ბათუმი 2018: VIII ტური

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს: ყოველ ტურს ლიდერის ცვლილება მოსდევს, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის.

7 ტურში 6 გამარჯვებით და ყაიმით ვაჟთა შორის აზერბაიჯანის, პოლონეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები გუნდები ლიდერობდნენ. დღეს I მაგიდას სწორედ აზერბაიჯანელები და ამერიკელები მიუსხდნენ. ყველაზე გვიან IV დაფაზე გამართული სემუელ შენკლენდისა და რაუფ მამედოვის დაპირისპირება დასრულდა. იმ დროისთვის ანგარიში 1,5:1,5 იყო.

I დაფაზე ამერიკელთა ლიდერმა ფაბიანო კარუანამ თეთრი ფიგურებით პირველი მარცხი აგემა შახრიარ მამედიაროვს. მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტმა ბათუმში მე-7 პარტიიდან მე-4 მოიგო (3 ყაიმი), მამედიაროვი კი 3 გამარჯვების და ამდენივე ყაიმის შემდეგ დამარცხდა.

II დაფაზე ტეიმურ რაჯაბოვმა გაიმარჯვა, მისი ოპონენტი უესლი სო კი 8 ტურში პირველად დაშამათდა. აქამდე მან 7 პარტიიდან 5 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რამდენიმე წლის წინ სო მსოფლიოს ჩემპიონობის პრეტენდენტად ითვლებოდა: 2008 წელს ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე გახდა, რომლის რეიტინგმა 2600-ს გადააჭარბა, 2013 წლის დასაწყისში კი მხოლოდ და მხოლოდ მე-11 მოთამაშე შეიქნა, რომელმაც 2800-იანი ნიშნული გადალახა…

III დაფაზე ჰიკარუ ნაკამურა და არკადი ნაიდიჩი ყაიმზე შეთანხმდნენ. ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორედ ითამაშა შავი ფიგურებით და კვლავ არ წააგო, საერთო ჯამში კი 8 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა აქვს.

სულ ბოლოს კი, როგორც ვთქვით, IV დაფის შედეგი გაირკვა: შენკლენდმა შავი ფიგურებით დააშამათა რაუფ მამედოვი, ამერიკამ კი 2,5:1,5 მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელები მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან.

აზერბაიჯანი-ამერიკის პაექრობაზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა პოლონეთ-სომხეთის დაპირისპირება. საწყის 6 ტურში გამარჯვების შემდეგ პოლონელებმა ზედიზედ მეორედ ითამაშეს ფრედ და მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთა შორის ძალიან სიმჭიდროვეა, ფინიშამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება, კვლავ ინარჩუნებენ არათუ მედლის, ჩემპიონობის შანსსაც.

პოლონელებს ოლიმპიადაზე ოქროც მოუგიათ და ვერცხლ-ბრინჯაოც, თუმცა სათქმელია, რომ საჭადრაკო თვალსაზრისით საუკეთესო წლები ამ ქვეყნის გუნდს XX საუკუნის პირველ ნახევარში ედგა. პოლონელმა ვაჟებმა საჭადრაკო ოლიმპიადა ერთადერთხელ მოიგეს – 1935 წელს, 1939 წელს მეორენი იყვნენ, მას შემდეგ კი პრიზიორთა შორისაც არ გამოჩენილან.

ლიდერთა შორის დაბრუნდა საფრანგეთი (უკრაინასთან 2,5:1,5-ის შემდეგ), ისრაელის ნაკრებმა კი პირველ 4 ტურში გამარჯვების შემდეგ, კვლავ ვერ მოიგო. მეტიც: ზედიზედ 3 ყაიმის შემდეგ დღეს ინგლისთან დამარცხდა – 1,5:2,5 და სავარაუდოდ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

სომხეთის ქალთა ნაკრები, რომელიც 7 ტურში 6 გამარჯვებით და ყაიმით ერთპიროვნულად ლიდერობდა ოლიმპიადას, უკრაინასთან დამარცხდა – 1:3.

გამარჯვებულთა ლიდერმა ანა მუზიჩუკმა (I დაფა) და ანა უშენინამ (III დაფა) თეთრი ფიგურებით სძლიეს ელინა დანიელიანს და ანა სარქისიანს, II და IV დაფებზე მოასპარეზე მარია მუზიჩუკმა და ნატალია ჟუკოვამ კი შავი ფიგურებით ყაიმს მიაღწიეს ლილიტ მკრტჩიანთან და სირანუშ ღუკასიანთან.

8 ტურის შემდეგ უკრაინის აქტივში 6 გამარჯვება და 2 ყაიმია და ჩინეთთან ერთად ლიდერობს ოლიმპიადას. მეტოქესაც იდენტური მაჩვენებელი აქვს.

2016 წლის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა ჩინეთის ნაკრებმა დღეს რუმინეთი დაამარცხა – 3,5:0,5.

გამოსარჩევია ჩინელთა მე-3 და მე-4 ნომრების ტინჟიე ლეის და მო ჟაის გამარჯვება. ამ უკანასკნელმა შავი ფიგურებით დააშამათა ანდრეა-მაროიარა კოსმანი.

ყაიმით დასრულდა პარტია II დაფაზე: კიან უანმა კორინა-ისაბელა პეპტანთან გაიყო ქულა. აუცილებლად სათქმელია, რომ ჩინელთა ოთხეულიდან კიან უანი და ტინჟიე ლეი შეუცვლელები არიან: ორივემ რვავე ტურში ითამაშა და ორივემ დაუმარცხებლად! პირველის აქტივში 5,5 ქულაა, მეორემ კი 6,5 ქულას მოუყარა თავი.

მოწინავე ათეულის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია რეიტინგის მე-5 ნომრის ინდოეთის ნაკრების მარცხი უნგრეთთან – 1:3. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი ბათუმი 2018-ზე მე-13 გუნდადაა განთესილი.

I დაფაზე კვლავ შესანიშნავი იყო გამარჯვებულთა ლიდერი თან ტრანგ ჰოანი, რომელმაც პირველი მარცხი აწვნია ჰამპი კონერუს. თავის მხრივ, ტრანგ ჰოანმა მეშვიდე პარტიიდან მეექვსედ გაიმარჯვა და 6,5 ქულით ერთ-ერთი საუკეთესოა.

უნგრელთა პირველი ნომერი ვიეტნამიდანაა და 2011 წელს ქუთაისში გამართული ევროპის ჩემპიონატიც მოიგო სწრაფ ჭადრაკში, იგივე მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასი. ტრანგ ჰოანი სხვა მხრივაცაა საინტერესო: 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 20-წლამდელთა შორის, 2000 წელს აზიის უძლიერესი ქალის ტიტული მოიპოვა, 2013 წელს კი უკვე ევროპის ქალთა ჩემპიონატში გაიმარჯვა…

რეიტინგის ლიდერმა რუსეთის ნაკრებმა კიდევ ერთხელ მოიგო. ოლიმპიადის თანაფავორიტებმა დღეს ნიდერლანდელებს სძლიეს – 4:0. გამორჩეული იყო IV დაფაზე გათამაშებული პარტია: ოლგა გირიამ როზა რატსმას სძლია. ეს უკანასკნელი პირველად დამარცხდა ბათუმში – აქამდე 5 პარტიიდან ყველა მოეგო, გირიამ კი მეხუთედ გაიმარჯვა და 6 შესაძლებლობიდან 5,5 ქულით ნაკრების საუკეთესო კონტრიბუტორია ალექსანდრა კოსტენიუკთან (I დაფა) ერთად.

IX ტურის შეხვედრებიც 15 საათზე დაიწყება, თუმცა ბათუმი დილიდანვე მოექცევა ჭადრაკის მოყვარულთა თვალთახედვის არეში: სასტუმრო შერატონში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ოფიციალური პროცედურა 9 საათიდან დაიწყება.

ფიდეს პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის: პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წლების განმავლობაში ორგანიზაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გეორგიოს მაკროპულოსი (საბერძნეთი), არკადი დვორკოვიჩი (რუსეთი) და ინგლისელი დიდოსტატი ნაიჯელ შორტი.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 2 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian