ბათუმი 2018: X ტური

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოსწინა დღემ ვაჟთა შორის ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ტრადიციულად, ლიდერი ისევ შეიცვალა.

პოლონეთი, რომელიც ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ბათუმი 2018-ის მთავარ აღმოჩენად ვაღიაროთ, 4 ოქტომბერს ცხრილის სათავეში შეხვდა, თუმცა ჩინელებთან მატჩის შემდეგ მათ დაქვეითება არ ასცდათ – 1:3 დათმეს პრინციპული მატჩი და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგეს.

ჩინელებმა I და IV დაფებზე გაიმარჯვეს: ლირენ დინმა თეთრებით, ხოლო ჩაო ლიმ შავი ფიგურებით დაამარცხეს იან-კრჟიშტოფ დუდა და კამილ დრაგუნი. ამ უკანასკნელმა დღეს მერვედ ითამაშა ოლიმპიადაზე და პირველად დამარცხდა. II და III დაფებზე იანგუი იუმ რადოსლავ ვოიტაშეკთან, ხოლო ჩიანჟი ბუმ კასპერ პიორუნთან გაიყვეს ქულა.

პოლონეთი პირველად დამარცხდა ბათუმში, არადა ამ ტურის წინ მასავით უძლეველი ერთადერთი გუნდი იყო – გერმანია.

პოლონელთა წაგებით შესანიშნავად ისარგებლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკამ, რომელიც X ტურის წინ ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს. ამერიკელებმა II მაგიდაზე სომხეთს სძლიეს – 2,5:1,5.

ჩემპიონებმა სემუელ შენკლენდის ძალისხმევით გაიმარჯვეს, რომელმაც III დაფაზე შავი ფიგურებით დაამარცხა ჰრანტ მელქუმიანი. სომეხთა მე-3 ნომერმა ბათუმში პირველად წააგო. აქამდე მის აქტივში 3 გამარჯვება და 5 ყაიმი იყო.

დანარჩენი პარტიები ყაიმით დასრულდა, მათ შორის I დაფაზე, ლევონ არონიანსა და ფაბიანო კარუანას შორის გამართული პაექრობა. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სომეხი დიდოსტატი, ვინც თითქმის ერთი წლის წინ თბილისში გამართული ფიდეს გრან პრი მოიგო, ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა. მისი შედეგები სწორედ ამაზე მეტყველებს: არონიანი II ტურიდან შეუცვლელად თამაშობს და 9 პარტიიდან მხოლოდ 2 მოიგო, 6-ჯერ კი ყაიმს დასჯერდა…

III და IV მაგიდებზე ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა: რუსეთმა 2,5:1,5 სძლია ინგლისს, ფრანგები კი ხორვატებზე ძლიერები გამოდგნენ.

პოლონეთისგან განსხვავებით, კვლავ დაუმარცხებელია გერმანიის ოთხეული, რომელმაც დღეს 2:2 ითამაშა ვიეტნამთან. 10 ტურიდან ამ გუნდმა მხოლოდ 5-ში გაიმარჯვა, 5 ყაიმი კი არათუ ოლიმპიური ოქროსთვისაა ბევრი, სხვა სინჯის მედალსაც იშვიათად ჰყოფნის.

არანაკლებ დაძაბული მატჩები შედგა ქალთა შორის: პირველი 3 წყვილი მოწინავე ექვსეულის გუნდებმა დააკომპლექტეს. სატურნირო ცხრილის ლიდერი ჩინეთი 9 ტურის შემდეგ IV ადგილზე დამკვიდრებულ ამერიკას დაუპირისპირდა, II ადგილზე მყოფი უკრაინა ლიდერთა შორის დაბრუნებულ რუსეთს შეხვდა, III მყოფმა სომხეთმა კი აზერბაიჯანთან ითამაშა.

სამივე პაექრობა 2:2 დასრულდა.

განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა ჩინეთის და ამერიკის ნაკრების მე-3 ნომრების ტინჟიე ლეის და ტატევ აბრაჰამიანის პარტია. მეტოქეები ყაიმზე თითქმის 6-საათიანი დაპირისპირების შემდეგ შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ იმ დროისთვის ქალთა ოლიმპიადის ყველა დაპირისპირება ერთი საათის დასრულებული იყო…

უკრაინა-რუსეთის ოთხივე პარტიაც ყაიმით დასრულდა. ეს შედეგი არცერთს აწყობდა: უკანასკნელი ტურის წინ უკრაინა ლიდერთა შორის კი დარჩა, მაგრამ ძალიან შეიმცირა ოქროს მედლის მოგების შანსი, რუსეთს კი წინა ტურებში 2 გაუმართლებელი მარცხის შემდეგ მხოლოდ მოგება აწყობდა, რაც არ მოხდა. ამ შედეგის გათვალისწინებით რუსეთს მედლის მოპოვებაც ძალიან გაუჭირდება, არადა ბათუმში I ნომრადაა განთესილი და სამართლიანად ითვლებოდა ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად.

უკანასკნელი ტურის წინ ვაჟთა და ქალთა სატურნირო ცხრილში ძალიან დაძაბული სიტუაციაა – ინტრიგა ბოლომდე შენარჩუნებულია.

უკანასკნელი, XI ტურის პარტიები ხვალ დილით, 11 საათზე დაიწყება.

ლაშა გოდუაძე, ბათუმის სპორტის სასახლე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 4 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი

ka_GEGeorgian