ბილბაო მთაწმინდიდან
შენი თბილისი ძალიან ჰგავს ჩემს ბილბაოს!
დანამდვილებით ვერავინ იტყვის, მართლა უთხრა თუ არა ისიდრო ლანგარამ ბორის პაიჭაძეს ეს სიტყვები, მაგრამ ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთი ლამაზი ამბავი, თბილისის დინამოს და ბასკეთის ნაკრების ფეხბურთელთა მთაწმინდურ შეხვედრას რომ უკავშირდება, სწორედ ზემოხსენებულ სიტყვებს მიაწერს სტუმართა ლიდერს, XX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ესპანელ მოთამაშეს.
ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებმა იციან, თუმცა მათთვის, ვინც დიდად არ წყალობს ამ თამაშს, დავწერ: 1937 წლის ზაფხულში ბასკეთის ნაკრები საბჭოთა კავშირს და, მათ შორის, თბილისს საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში ეწვია.
1937 წლის 24 ივლისს ბასკებმა 2:0 სძლიეს დინამოს, რამდენიმე დღეში კი საქართველოს ნაკრებსაც აჯობეს – 3:1.
ნომერ პირველი ქართული საფეხბურთო კლუბის საერთაშორისო ისტორია ამ მატჩებით იწყება.
მეორე თამაშის შემდეგ, საქართველოდან გამგზავრებამდე, დინამოელებმა ბასკებს მთაწმინდაზე უმასპინძლეს და გადმოცემით, სწორედ მაშინ მიუმსგავსებია ლანგარას თბილისი და ბილბაო…
დინამო ხომ ჩემი საყვარელი კლუბია და მისი საერთაშორისო თავგადასავალი ყოველთვის გამორჩევით მიზიდავდა. წლების განმავლობაში ვაგროვებდი ამ თემასთან დაკავშირებულ მასალებს და 2017 წელს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში თავმოყრილი მასალები – ფოტოები, ტექსტები, სტატისტიკა – წიგნად შევკარი და გამოვეცი.
იმხანად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და პრეზენტაციაც იქვე გაიმართა.
ბასკებით დაწყებული ისტორია – ასე დავარქვი დინამოს 800მდე საერთაშორისო მატჩის შესახებ და პირველი საერთაშორისო თამაშის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წიგნს და ვერც ვიფიქრებდი, რომ შერჩეული სახელწოდების წყალობით რამდენიმე თვეში ბასკეთში, კონკრეტულად კი ბილბაოში მოვხვდებოდი ბასკეთის მთავრობის მიპატიჟებით.
ისე მოხდა, რომ წიგნის თბილისური პრეზენტაციის შესახებ ჩემმა მეგობარმა მიხეილ ვიგნანსკიმ ესპანელ კოლეგებს აცნობა, ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFEში გამოქვეყნებული მისივე ამბით კი ბასკეთის მხარის მთავრობა დაინტერესდა. ისინი, თავის მხრივ, თბილისში დაუკავშირდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ქალბატონ თამარ ამილახვარს და მოლაპარაკებებიც დაიწყო – ბასკებს წიგნის ბილბაოში პრეზენტაცია სურდათ სპორტული ღონისძიების თანხლებით.
შევეხმიანე დინამოს, ასე და ასეა, იქნებ თქვენსა და ატლეტიკს შორის თბილისსა და ბილბაოში საერთაშორისო ამხანაგური მატჩები დავგეგმოთ, ასეთი თარიღის ამ ფორმით აღნიშვნა ჩინებული იქნება-მეთქი. ეს ამბავი არ გამოვიდა.
შემდეგ ბასკეთის ნაკრების სტუმრობა ვიფიქრეთ. ამჯერადაც ხელი მოგვეცარა.
სულ ბოლოს დინამომ საერთაშორისო ტურნირისთვის ატლეტიკის ბავშვთა გუნდის მასპინძლობა შემოგვთავაზა. არც ამ საქმეს დაადგა საშველი.
მოკლედ, ისე მოხდა, რომ თბილისური პრეზენტაციის ხუთი თვის თავზე, ნოემბერში, ბილბაოს მე და ჩემი მეუღლე, ქალბატონი თამარი და საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრი და თანამშრომელი ვესტუმრეთ, მათ შორის ვეტერანი დინამოელი და ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ყაველაშვილი.
ბილბაო, სან სებასტიანი, გეჩო, ვიტორია და ეიბარი – ეს ქალაქები მოგვატარეს მასპინძლებმა ერთ კვირაში, ატლეტიკის მშობლიურ კათედრალზე – სან მამესზეც მიგვიწვიეს ბერლინის ჰერტასთან ევროპალიგის მატჩისთვის, წიგნის პრეზენტაცია კი კოხტა ბასკურ ქალაქ ეიბარში მოეწყო. და კიდევ: ეიბარშივე, წიგნის პრეზენტაციის მეორე დღეს, ბასკეთის და ჩეხეთის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების მატჩს დავესწარით.
და რადგან წიგნის პრეზენტაციაზე და სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე უკვე დავწერე, ამჯერად მხოლოდ ბილბაოზე ვისაუბრებ, ბასკეთის უდიდეს ქალაქზე და ეკონომიკურ ცენტრზე, რომელმაც ბოლო 25 წელიწადში დიდი სახეცვლილება განიცადა და რომელიც, ისიდრო ლანგარასი არ იყოს, მართლაც ჰგავს თბილისს.
ჩვენი სასტუმრო – ინდაუჩუ, სან მამესთან ახლოს, ქალაქის გულში იდგა და ოფიციალური შეხვედრებისგან თავისუფალ დროს მხოლოდ ვსეირნობდი: გუგენჰაიმის მუზეუმი და იქვე ფერად-ფერადი ყვავილებით მორთული ძაღლის ლეკვი ბილბო – ბილბაოს სიმბოლო, ულამაზესი სანაპირო, განახლებული სან მამესი, კორიდის არენა, არჩანდა…
არ მოგეჩვენათ: ქალაქის მთავარ მთას სწორედ არჩანდა ჰქვია და ჩვენი მთაწმინდის არ იყოს, მასზე ფუნიკულიორით ადიხარ, იქიდან კი ბილბაო ხელისგულზეა. ბილბაოს მთაწმინდიდან რამდენიმე ფოტო გადავიღე და შეაფასეთ.
მასპინძლების თქმით, 90იან წლებში ბილბაო არაფრით გამორჩეული ინდუსტრიული ქალაქი იყო სატვირთო კონტეინერებით გადავსებული ცენტრით. როგორც ჩანს, ნაცრისფერი რეალობა ქალაქის მესვეურებს მობეზრდათ და წლებზე გათვლილი პროექტი დაიწყეს – პორტის და ქარხნების გარეუბნებში გადატანა, გრძელი, თუმცა დაბინძურებული და უსიცოცხლო სანაპიროს ხეივნად გადაკეთება, პორტის რეორგანიზაცია, ტრამვაის ხაზების მონტაჟი, მთავარი საავტომობილო მაგისტრალის ქალაქის კიდეზე გადასროლა და მეტროს განვითარება, მდინარის პირას გუგენჰაიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ულამაზესი შენობის აგება, საგამოფენო ცენტრი ასკუნა ცენტროა, ეკოლოგიაზე ზრუნვა და გამწვანება, გამწვანება, გამწვანება…
გუგენჰაიმის მუზეუმთან, სუვენირების მაღაზიაში თანამედროვე ბილბაოს შესახებ გამოცემული წიგნი ვიყიდე მხოლოდ იმიტომ, რომ სულ რაღაც 25 წლის წინანდელი ფოტოები ნანახთან შემედარებინა.
შემშურდა!
რაც ბილბაოელებმა 25 წელიწადში მოახერხეს, ამას ძალიან ბევრი ინატრებდა! დღეს ბილბაო ფერადი, კოხტა და ლამაზი ქალაქია, ორჯერ დასახელდა ევროპის კულტურულ ცენტრად და ლამის თვე არ გავა დიდ საერთაშორისო ღონისძიებას არ უმასპინძლოს. სხვა თუ არაფერი, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ფილმის დასაწყისიც კი გადაიღეს იქ! ტურისტების მატებაზე არაფერს ვამბობ – ქალაქმა გაიხარა! არადა, 90ებში ქალაქის ცენტრისკენ გახედვა ბონდიანას რეჟისორებს კი არა, ლამის ძირძველ ბილბაოელებსაც არ სურდათ – იქაურობა რკინა-ბეტონის ურჩხულების ხელში იყო!
ბასკების მონდომება და ქალაქის სახეცვლილება ყველამ დაინახა და მერიაც არაერთხელ დაჯილდოვდა პრესტიჟული პრემიებით: 2010 წელს ბილბაოს ლი კუან იუს სახელობის ჯილდო გადაეცა, ურბანიზმის თავისებური ნობელის პრემია; 2013 წელს 7 იანვარს ქალაქის მერი ინიაკი ასკუნია 2012 წლის მიხედვით საუკეთესო მერად დასახელდა – ბრიტანულმა ორგანიზაცია მსოფლიო მერების ფონდმა ასე დააფასა ბილბაოში 90იანი წლებიდან დაწყებული რეფორმები; 2017 წელს ურბანიზმის მსოფლიო აკადემიამ ბასკეთის არაოფიციალური დედაქალაქის წლის ქალაქად აღიარა…
ხოლო რაც შეეხება თბილისსა და ბილბაოს მსგავსებას, ამას ვიტყვი: ჩვენი მთაწმინდა უფრო მაღალია და ეფექტურიც მგონია, მაგრამ არჩანდის მთავარი ხიბლი, ჩემი აზრით ისაა, რომ ერთ-ერთი კუთხიდან გემებით დატვირთული ბასკეთის ყურე მოჩანს და ეს სანახაობა, უნდა ვაღიარო: ულამაზესია!
ფუნიკულიორთან ახლოსაა რამდენიმე რესტორანი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული გემრიელობებით და ცივი ბასკური ლუდით. დაბრძანდით, დაისვენეთ და ისიამოვნეთ!
არჩანდას რომ ვესტუმრე, ნოემბრის მზე გვათბობდა და ლუდის თანხლებით ისეთი კომბინაცია გამოვიდა, აქამდე მახსოვს ის შეგრძნება!
სან მამესზე დაწერა კი ბოლოსთვის მოვიტოვე.
ყოველ დღე მივდიოდი სტადიონზე: მეგობრებისთვის (ჩემთვის ხომ თავისთავად) საკლუბო მაღაზიაში სუვენირებს ვყიდულობდი, ესპანეთის თასებით გადავსებული მუზეუმიც დავათვალიერე (ატლეტიკი მხოლოდ ბარსელონას ჩამორჩება ქვეყნის თასების რაოდენობით), სტადიონის ტური ავიღე, თამაშს რომ დავესწარი, ეს ზევითაც დავწერე – ატლეტიკი-ჰერტას ევროპალიგურ დაპირისპირებას მასპინძელთა მიპატიჟებით, საპატიო სტუმართა ლოჟიდან ვუყურე…
მოკლედ, ერთ კვირაში მთელი არენა დავათვალიერე და შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ სან მამესი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია! ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სწორედ ეს სარბიელი შეარჩია ევროპის საგაისო ჩემპიონატის დროს ნაკრების სამი საშინაო თამაშის მასპინძლად და ერთი წამითაც არ გამკვირვებია მათი გადაწყვეტილება.
სან მამესი უნაკლოა!
ისე კი, ბილბაოში ჯერ კიდევ 1998 წელს უნდა წავსულიყავი და ის ამბავი ჩემი ერთ-ერთი დიდი იმედგაცრუებაა: თბილისის დინამოს და ატლეტიკის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშზე, 1998 წლის აგვისტოში, გაზეთ სარბიელის რედაქციამ ჩემი მივლინება გადაწყვიტა. მაგრამ დინამოელთა წარმომადგენელს გერმანიის საელჩოში ჩემი პასპორტის წაღება დაავიწყდა და მეც განზე დავრჩი. ბასკეთში ჩემი თანამშრომელი გაემგზავრა, რომელსაც გერმანიის რამდენიმეწლიანი ვიზა ჰქონდა…
ვერ წარმოიდგენთ ისე დამწყდა გული, მაგრამ რას გავხდებოდი?!
ის ორმატჩიანი დაპირისპირება, გეცოდინებათ, ფრედ 2:2 დასრულდა და ბილბაოელებმა ლიგის საგზური მხოლოდ თბილისში გატანილი გოლით მოიგეს – დინამომ 2:1 გაიმარჯვა, ძველ სან მამესზე 0:1 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. მთავარი ევროტურნირის დებიუტანტი ატლეტიკი კი ჯგუფში ჩემ საყვარელ იუვენტუსს, გალათასარაის და რუსენბორგს გაეჯიბრა.
ატლეტიკის მუზეუმს როცა ვათვალიერებდი, ერთ სტენდზე იმ ევროსეზონის 8 მატჩის ბილეთებიც ვნახე, მათ შორის თბილისური და ბილბაოური დინამო-ატლეტიკისა…
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბილბაო, ესპანეთი; 2017 წლის 21-27 ნოემბერი