ბებერი ფრანგის ჰეთ-თრიქი
ძალიან საინტერესო თამაში გამოდგა, ალბათ ერთ–ერთი ულამაზესი ამ სეზონში, თუ საუკეთესო არა.
პარიზული მატჩის შემდეგ, რომლის მსვლელობისას კინაღამ დამეძინა, ვფიქრობდი, რომ პსჟ იყო ფავორიტი. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ რეალის საქმე დამთავრებული არ იყო. ბოლოს და ბოლოს, კარლო ანჩელოტი წვრთნის სამეფო კლუბს, ის კიდე ყველა დროის უდიდესთაგანი მგონია.
ვფიქრობ, სწორედ მწვრთნელმა მოიგო ეს თამაში, შესვენებაზე. და ამ ამბავში პოჩეტინოს შეცდომაც დაეხმარა – დი მარიას სკამზე დატოვებას ვგულისხმობ.
მსაჯის შეცდომაც უნდა ვახსენო – ვფიქრობ, ბენზემას პირველ გოლზე ჯარიმა უნდა დაენიშნა, ფრანგმა აშკარად იუხეშა მეკარესთან. მაგრამ ამავდროულად, ასი პროცენტით ვეთანხმები კომენტატორებს – ცარიელი კარის წინ მდგომმა მეკარემ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე, ბოლო წამს არ უნდა მოიგერიო ბურთი. იგებ, თან მეტოქის მოედანზე და რატომ იტკივებ თავს?
საერთოდ, დონარუმას პარიზში ტრანსფერი დიდი შეცდომა იყო, ისევე როგორც მესის გადასვლა და შეცდომაა ისიც, რომ მბაპე ამდენი ხანი ჩერდება იქ.
და ზოგადად, ეს პარიზული გრანდიც ერთი დიდი შეცდომაა თანამედროვე ფეხბურთში. ყველაფერს ფულით ვერ იყიდი და აგერ ბატონო საუკეთესო მაგალითი.
რაც შეეხება თამაშის გმირს:
1: ბენზემა გახდა ყველაზე ასაკოვანი, ვინც ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა;
2: ფრანგმა რეალის ყველა დროის ბომბარდირებში დი სტეფანოს გადაასწრო და 309 გოლით ახლა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (450) და რაულს (323) ჩამორჩება;
3: ამავდროულად, მან მეხუთასედ ითამაშა რეალის ძირითადში და ლეგიონერებში მხოლოდ რობერტო კარლოსი დგას მასზე წინ – 524 მატჩი ძირითადში.
და რაც შეეხება პარიზულ ფინალს: გუშინდელის მიუხედავად, იქ კარლოს ბიჭებს მაინც ვერ ვხედავ. სიტიც უკეთესი გუნდი მგონია, ლივერპულიც, ბაიერნიც, აიაქსიც და იუვე ხომ ყველას და ყველაფერს აოტნებს, მთავარია პერუჯას არ შეხვდეს სადმე თავსხმა წვიმაში.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 10 მარტი)
ფოტო: UEFA.com