ბათუმს ქათქათას

რა არ მიყვარს ბათუმში და წვიმა.
წვიმის დროს ეს კოხტა ქალაქი საშინელი ხდება და, შინ ჯდომას რომ თავი დავანებო (რაც ბათუმში ჩასულისთვის, მგონი, უარესი ვარიანტია), სახესაც კარგავს: ბედოვლათი ხელისუფლების გადამკიდე, გინდ ახლანდელის და გინდ წინამორბედის, დატბორილ ქუჩებში გავლა თითქმის შეუძლებელია.

3 სექტემბერს ზუსტად ასეთ სურათს შევესწარი – წვიმამ გადაიღო თუ არა, ვიფიქრე შინ ფეხით მივალ-მეთქი. სასტუმროდან სახლამდე დაახლოებით კილომეტრი უნდა გამევლო…

მწარედ შევცდი – შუა გზაზე ისევ დაუშვა და ბათუმური წვიმა კიდე, მოგეხსენებათ, განსხვავდება თბილისურისგან: საშინელია, აუტანელი და სახლამდე მანძილი მეც იმ ხალხის ლოცვაში გავატარე, რომლებსაც სანიაღვრე სისტემის მოგვარებაც ევალება და წლებია ეს საკითხი ვერ გადაუჭრია.

სახლის კარი რომ შევაღე, თითქმის მთლიანად გალუმპული ვიყავი. ქოლგა კი თან მქონდა, მაგრამ წვიმასთან ერთად ქარმაც დაუბერა და… ეს კიდევ არაფერი: ბულვარისპირა ქუჩები წყლით იყო სავსე და ლამის მუხლებამდე წყალში ჩაძირულს მაგრად მომეშალა ნერვები. ისიც არ დაგავიწყდეთ წინა დღეს ჩვენი ნაკრები კოსოვოსთან რომ დამარცხდა…

წელს ბათუმს სწორედ ფეხბურთის გამო ვესტუმრე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1997 წლის შემდეგ პირველად ითამაშა ზღვისპირა ქალაქში. ამას თავი დავანებოთ, ახალი სტადიონის ნახვაც მინდოდა – ევროთასებზე დინამოს მატჩებს ვერ დავესწარი და…

ვიფიქრე კოსოვოა, ბიჭები საშინაო მატჩს მოიგებენ-მეთქი. 0:1 წააგეს. გუნდმა საშინლად ითამაშა…

აი მზიანი ბათუმი კი ძალიან მიყვარს.

ოღონდ ქალაქში ჩემი ფავორიტი უბნები მაქვს და მხოლოდ მათ ვსტუმრობ-ხოლმე. ღრმად არ შევდივარ, რადგან იქ ქალაქი უკვე არაფრით განსხვავდება, ვთქვათ, ინდოეთის რომელიმე დიდი დასახლებისგან. ინდოეთი იმიტომ ვახსენე, რომ ბევრი ვიდეო მინახავს იქაურ დელი-მუმბაებზე. ასე მგონია სახლები თავის ნებაზეა აგებული, ბოძებზე გადახლართული კაბელები ვის სად დაღუპავს, კაცმა არ იცის, მანქანების მოძრაობისგან კი მფარველი ანგელოზი თუ დაგიცავს – რაც უფრო შორდები ბულვარს, მით უფრო საშიში ხდება გადაადგილება, ასე რომ, მადლობთ, ზღვის პირას დავრჩები.

ბულვარის გაყოლებაზე წამოჭიმული ბათუმი კი ჩინებულია. ნუ, ბევრს არ მოსწონს ეს ახალი კორპუსები, გაუთავებელი მშენებლობები, მაგრამ რავი, ახალი ქალაქი მგონი უფრო კარგია, ვიდრე ცუდი.

ბათუმის მზე ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ ბულვარში სეირნობაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გადავიკიდებ ხოლმე ფოტოაპარატს და პორტამდე ვპაპარაცობ. ჩემთვის ეს ამბავი მთელი თავგადასავალია და სხვამ თავისი თქვას. და არ აქვს მნიშვნელობა, დილით გავუყვები ბილიკს თუ საღამოს, ორივე შემთხვევაში ერთნაირად საინტერესოა.

კიდევ პორტის კაფე მიყვარს, სმირბას რესტორანს რომ უწოდებენ. იქ ჩამოჯდომა, აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნება და გემების ცქერა სიმშვიდეს და დიდ სიამოვნებას მგვრის. საღამოს, როცა პორტში მთვლემარე გემები ოქროსფრად იფერებიან, ფინჯან ყავას გეახლებით და იმ ყავას განსაკუთრებული გემო აქვს. შეიძლება მეჩვენება და ვაჭარბებ, მაგრამ რავი, მე ასე მგონია.

ძველი ბათუმიც მიყვარს, ვიწრო, ქვებით მოკირწყლული ქუჩებით და ქათქათა, ორსართულიანი სახლებით. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე წელს მშვენიერი პაბიც აღმოვაჩინე და იქაური ლუდითაც ვისიამოვნე. თქვენც გირჩევთ: მერის პაბი ჰქვია და მე რომ ჩამოვჯექი, გარშემო მხოლოდ ბრიტანელები ისვენებდნენ…

გემით გასეირნება კი ტრადიციად მექცა. მართალია ნახევარი საათი თვალის დახამხამებაში გარბის, მაგრამ ზღვიდან დანახული ბათუმის შესაყვარებლად, მგონი, საკმარისია.

სამების ეკლესიიდან ქალაქზე გადმოხედვა წლებია მინდოდა, მაგრამ აქამდე ვერ შევძელი. პრინციპში, ვერც ამ შემოდგომით მოვახერხე – ტაძრამდე კი ავედი, მაგრამ გარშემო ყველაფერი ნისლში ჩაეფლო და არაფერი ჩანდა.

სამაგიეროდ, საბაგიროს ზედა სადგურიდან დავტკბი საღამოს ბათუმით. დიდებული სანახაობა იყო, თან, მზის ჩასვლასაც მივუსწარი. ზევიდან საღამოს ბათუმი სხვანაირია. ნამდვილად არაა თეთრი, მაგრამ თავისებურად მომხიბვლელია. სხვათა შორის, იქაურობა ტურისტებით იყო სავსე. როგორც ჩანს, უკვე პოპულარული ადგილია.

ჩემ ბათუმს კიდევ ხალხმრავლობა უხდება და ამ შემოდგომით, ეგრეთ წოდებულ ხავერდოვან სეზონზე, ბულვარი ყველა ასაკის დამსვენებლებით სავსე იყო. და უმეტესობა, ჩემი დაკვირვებით, უცხოელი გახლდათ. ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მშვიდობა იყოს და ტურისტი ბაღდადიდანაც მოვაო, როგორც მიდი მოადე იტყოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მზიანი და თბილი ბათუმი ძალიან საყვარელია.

აი ზღვა კი გონიოს, კვარიათის და სარფის სჯობს. ყოველ შემთხვევაში მე და ჩემებს იქ უფრო მოგვწონდა.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბათუმი, სარფი, გონიო; 2021 წლის 1-15 სექტემბერი

ka_GEGeorgian