ბათუმი 2018: V ტური
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ეკვატორს მიუახლოვდა და საინტერესო დაპირისპირებებიც გახშირდა. IV ტურის შემდეგ ვაჟთა შორის 9 ნაკრები ლიდერობდა ასპროცენტიანი შედეგით და V ტურში სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
აზერბაიჯანი, რომელიც რეიტინგის მე-4 ნომერია და დამატებითი მაჩვენებლით ლიდერობდა ოლიმპიადას, I მაგიდაზე სომხეთს (#8) შეხვდა. წინა ოლიმპიადის მასპინძლებმა (2016 წელს მთავარი საჭადრაკო ტურნირი ბაქოში გაიმართა) 2,5:1,5 დაამარცხეს მეტოქე.
გამარჯვებულთა ლიდერმა შახრიარ მამედიაროვმა (2820) I დაფაზე შავი ფიგურებით სძლია ლევონ არონიანს (ერთი წლის წინ თბილისში გამართული სუპერტურნირის გამარჯვებული), II დაფაზე კი ტეიმურ რაჯაბოვმა თეთრებით მოუგო გაბრიელ სარქისიანს. III დაფაზე ჰრანტ მელქუმიანმა კი სძლია არკადი ნაიდიჩს, მაგრამ IV დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა და აზერბაიჯანმაც ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.
პოლონელთა ოთხეულმა გუშინ ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეულ რუსეთის ნაკრებს აჯობა, დღეს კი ფრანგებს სძლია – 3:1. მართალია I დაფაზე პოლონელთა ლიდერი იან-კრჟიშტოფ დუდა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავიმ განაიარაღა, მაგრამ მომდევნო დაფებზე პოლონელებმა გაიხარეს: რადოსლავ ვოიტაშეკმა ეტიენ ბაკროს აჯობა, კასპერ პიორუნმა ლორენ ფრესინე დააშამათა, იაცეკ ტომჩაკმა კი ბათუმში ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა და ზედიზედ მე-4 პარტია მოიგო – კრისტიან ბაუერს სძლია.
ჩინელი მოჭადრაკეებისთვის V ტური დანავსული გამოდგა: ვერცერთმა გუნდმა გაიმარჯვა. ვაჟები 1:3 დამარცხდნენ ჩეხეთთან. III დაფაზე ბრწყინვალედ ითამაშა ირი სტოცეკმა, რომელმაც შავი ფიგურებით მოუგო იუ ვეის. სტოცეკი შესანიშნავ ფორმაშია და III დაფის ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ: 4,5 ქულა 5 შესაძლებლობიდან. თავის მხრივ, ვეიმ პირველ 2 ტურში გამარჯვების შემდეგ მხოლოდ ნახევარი ქულა შემატა აქტივს. ჩეხების პირველი ნომერი დავიდ ნავარაც (2740) უნდა ვახსენოთ: მან შავი ფიგურებით ითამაშა ლირენ დინის (2804) წინააღმდეგ და ქულა გაუყო.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი, ამერიკელთა ლიდერი ფაბიანო კარუანა თანდათან აუმჯობესებს თამაშს. II და III ტურებში ყაიმის შემდეგ (I ტურში კარუანას არ უთამაშა), მან გუშინ ინდოელთა პირველ ნომერს ვიშვანათან ანანდს აჯობა, დღეს კი ისრაელის გუნდის ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი წევრი ბორის გელფანდი დააშამათა.
ამერიკელებმა მაინც ვერ მოიგეს: II და III დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა, IV დაფაზე კი ემილ სტუხოვსკიმ სემუელ შენკლენდს მოუგო. საბოლოოდ 2:2.
დიდებულად ასპარეზობენ უკრაინელები: V ტურში ვაჟებმაც X ადგილზე დამკვიდრებულ ესპანელებს აჯობეს – 2,5:1,5.
ამერიკელებთან განცდილი მარცხის შემდეგ ინდოეთის ნაკრებმა, როგორც ჩანს, სწორი დასკვნა გააკეთა და დღეს პარაგვაის დამაჯერებლად სძლია – 3,5:0,5. ინდოელებმა I, III და IV დაფებზე გაიმარჯვეს (ვიშვანათან ანანდი, ბ ადჰიბანი, კრიშნან სასიკირანი) და მხოლოდ II დაფაზე ითამაშეს ფრედ (პენტალა ჰარიკრიშნა).
ქალთა ოლიმპიადას გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ 6 ნაკრები ლიდერობდა ასპროცენტიანი მაჩვენებლით, მათ შორის საქართველოს I გუნდი. სათამაშო დღის საწყისი 3 წყვილი სწორედ მათით დაკომპლექტდა და მხოლოდ ერთში გამოვლინდა გამარჯვებული: ამერიკის შეერთებული შტატების გუნდმა შთამბეჭდავად – 3,5:0,5 სძლია მონღოლეთის ოთხეულს.
ამერიკელთა მთავარ დამრტყმელ ძალად კვლავაც I, II და IV დაფები რჩება: ანა ზატონსკიჰმა ხუთიდან მე-4 პარტია მოიგო (ერთი ყაიმი), ირინა კრუშმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა (ოთხიდან), ჯენიფერ იუს კი 5 შესაძლებლობიდან 4,5 ქულა აქვს.
ბაქოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ჩინეთმა 4 გამარჯვების შემდეგ ფრედ ითამაშა – 2:2 სომხეთთან. ჩემპიონები მარცხისგან ტინჟიე ლეიმ იხსნა, რომელმაც IV დაფაზე მარია კურსოვას მოუგო. ლეი სტაბილური და საიმედოა: 3 გამარჯვება და 2 ყაიმი. რაც შეეხება დანარჩენ 3 წყვილს: I და III დაფებზე შავი ფიგურებით მოთამაშე ვენჟუნ ჟუმ და კიან უანმა მეტოქეებს (ელინა დანიელიანი და ანა სარქისიანი) ქულა გაუყვეს, II დაფაზე კი იან შენი ლილიტ მკრტჩიანთან დამარცხდა.
საქართველოს I ნაკრები უკრაინასთან წაგებას – ფრე 2:2 – ბელა ხოტენაშვილმა გადაარჩინა, რომელმაც ნატალია ჟუკოვას წინააღმდეგ ერთი შეხედვით განწირული პარტია თავის სასარგებლოდ შემოატრიალა და მეტოქე დააშამათა. ეს იყო მე-5 სათამაშო დღის ერთ-ერთი ყველაზე გვიან დასრულებული პაექრობა. I და II დაფებზე ნანა ძაგნიძემ და ლელა ჯავახიშვილმა ქულა გაუყვეს დებს, ანა და მარია მუზიჩუკებს, ხოლო ნინო ბაციაშვილს ანა უშენინამ შავი ფიგურებით სძლია.
ლიდერთა სხვა პაექრობებიდან გამოსარჩევია ინდოეთის ნაკრების გამარჯვება არგენტინასთან – 3,5:0,5 და საქართველოს II გუნდის მიერ თურქეთის ნაკრების შთამბეჭდავი ძლევა – ასევე 3,5:0,5.
მე-5 სათამაშო დღის შესახებ თხრობას კი შოტლანდიელთა I ნომრით, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრით, ქეთევან არახამია-გრანტით დავასრულებ: 50 წლის დიდოსტატმა ბათუმის ოლიმპიადაზე ზედიზედ მე-5 პარტია მოიგო, ამჯერად ჰონდურასელი ენი ფიგეროას წინააღმდეგ.
ქეთევან არახამია-გრანტი წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს ნაკრების ღირსებას, 1997 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატიც მოიგო, 2008 წლიდან კი შოტლანდიის სახელით ასპარეზობს.
29 სექტემბერს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მონაწილეები დაისვენებენ. VI ტური 30 სექტემბერს გაიმართება.
ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 28 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი