ბიანკა ანდრეესკუ: 5 ფაქტი თინეიჯერი ჩემპიონის შესახებ

ბიანკა ანდრეესკუ პირველი კანადელია, რომელმაც ერთეულთა შორის დიდი სლემის ტურნირი მოიგო!

ახლახანს დასრულებულ ფინალში 19 წლის ჩოგბურთელმა 6:3, 7:5 დაამარცხა ლეგენდარული სერენა უილიამსი, უმაღლესი კატეგორიის ტურნირების 23-გზის ჩემპიონი!

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: სერენას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა სლემ-ტიტული, როცა ანდრეესკუ დაბადებულიც არ იყო!
ვოლინეცი (აშშ), ფლიპკენსი (ბელგია), ვოზნიაკი (დანია), თაუნსენდი (აშშ), მერტენსი (ბელგია) და ბენჩიჩი (შვეიცარია) – ფინალისკენ მიმავალ გზაზე ანდრეესკუმ ეს ჩოგბურთელები ჩამოიშორა.

5 საინტერესო ფაქტი კანადელი თინეიჯერი-ჩემპიონის შესახებ კი ასეთია:

*-ამერიკის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული 19 წლის გახლავთ და წლის ბოლო სლემის ძირითად ბადეში წელს პირველად იასპარეზა. ფლეშინგ მედოუს კორტებზე ბიანკა 2017 და 2018 წლებში პირველივე საკვალიფიკაციო მატჩში დამარცხდა.

*-მის აქტივში აქამდე 2 ტიტული იყო, ორივე წელს მოგებული: ინდიან უელსის ფინალში გერმანელი ანგელიკ კერბერი დაამარცხა, ცინცინატიში კი სერენა უილიამსთან გაიმარჯვა – ამ უკანასკნელმა პირველ სეტში 1:3-ის შემდეგ ასპარეზობა შეწყვიტა.

*-2 417 873 აშშ დოლარი. მთავარ კარიერულ ტრიუმფამდე ბიანკას პროტურში ეს თანხა ჰქონდა გამომუშავებული.

*-მისმა მშობლებმა უმაღლესი სასწავლებლების დასრულებისთანავე მიაშურეს კანადას. ბიანკა 2000 წლის 16 ივნისს დაიბადა ონტარიოს შტატის პატარა ქალაქ მისისაუგაში.

*-ამერიკის ღია პირველობის მომავალმა გამარჯვებულმა ჩოგბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო, როცა ოჯახი კანადიდან სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე ანდრეესკუებმა კვლავ კანადას მიაშურეს, რამაც ბიანკას პროგრესი დააჩქარა. 11 წლისა კანადის ასაკობრივ ნაკრებში მოხვდა.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 სექტემბერი)

ka_GEGeorgian