეშინდება ამის თქმა, უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ და, რაც მთავარია, მედლით დავასრულეთ“! – განაცხადა გია გიორგაძემ.

საქართველო, როგორც მასპინძელი, ოლიმპიადაზე ვაჟთა და ქალთა 3-3 ნაკრებით წარსდგა. გუნდები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

ვაჟთა I ნაკრები (კაპიტანი ნინო გურიელი): ბაადურ ჯობავა, ივან ჩეპარინოვი (მოწვეული ბულგარელი დიდოსტატი), მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, დავით ჯოჯუა.

II ნაკრები (ლაშა ჯანჯღავა): ლუკა პაიჭაძე, თორნიკე სანიკიძე, დავით მაღალაშვილი, გიგა ყუფარაძე, ირაკლი ბერიძე.

III ნაკრები (კონსტანტინე შანავა): ნოე თუთისანი, გიორგი სიბაშვილი, ლუკა ობოლაძე, ნიკოლოზ კაჭარავა, ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

ქალთა I ნაკრები (კაპიტანი ელიზბარ უბილავა): ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე.

II ნაკრები (მაია ლომინეიშვილი): სალომე მელია, სოფიო გვეტაძე, ინგა ჭარხალაშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, მირანდა მიქაძე.

III ნაკრები (დავით ზარქუა): ნინო ხომერიკი, მარიამ ჯანიაშვილი, თამარ ესაძე, ლილე ქორიძე, დიანა ლომაია.

ვაჟთა შორის 180 ქვეყნის 185 გუნდმა ითამაშა. საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში ეს მაჩვენებლები სარეკორდოა!

მამაკაცების ტურნირი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასში ფიდეს რეიტინგის პირველი ათეულის 9 წევრი მონაწილეობდა: 12-წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადას დაუბრუნდა ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი), ბათუმში ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტმა, ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ, რუსმა სერგეი კარიაკინმა, ისრაელის გუნდის ლიდერმა ბორის გელფანდმა…

ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი 10-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა!

არ იყო მხოლოდ პირველი ნომერი, ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, რომელმაც კარუანასთან საჩემპიონო დაპირისპირების წინ დასვენება არჩია (2013 წელს მოგებული ტიტული სკანდინავიელმა ნოემბერში მესამედ დაიცვა – ზედიზედ 12 ყაიმის შემდეგ ამერიკელს ტაი-ბრეიკზე 3:0 სძლია).

ოქროს მედლის მთავარ ფავორიტად წინა ოლიმპიადის, ბაქო 2016-ის ტრიუმფატორი ამერიკის შეერთებული შტატების, მეორე ნომრად განთესილი რუსეთის და აზერბაიჯანის ნაკრები გუნდები ითვლებოდნენ. ჩემპიონობის პრეტენდენტთა შორის სახელდებოდა ჩინეთიც, 2014 წლის ოლიმპიადის პირველადგილოსანი.

საწყისი 8 ტურის შემდეგ ამერიკელები ლიდერობდნენ, თუმცა IX ტურში პოლონეთთან სენსაციურმა წაგებამ მათზე დამღუპველად იმოქმედა – ლიდერობა ვეღარ დაიბრუნეს.

ბათუმი 2018-ის აღმოჩენა პოლონეთმა კი მხოლოდ ერთი დღე გაძლო ცხრილის კენწეროში.

ფინიშზე დაწინაურებულმა ჩინეთმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეორედ მოიგო ვაჟთა ოლიმპიადა. 8 გამარჯვება, 2 ყაიმი და მარცხი – ასეთი შედეგი აჩვენეს აზიელებმა. ამერიკელების და რუსების მსგავსად მათ 18 ქულას მოუყარეს თავი, თუმცა ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს დამატებითი მაჩვენებლით აჯობეს. მხოლოდ გერმანიამ განვლო 11 ტური დაუმარცხებლად, თუმცა 5 მოგება და 6 ყაიმი არათუ მედლისთვის, ათეულში შესასვლელადაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

საქართველოს გუნდებიდან საუკეთესო შედეგი I ნაკრებმა აჩვენა: ჯობავა, ჩეპარინოვი, მჭედლიშვილი, ფანცულაია, ჯოჯუას ხუთეულმა 14 ქულით (5 მოგება, 4 ყაიმი, 2 მარცხი) 28-ე ადგილი დაიკავა. II ნაკრები 43-ე ადგილზე გავიდა, III კი 51-ე იყო.

ვაჟთა საუკეთესო მოთამაშის პრიზი პერუელ ხორხე კორის ერგო, რომელმაც III დაფაზე მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. I დაფაზე ოქროს მედალი ჩემპიონ ლირენ დინს გადაეცა, მეორეზე – ვიეტნამელ ტუონ სონ ნგუენ ნგოკს, მეოთხეზე – გერმანელ დანიელ ფრიდმანს, საუკეთესო სათადარიგო მოთამაშე კი უკრაინელი ანტონ კორობოვი გახდა.

რეკორდები ქალთა შორისაც დამყარდა: 146 ქვეყნის 151 გუნდს ოლიმპიადაზე აქამდე არ უთამაშია!

ჩემპიონი კი კვლავ ჩინეთი გახდა. აზიელებმა ბაქოში მოგებული ტიტული შეინარჩუნეს, ისე კი მეექვსედ გახდნენ ჩემპიონები.
7 გამარჯვება და 4 ყაიმი – ასეთი იყო ჩინელების შედეგი. ტრიუმფატორთა ლიდერად ქალთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვენჟუნ ჟუ მოგვევლინა, რომელმაც I დაფაზეც მოიგო მცირე ოქროს მედალი და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც ჩაიბარა.

ჩინელთა მსგავსად უკრაინის ნაკრებმაც დაუმარცხებლად განვლო 11 ტური და ასევე 18 ქულა დააგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლით მეორეზე გავიდა. 2012, 2014 და 2016 წლებში უკრაინელები III ადგილზე ასრულებდნენ ტურნირს.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა კი ოლიმპიადა მესამეზე დაასრულა და 2010 წელს ხანტი-მანსიისკში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა. მას შემდეგ ქართველები პირველად მოხვდნენ საპრიზო სამეულში.

ამის გათვალისწინებით ბათუმის ოლიმპიადის ბრინჯაო წარმატებად ითვლება, მაგრამ სათქმელია, რომ ქართველ გოგონებს ჩემპიონობის შანსიც ჰქონდათ და თან, ძალზე რეალური. გუნდმა მხოლოდ ფინიშის სწორზე წაიფორხილა: VIII ტურში მოულოდნელად დამარცხდა ყაზახეთთან – 1:3, X ტურში კი ჩეხეთთან გაიყო ქულა – 2:2. ამ მატჩებში დაკარგული 3 ქულა რომ არა, დაჯილდოების ცერემონიაზე ჩინეთის ნაცვლად, ეგებ, საქართველოს ჰიმნი მოგვესმინა.

საქართველოს ქალთა II ნაკრებმა 7 გამარჯვებით, 2 ყაიმით, 2 მარცხით და 16 ქულით ოლიმპიადა IX ადგილზე დაასრულა, III ნაკრები კი 13 ქულით 41-ე იყო (6 მოგება, ყაიმი, 4 წაგება).

რაც შეეხება დაფებზე საუკეთესოებს: მეორეზე უკრაინელთა ლიდერმა მარია მუზიჩუკმა იპირველა, მესამეზე აზერბაიჯანელი ხანიმ ბალაიაიევა იყო საუკეთესო, იტალიელი მარინა ბრუნელო მეოთხეზე გამოირჩა, სათადარიგოთა შორის კი საუკეთესო შედეგი იორდანელ ბოშრა ალშაების ჰქონდა.

რაც შეეხება ნონას თასს, ჯილდო ჩინეთის ნაკრებს გადაეცა.

ოლიმპიადის დღეებში ფიდეს და კონტინენტური ფედერაციების საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართა. მსოფლიო ჭადრაკის მმართველის პოსტისთვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი, რუსი არკადი დვორკოვიჩი და ბრიტანელი ნაიჯელ შორტი იბრძოდნენ. ამ უკანასკნელმა არჩევნების დღეს დვორკოვიჩის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა. ფიდეს პრეზიდენტად რუსი მაღალჩინოსანი აირჩიეს. მას 103-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, მაკროპულოსს – 78-მა.

ამის შემდეგ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტების არჩევის ჯერი დადგა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი აკაკი იაშვილი 2018-22 წლებში ამ საპატიო თანამდებობაზე იმუშავებს.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი კი კვლავ ზურაბ აზმაიფარაშვილი გახდა. სასტუმრო ჰილტონში გამართულ არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ და 50 დელეგატიდან 44-მა დაუჭირა მხარი.

აზმაიფარაშვილი ახალ გუნდთან ერთად 2022 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს ECU-ს: გენერალური მდივანი თოდოროს ჯორბაზოღლუ იქნება, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას გუნარ ბიორნსონი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი დანა რეზნიცე-ოზოლა და იოჰან პოკშტაინერი იქნებიან.

„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! განვლილი წლების გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი და მიხარია, რომ ისევ მოვიპოვე თქვენი ნდობა. გუნდთან ერთად ბევრის გაკეთება შემიძლია და აქედან მომდინარეობს ჩემი სლოგანიც: გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ECU-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ წარმატებით, მთავარ მიღწევად კი ის მიმაჩნია, რომ ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი. დარწმუნებული ვარ მომდევნო 4 წელი უკეთესი იქნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემ გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. მომდევნო წლებში ჩვენ ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ“! – განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

FIDE-ს და ECU-ს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წელს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაგეგმილ 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დღეებში გაიმართება, მანამდე კი, 2020-ში, რუსეთის ქალაქის ხანტი-მანსიისკი 44-ე ოლიმპიადას უმასპინძლებს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ოლიმპიელი; #44, დეკემბერი, 2018)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian