ბებერი ქალბატონის ფავორიტი

იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბი ტურინის იუვენტუსი ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა სერია ასშარშანდელმა სკანდალმა გვარიანად შელახა გუნდის რეპუტაცია, რასაც კლუბში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოჰყვა.
დღეს იუვენტუსის სათავეში ის ადამიანები არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ გუნდისთვის მთავარია მავანთა უსაქციელობის გამო დაკარგული ადგილის დაბრუნება და ძველი სიმაღლეების დაპყრობა. დამტკიცება იმისა, რომ ზედიზედ 2ჯერ მოგებული და შემდეგ ჩამორთმეული სკუდეტოების მიუხედავად, იუვენტუსი კვლავაც რჩება იტალიური საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანად.
სერია აში დაბრუნებას მოუთმენლად ელის ალესანდრო დელ პიერო, კლუბის კაპიტანი და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, გუნდის ცოცხალი სიმბოლო.
ჩანახატი, რომელსაც ჩვენი ჟურნალის ამ ნომერში გთავაზობთ, პოპულარული იტალიური გამოცემის კალჩო იტალიას ერთერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნდა.

…2007 წლის 20 იანვარს ალესანდრო დელ პიერომ იუვენტუსელთა იმ უნიკალური კლუბის კარი შეაღო, რომელიც მანამდე მხოლოდ ორ წევრს, გაეტანო შირეას და ჯუზეპე ფურინოს ითვლიდა: ალექსმა მეხუთასედ მოირგო იუვენტუსის მაისური!

ბარის წინააღმდეგ, სერია ბს მორიგ ტურში დაფიქსირებული შესანიშნავი მიღწევა დელ პიერომ გოლითაც აღნიშნა. ეს მისი 204ე ზუსტი დარტყმა იყო იუვენტუსის შავ-თეთრი ფორმით.

მართალია ეს რეკორდი არაა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – ამბობს გახარებული კაპიტანი და დასძენს – ამ მხრივ ახლა მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამოვრჩები, მაგრამ ნახეთ რა ფეხბურთელებსბეპე ფურინოს და გაეტანო შირეას! ჩემი აზრით, ორივე იუვენტუსის ლეგენდაა! სწორედ ამიტომ მიხარია მათ მხარდამხარ 500იანთა კლუბში ყოფნა!

ჯუზეპე, იგივე ბეპე ფურინომ იუვენტუსის მაისურით 528 შეხვედრა ჩაატარა, გაეტანო შირეამ კი, რომელიც წლების მანძილზე იყო კლუბის კაპიტანი, 552ჯერ მოირგო ტურინელთა შავ-თეთრი სამოსი.

შირეა, რომელიც 1989 წლის 3 სექტემბერს ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, იმ იშვიათთაგანია, რომლებსაც კარიერის მანძილზე ყველა საერთაშორისო საკლუბო თასი მოუგიათ: 1977 წელს მან უეფას თასი აღმართა, 1984 წელს თასების მფლობელთა და ევროპის სუპერთასები, ხოლო 1985 წელს ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. თუ ამას დავუმატებთ იტალიის ჩემპიონატში 7ჯერ გამარჯვებას, 2ჯერ აღმართულ თასს და 1982 წლის ტრიუმფს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელს მივიღებთ.

ტიტულები და ჯილდოები არც დელ პიეროს აკლია: იტალიის 5გზის ჩემპიონი (რომ არა კალჩოპოლის სკანდალი, შირეას დარად, ალექსსაც 7 სკუდეტო ექნებოდა), თასის მფლობელი, სუპერთასის 4გზის გამარჯვებული, თითოჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ, საკონტინენტთაშორისო და ინტერტოტოს თასები, ევროპის 2გზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და რაღა თქმა უნდა, შარშან, გერმანიაში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო!

ერთი სიტყვით, საუბარია იუვენტუსის 2 ტიტულიან მოთამაშეზე, რომლებმაც კლუბში ეპოქები შექმნეს. და თუ დელ პიერო თამაშების რაოდენობით ჯერ კიდევ ჩამორჩება შირეას და ფურინოს, კარსმომდგარ სეზონში, სავარაუდოდ, ამ მხრივ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

* * *
დელ პიეროს და იტალიური ფეხბურთის ბებერ ქალბატონად წოდებული ტურინის იუვენტუსის ურთიერთობა 14 წლის წინ დაიწყო – ნიჭიერი ფეხბურთელი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პროვინიცული პადოვადან გადაიბირა და პირველსავე სეზონში მისცა მოედანზე გასვლის ნება: 1993 წლის 12 სექტემბერს, ფოჯას წინააღმდეგ, დელ პიერომ პირველად ითამაშა სერია აში – ფაბრიციო რავანელი 74ე წუთზე შეცვალა. ერთი კვირის შემდეგ დელ პიერო კვლავ გავიდა მოედანზე და რეჯანასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იუვენტუსში ასე დიდხანს გავჩერდებოდი და მითუმეტეს, თუ მე500 მატჩს სერია ბში ჩავატარებდი. სამწუხაროდ, გასული სეზონი ჩვენმა კლუბმა ელიტაში ვერ გაატარა, მაგრამ მერწმუნეთ, სერია აში დაბრუნებულნი გაათმაგებული ძალით ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის!დელ პიერო.

2005-06 წლების სეზონში ის მეშვიდედ გახდა სკუდეტოს მფლობელი, მაგრამ შემდეგ სკანდალი აგორდა, რასაც კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვა.

სერია ბში დაქვეითების ლოგიკური გაგრძელება იყო წამყვანი ფეხბურთელების სხვადასხვა კლუბებში გადასვლა: ფაბიო კანავარო და ემერსონი მადრიდის რეალის საკუთრება გახდნენ, ლილიან ტურამი და ჯანლუკა ძამბროტა ბარსელონაში გადაბარგდნენ, პატრიკ ვიეირამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანის ინტერის მაისური მოირგეს…

დელ პიერო დარჩა, თუმცა: ფაბიო კაპელო რომ დარჩენილიყო, ალბათ, კლუბს დავტოვებდი. ცნობისათვის: ალექსს მანჩესტერ იუნაიტედი იწვევდა.

არავისთვისაა ახალი, რომ კაპელოსა და დელ პიეროს ურთიერთობას იდეალური არ ეთქმოდა. თუ რატომ, ამის ახსნა ძნელია და ალბათ, არცაა საჭირო. მთავარი ისაა, რომ კაპელომაც დატოვა ელიტიდან გაგდებული იუვენტუსი, რითაც დელ პიეროს გუნდში დარჩენა გადააწყვეტინა.

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი და წლების მანძილზე იუვენტუსის დაცვის ბურჯი ჩირო ფერარა იხსენებს: კლუბში კაპელოს მოღვაწეობის მანძილზე დელ პიერო ბედნიერი იშვიათად იყო. მე არ ვიცი რატომ არ ენდობოდა მწვრთნელი ფეხბურთელს, მაგრამ ვიცი ის, რომ ალესანდრო მოთმინებით იტანდა ყველაფერს და გუნდის თავკაცის ყველა გადაწყვეტილებას გაგებით ხვდებოდა. დელ პიეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იუვენტუსი, ამ კლუბის შავთეთრ მაისურთან ის სამუდამოდაა შეზრდილი“.

სერია ას მომავალი სეზონის მონაწილე კლუბებს რომ გადავავლოთ თვალი, მხოლოდ 3 კლუბს ვიპოვით, რომლებშიც ცოცხალი ლეგენდები, სიმბოლოები ირიცხებიან: ალესანდრო დელ პიერო იუვენტუსში, ფრანჩესკო ტოტი რომაში და რაღა თქმა უნდა უბერებელი პაოლო მალდინი მილანში.

და თუ ამ მოთამაშეების კარიერას გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ არც ტოტის და არც მალდინის არ გადაულახავთ იმდენი დაბრკოლება, რამდენიც დელ პიეროს.

გავიხსენოთ? კეთილი: დაძაბული, თუმცა პრესისგან ძალიან გაზვიადებული ურთიერთობა რობერტო ბაჯოსთან…

1998 წლის 8 ნოემბერს, უდინეს სტადიო ფრიულიზე მიღებული მუხლის უმძიმესი ტრავმა, რასაც 9თვიანი იძულებითი დასვენება მოჰყვა…

არცთუ ტკბილი ურთიერთობა ფაბიო კაპელოსთან…

სერია ბ…

ეს ფეხბურთია და მიყვარს, რომ ის ასეთია: მოულოდნელობებით სავსე და რთულად პროგნოზირებადი. არაერთი პრობლემა დავძლიე და მიუხედავად იმისა, რომ დალხენილი საფეხბურთო კარიერა ნამდვილად არ მქონია, ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლაიუვენტუსში 14 წლის მანძილზე ბევრს არ უთამაშია. აქ ყოფნა, მოედანზე თითოეული გასვლა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა და ვეცდები, სანამ ძალა მექნება, სიამოვნება გავიხანგრძლივო, – ალესანდრო დელ პიერო.

რამდენიმე წელიწადიც და დელ პიერო ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს. რა იქნება შემდეგ? ალექსი ამის თაობაზე დუმს, მაგრამ ყურადსაღებია იუვენტუსის პრეზიდენტის ჯოვანი კობოლი ჯილის ამასწინანდელი ნათქვამი: ალექსი ჩვენი გუნდის სიმბოლოა, მსურს უახლოეს წლებში ის პრეზიდენტის სავარძელში ვიხილო“.

ალესანდრო დელ პიერო
დაიბადა 1974 წლის 9 ნოემბერს იტალიის დაბა კონელიანოში
თავდამსხმელი
კლუბები: პადოვა (იტალია; 1991-93), იუვენტუსი (იტალია; 1993 წლიდან)
ტიტულები: იტალიის ჩემპიონი – 1995, 1997, 1998, 2002, 2003; იტალიის სერია ბ – 2007; იტალიის თასი – 1995; იტალიის სუპერთასი – 1995, 1997, 2002, 2003; ჩემპიონთა თასი – 1996; ევროპის სუპერთასი – 1996; საკონტინენტთაშორისო თასი – 1996; ინტერტოტის თასი – 1999; მსოფლიოს ჩემპიონი – 2006; ევროპის ვიცე-ჩემპიონი – 2000; ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) – 1994, 1996; იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 1998; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (გუერინ სპორტივო, იტალია) – 1996; სერია ბს საუკეთესო ბომბარდირი – 2007; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 1997, 1998
იტალიის ნაკრებში: 83 მატჩი, 27 გოლი (1995 წლიდან)

*-2006 წლის 10 იანვარს, იტალიის თასის გათამაშებაში, ფიორენტინას 3 გოლი გაუტანა და იუვენტუსის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა 185 გოლით! წინა რეკორდი – 184 გოლი – ტურინული კლუბის 50იანი წლების ვარსკვლავს, მოგვიანებით კი იუვენტუსის პრეზიდენტ ჯამპიერო ბონიპერტის ეკუთვნოდა.
*-2006 წლის 28 ოქტომბერს, სერია ბს მორიგ ტურში, ფროზინონესთან მატჩში, დელ პიერომ მე200 გოლი გაიტანა იუვენტუსის მაისურით.

საიუბილეო მატჩები იუვენტუსში
001 – 1993 წლის 12 სექტემბერი, სერია ა – ფოჯა 1:1
100 – 1996 წლის 3 აპრილი, ჩემპიონთა ლიგა – ნანტი 2:0
200 – 1998 წლის 25 ოქტომბერი, სერია ა – ინტერი 1:0
300 – 2001 წლის 29 ნოემბერი, ჩემპიონთა ლიგა – ბაიერი 4:0
400 – 2004 წლის 15 სექტემბერი, ჩემპიონთა ლიგა – აიაქსი 1:0
500 – 2007 წლის 20 იანვარი, სერია ბ – ბარი – 4:2

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი, 2007)

ka_GEGeorgian