ბათუმი 2018: VI ტური

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადა განახლდა: დღეს VI ტურის შეხვედრები გაიმართა.

საწყისი 5 ტურის შემდეგ ვაჟთა სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: ყველა მოგებით აზერბაიჯანის, ჩეხეთის, პოლონეთის და უკრაინის ნაკრები გუნდები ლიდერობდნენ, დამატებითი მაჩვენებლით კი აზერბაიჯანი პირველი იყო, ჩეხეთი – მეორე, პოლონეთი – მესამე, უკრაინა კი ლიდერთა ოთხეულს აგვირგვინებდა. პირველი 2 წყვილიც ხსენებულმა გუნდებმა დააკომპლექტეს.

აზერბაიჯანმა, რომელიც მე-4 ნომრადაა განთესილი, 3:1 სძლია ჩეხეთს (მე-15 ნომერი). I და III დაფებზე თეთრი ფიგურებით მოთამაშე შახრიარ მამედიაროვმა და არკადი ნაიდიჩმა, შესაბამისად, დავით ნავარას და ზბინეკ ჰრაცეკს სძლიეს, შავი ფიგურებით მოთამაშე ტეიმურ რაჯაბოვმა და რაუფ მამედოვმა კი ვიქტორ ლაზნიცკას და ირი სტოცეკის წინააღმდეგ ყაიმს მიაღწიეს.

გამარჯვებულთა ლიდერმა მამედიაროვმა, რომელმაც I ტური გამოტოვა, ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა. II და III ტურებში ის ყაიმს დასჯერდა, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით სძლია ინგლისელთა (მაიკლ ადამსი) და სომხების (ლევონ არონიანი) საუკეთესო მოთამაშეებს.

არანაკლებ საიმედოა IV დაფაზე გამწესებული რაუფ მამედოვი, რომელმაც ყველა ტურში ითამაშა: სტარტზე 4 გამარჯვებას ბოლო 2 ტურში ყაიმები დაურთო.

ბრწყინვალე თამაშს განაგრძობს ოლიმპიადის მე-11 ნომერი პოლონეთის ნაკრები, რომელმაც მასავით ზედიზედ 5 ტურში გამარჯვებულ უკრაინას პირველი მარცხი აგემა – 2,5:1,5.

გადამწყვეტი პირველი ნომრების პაექრობა აღმოჩნდა: იან-კრჟიშტოფ დუდამ ვასილი ივანჩუკს სძლია, დანარჩენი პარტიები კი ყაიმით დასრულდა. საგულისხმოა, რომ დუდამ ბათუმში მხოლოდ მეორედ გაიმარჯვა: I ტურში გუამელ რეიეს ნახერასთან მოპოვებული ქულის შემდეგ 2 პარტია წააგო, ერთხელ კი ყაიმს დასჯერდა.

V ტურში ისრაელთან ფრეს შემდეგ კვლავ გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების ოთხეულმა. განთესვის ლიდერებმა დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინას სძლიეს – 3,5:0,5.

ამერიკელთაგან მხოლოდ ჰიკარუ ნაკამურამ (III დაფა) გაუყო ქულა მეტოქეს, დანარჩენებმა კი გაიმარჯვეს: შავი ფიგურებით მოთამაშე ფაბიანო კარუანამ დენის კადრიჩს სძლია, უესლი სომ დალიბორ სტოიანოვიჩი დააშამათა, რეი რობსონმა კი რიჯად ბუროვიჩი.

ამერიკელთა ამ ოთხეულიდან ბათუმში ჯერ არავის წაუგია: კარუანას აქტივში 5 შესაძლებლობიდან 4 ქულაა (3 გამარჯვება, 2 ყაიმი), სომ 6-დან 5 ქულა მოიპოვა (4 მოგება 2 ყაიმის წილ), ნაკამურამ 5-დან 3 (მოგება და 4 ყაიმი), რეი რობსონმა კი 3 პარტიიდან მხოლოდ საქართველოს II გუნდის წევრს, ნიკოლოზ კაჭარავას გაუყო ქულა.

კვლავ დაუმარცხებლად მიდიან ისრაელის და გერმანიის ნაკრები გუნდები, რომელთა დღევანდელი ჭიდილი 2:2 დასრულდა. ეს მათთვის მე-2 ყაიმია მიმდინარე ოლიმპიადაზე.

იგივე ანგარიშით დამთავრდა რუსეთის და ინდოეთის ნაკრებთა მატჩი. ოთხივე დაფაზე ყაიმი დაფიქსირდა, ასეთი „ერთსულოვნება“ კი ბათუმი 2018-ის ლიდერთა მატჩებში აქამდე არ გვინახავს.

ქალთა ლიდერმა ამერიკის ნაკრებმა პირველად დაკარგა ქულა – 2:2 ინდოეთთან. თავის მხრივ, მეტოქის ოთხეულისთვის ეს მე-2 ფრეა. ამ შეხვედრაში თეთრი ფიგურებით მოთამაშეებმა გაიმარჯვეს: I და III დაფებზე ინდოელებმა ჰამპი კონერუმ (ანა ზატონსკიჰთან) და საჩდევ ტანიამ (ტატევ აბრაჰამიანთან) გაიმარჯვეს, II და IV დაფებზე კი ირინა კრუშმა (ჰარიკა დრონავალისთან) და ჯენიფერ იუმ (ეეშა კარავადესთან).

მეორედ დამარცხდა ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული რუსეთი. გუნდს, რომელიც ქალთა რეიტინგის ლიდერია, სომხეთთან მოეცარა ხელი – 1:3. შეგახსენებთ: II ტურში რუსებს უზბეკეთის ნაკრებმა აჯობა – 2,5:1,5.

სომეხთა ლიდერის ელინა დანიელიანის (I დაფა) და ანა სარქისიანის (III) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შავი ფიგურებით მიაღწიეს ყაიმს, ლილიტ მკრტჩიანმა და სირანუშ ღუკასიანმა კი თავიანთი პარტიები მოიგეს.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 30 სექტემბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian