ბათუმი 2018: წიგნების პრეზენტაცია

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო დღეს, ბათუმის სპორტის სასახლის საგამოფენო სივრცეში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის ზურაბ აზმაიფარაშვილის წიგნების პრეზენტაცია მოეწყო.

ორტომიანი გამოცემა სახელწოდებით „საქართველოდან ევროპისკენ“ ქართველი დიდოსტატის განვლილი გზის ერთგვარი შეჯამებაა: პირველი ტომი ზურაბ აზმაიფარაშვილის კარიერაზე მოგვითხრობს, მეორე ტომი კი ევროპულ ჭადრაკს ეთმობა.

უხვად ილუსტრირებული გამოცემის ავტორია საერთაშორისო დიდოსტატი საჭადრაკო კომპოზიციებში, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ეტიუდების შედგენაში დავით გურგენიძე.

ზურაბ აზმაიფარაშვილი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ევროპის საჭადრაკო კავშირს. 3 ოქტომბერს ის მეორე ვადით აირჩიეს ამ თანამდებობაზე, სხვადასხვა დროს კი იყო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის და ღირსების ორდენებით.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 5 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian