ბათუმი 2026: ევროოქროს გარეშე, მხოლოდ ვერცხლი და ბრინჯაო
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 19-26 აპრილს გაიმართა ბათუმის სპორტის სასახლეში, საქართველოს გუნდმა არაოფიციალურ ჩათვლაში XI ადგილზე დაასრულა. გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ორი მედალი მოიგო: მამაკაცთა შორის 88კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა ზურაბ მსხალაძემ, ქალთა შორის ყველაზე მძიმე, +86კგ წონაში კი, ასევე ორჭიდში მესამე იყო ანასტასია გოტფრიდი.
88კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მამაკაცებმა მედლები შეჯიბრების მეხუთე დღეს, 23 აპრილს გაითამაშეს. ზურაბ მსხალაძემ ატაცში ჯერ 158, მეორე ცდაზე კი 163-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა. მესამე ცდაზე ის 167 კილოგრამს დაეჭიდა, მაგრამ ვერ მოერია. პირველი მოძრაობის შემდეგ მსხალაძე მე-5 ადგილზე იყო, თუმცა გაცილებით უკეთ იასპარეზა აკვრაში. ქართველმა სპორტსმენმა პირველ მისვლაზე 194, შემდეგ 200 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალიც მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი მხოლოდ მოლდოველ მარინ რობუს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა ევროპის ჩემპიონის წოდება ორჭიდში დაძლეული 373 კილოგრამით მოიპოვა.
რობუ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, თუმცა მიჯრით მეოთხედ მოიგო კონტინენტის პირველობის მედალი: შარშან კიშინიოვში (მოლდოვა) მეორე იყო, 2023 წელს ერევანში და 2024 წელს სოფიაში კი მესამე ადგილები დაიკავა.
ბათუმი 2026 კვირას, მძიმეწონოსანთა შეჯიბრებებით დასრულდა და ჩვენი გუნდის მონაგარიც 26 აპრილს გაიზარდა – ანასტასია გოტფრიდი (+86კგ) ბრინჯაოს დაეუფლა!
წარმოშობით უკრაინელმა სპორტსმენმა, რომელიც 2016 წლიდან ასპარეზობს საქართველოს სახელით, ატაცში ორი ცდა გამოიყენა: ჯერ 115, მესამე მისვლაზე კი 118 კილოგრამი დაძლია. ამ შედეგით ის მხოლოდ ნორვეგიელ სოლფრიდ კოანდას ჩამორჩა და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აკვრაში ანასტასია სამეულში ვერ მოხვდა, მესამე მისვლაზე დაფიქსირებული 144 კილოგრამით თურქ ტუანა სურენს (145), კოანდას (156) და დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ემილი კემპბელს (159) ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, ორი მოძრაობის ჯამში გოტფრიდმა 262 კილოგრამი დააფიქსირა, რაც მესამე საუკეთესო შედეგი იყო კემპბელის (276) და კოანდას (275) შემდეგ.
ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონატების მეექვსე(!) მედალს დაეუფლა. 2016 წელს ფიორდეში (ნორვეგია) და 2018 წელს ბუქარესტში (რუმინეთი) ის ჩემპიონი გახდა, 2023 (ერევანი) და 2024 (სოფია) წლებში მეორე იყო, 2022 წელს კი ტირანაში მესამეზე გავიდა.
ემილი კემპბელის ოქროს მედალი კი აუცილებლად აღსანიშნავია, რადგან ბრიტანელი მიჯრით მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი! სხვათა შორის, მის აქტივში ევროპირველობების მეშვიდე მედალიცაა, 2019 წელს ბათუმში მოგებული ბრინჯაო.
ბათუმი 2026-ის ეგიდით მედლების უკანასკნელი კომპლექტი 26 აპრილს, საღამოს გათამაშდა მძიმეწონოსან (+110) მამაკაცთა შორის. მსოფლიოსა და ევროპის 2024 და 2025 წლების ჩემპიონატების გამარჯვებული, სომეხი ვარაზდატ ლალაიანი აშკარა ფავორიტი იყო და მოლოდინიც გაამართლა, ორჭიდის ჯამში 26(!) კილოგრამით მოიგო ზედიზედ მესამე ევროოქრო.
ბაქარ თურმანიძე ატაცში მეოთხეზე გავიდა (187კგ), აკვრაში მეხუთე შედეგი აჩვენა (219კგ), თუმცა ორჭიდში IV ადგილი დაიკავა.
რაც შეეხებათ საქართველოს გუნდის სხვა წევრებს, გოდერძი ბერდელიძემ (60კგ) ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო ორჭიდში მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ამავე წონაში რამინ შამილიშვილმა ატაცში ბრინჯაო მოიგო, ორჭიდში კი VI ადგილზე გავიდა. არჩილ მალაყმაძემ (79კგ) აკვრაში ბრინჯაო მოიპოვა, ორჭიდში კი მეხუთე იყო. მანუჩარ გოგოხიამ (88კგ) ატაცში III ადგილი დაიკავა, საბოლოოდ კი მხოლოდ პრიზიორებს ჩამორჩა.
მირანდა ჩუტკერაშვილმა (69კგ) C ჯგუფში იასპარეზა, საბოლოოდ კი 27-ე ადგილი დაიკავა. გაცილებით კარგი შედეგი აჩვენა ნანა ხორავამ (77კგ), რომელიც მე-5 იყო, ნანა გადელიამ კი, გოტფრიდის შემდეგ ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა ქართველ ქალ ძალოსანთა შორის: 86კგ წონით კატეგორიაში IV ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მარიამ მურღვლიანს (+86კგ), ის 18 მონაწილეს შორის მე-9 იყო.
ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი თანამეგობრობის ქვეყნების საგაისო თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპიც იყო და სწორედ ამიტომ, ბათუმის სპორტის სასახლეში გაშლილ ფიცარნაგზე დამოუკიდებელ გუნდებად იასპარეზეს შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთი ირლანდიის სპორტსმენებმა.
ჩემპიონატის არაოფიციალური გუნდური ჩათვლა სომხეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც ყველაზე მეტი, 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
ევროპის 2027 წლის პირველობა გაისად თურქეთში გაიმართება. სტამბოლი ევროპის IV თამაშების მასპინძელი ქალაქია და უძლიერესი ევროპელი ძალოსნებიც კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის სწორედ ევროპის IV თამაშების ეგიდით იბრძოლებენ.
ბათუმი 2026-ის მიმოხილვის დასასრულს კი, მსურს მადლიერება გამოვხატო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომელთა მხარდაჭერით ჟურნალისტთა ნაწილი ჩემპიონატის დღეებში ბათუმში ვცხოვრობდით და უშუალოდ შეჯიბრების ადგილიდან ვაშუქებდით ევროპის ჩემპიონატს.
ლაშა გოდუაძე
ბათუმი; 2026 წლის 23-26 აპრილი
