BBCმ მოჰამედ სალაჰი აფრიკის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა
აფრიკის წლის ფეხბურთელად ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-მ ლივერპულის ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი აღიარა.
„შესანიშნავი გრძნობაა, ძალიან გახარებული ვარ“! – განაცხადა ეგვიპტელმა თავდამსხმელმა მთავარი ჯილდოს მიღების შემდეგ და დასძინა – „მინდა, რომ გაისად კვლავ საუკეთესო ვიყო. ლივერპული დიდი კლუბია და იმედია ამ ტიტულის კიდევ ერთხელ შენარჩუნებაში დამეხმარება“.
მოჰამედ სალაჰმა აფრიკის უძლიერესი ფეხბურთელის ტიტული BBC-ის ვერსიით პირველად შარშან მოიგო. ნიგერიელი ჯეი-ჯეი ოკოჩას შემდეგ (2003-2004) ის პირველია, რომელმაც ეს წოდება ზედიზედ მოიგო. მთავარი პრიზი ასევე ორჯერ მოუგიათ ნიგერიელ ნვანკვო კანუს (1997, 1999) და კოტდივუარელ იაია ტურეს (2013, 2015).
2017-18 წლების სეზონში სალაჰმა ლივერპულის მაისურით 52 ოფიციალურ მატჩში 44 გოლი შეაგდო, მიმდინარე სეზონში კი 23 შეხვედრაში 13-ჯერ გამოიჩინა თავი. ამას გარდა, ეგვიპტის ნაკრების მაისურით 6 თამაშში 7-ჯერ გაიტანა.
2018 წელს ის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო მოთამაშე და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა, ამასთანავე მოთამაშეების და ჟურნალისტების ვერსიითაც მოიგო სეზონის ფეხბურთელის ტიტული. ხოლო ის, რომ ქომაგებმა ლივერპულის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ყველასთვის ცნობილია.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 14 დეკემბერი)