ბათუმი 2018: VII ტური

ზედიზედ 6 გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის და პოლონეთის ვაჟთა ნაკრები გუნდები დღეს I მაგიდას მიუსხდნენ. ლიდერთა დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან (აზერბაიჯანი ბათუმში მე-4 ნომრადაა განთესილი) მოპოვებული ქულა პოლონეთისთვის, რომელიც რეიტინგში მეთერთმეტეა, ტურნირის დაწყებამდე უდავოდ წარმატებად ჩაითვლებოდა, მაგრამ განვლილი დღეების განმავლობაში ამ ოთხეულმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არათუ ლიდერთა შორის დამკვიდრებას, მედლებისთვის ბრძოლას აპირებს. შესაბამისად, მათი სტაბილურად თავდადებული ბრძოლა გასაკვირი აღარაა.

მეტოქეების ყაიმით შესანიშნავად ისარგებლა ტურნირის I ნომერმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა, რომელიც განვლილ 6 ტურში 5 გამარჯვებით და ფრით მე-3 იყო: მათ ხორვატები დაამარცხეს – 3:1.

კვლავ შეუდარებელია რეიტინგის ლიდერთა მე-2 ნომერი უესლი სო. ის, ჯერჯერობით, შეუცვლელად ასპარეზობს ბათუმში და 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით (5 გამარჯვება, 2 ყაიმი) დაფის ლიდერთა შორისაა.

ვაჟთა პაექრობებიდან აღნიშვნას იმსახურებს გერმანიის და ნიდერლანდების, ასევე ჩეხეთისა და ისრაელის დაპირისპირებები. ორივე მატჩი 2:2 დასრულდა. VII ტურის შემდეგ გერმანიის და ისრაელის ნაკრები გუნდები კვლავ უძლეველები არიან, მაგრამ მხოლოდ 4 გამარჯვების გამოისობით, დაწინაურებულებს გვარიანად ჩამორჩებიან.

2-ტურიანი შესვენების შემდეგ მოიგო საფრანგეთმაც – 3:1 უნგრეთთან. საწყისი 4 ტურის შემდეგ ფრანგებს ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ, თუმცა შემდეგ პოლონელებთან წააგეს (1:3), გუშინ კი ინგლისთან დაკარგეს ქულა – 2:2.

დღეს ფრანგთა მთელმა გუნდმა სტაბილურად იასპარეზა, თუმცა I დაფაზე გამწესებული მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც შავი ფიგურებით მოუგო პეტერ ლეკოს. ვაშიე-ლაგრავი გუნდის ლიდერია: 4 გამარჯვება და 2 ყაიმი, რასაც ვერ ვიტყვით II და III დაფებზე მოასპარეზე ეტიენ ბაკროსა და ლორენ ფრესინეზე. ბოლო 4 პარტიიდან მათ ერთიც ვერ მოიგეს.

ქალთა ტურნირში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს სომხებმა, რომლებმაც 6 ტურის შემდეგ I ადგილზე დამკვიდრებულ ამერიკელებს სძლიეს – 2,5:1,5.

ელენა დანიელიანმა და ანა სარქისიანმა თეთრი ფიგურებით აჯობეს ანა ზატონსკიჰს და საბინა-ფრანჩესკა ფოისორს, ლილიტ მკრტჩიანმა კი II დაფაზე შავებით გაუყო ქულა ირინა კრუშს. ამ უკანასკნელისთვის ეს პირველი ყაიმია ბათუმში: 5 პარტიიდან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

გაიმარჯვა ჩინეთმაც და სატურნირო ცხრილში ამერიკას გადაასწრო. მსოფლიოს ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა ნიდერლანდებს მოუგო – 3:1.

საინტერესო პარტია გათამაშდა I დაფაზე, სადაც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, 27 წლის ვენჟუნ ჟუმ თეთრი ფიგურებით დააშამათა 50 წლის თანამემამულე, 1996 წლიდან ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე ჟაოკინ პენი. შეგახსენებთ, რომ პენმა წლების წინ 3-ჯერ გაიმარჯვა ჩინეთის ჩემპიონატში (პირველად შორეულ 1987 წელს), ნიდერლანდებში გადაბარგების შემდეგ კი 14-ჯერ(!) გახდა ამ ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, მათ შორის 2000-11 წლებში ზედიზედ 12-ჯერ!

მიჯრით 2 ყაიმის შემდეგ (საქართველოს I ნაკრებთან და ჩინეთთან) გაიმარჯვა უკრაინამ, რომელმაც ირანის წინააღმდეგობა დაძლია. რეიტინგის მე-2 ნომერმა მეტოქეს 2,5:1,5 სძლია. I, III და IV დაფებზე ყაიმი დაფიქსირდა და მხოლოდ II დაფაზე გაიმარჯვა დიდოსტატმა, მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მარია მუზიჩუკმა.

ქალთა რეიტინგის ლიდერი რუსეთი კი არასტაბილურ თამაშს განაგრძობს – გამარჯვებებს მარცხს უნაცვლებს, რის გამოც ცხრილის სათავეში დამკვიდრებას ვერ ახერხებს.

გუშინ სომხეთთან წაგების შემდეგ – 1:3, რუსებმა დღეს ბერძნებს აჯობეს ამავე ანგარიშით. ალექსანდრა კოსტენიუკის, ალექსანდრა გორიაჩკინას, ვალენტინა გუნინას და ოლგა გირიას ოთხეულიდან მხოლოდ გუნინა დამარცხდა – მას თეთრებით აჯობა ანასტასია ავრამიდუმ.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 1 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian