ბოლო დიდი უნგრელი
ფლორიან ალბერტი 31 ოქტომბერს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.
4 დღით ადრე მან გულზე გადაიტანა ოპერაცია, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ 31ში, გამთენიისას სწორედ იმ გაჭრილ-გაკერილმა გულმა უმტყუნა.
ევროპის 1967 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთის ერთადერთი უნგრელი ლაურეატი ფლორიან ალბერტი 70 წლის იყო.
დღეს, როცა ყველას პირზე აკერია არგენტინელი, ესპანელი, ინგლისელი თუ ბრაზილიელი ფეხბურთელების სახელები, როცა ბავშვები გერმანელი, ფრანგი და იტალიელი ვარსკვლავების მაისურებით დარბიან, ეგებ ბევრს უცნაურად ეჩვენოს, რომ შორეულ 1967 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად უნგრელი დაასახელეს. მითუმეტეს, რომ მაშინ, 60იან წლებში ბებერ კონტინენტზე პორტუგალიელი ეუსებიოს, მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისელების და მილანის ინტერის იტალიელი ვარსკვლავების სახელები ჰქუხდა…
ვითომ შემთხვევითობა იყო უნგრელის ტრიუმფი?
თავად განსაჯეთ:
1966-67 წლების სეზონში ფლორიან ალბერტმა უნგრეთის ჩემპიონატში 27 მატჩში 28 გოლი გაიტანა და გარდა იმისა, რომ ფერენცვაროშთან ერთად ჩემპიონი გახდა, საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიგო.
იმავე სეზონში ყველაზე მეტი გოლი მიითვალა უეფას თასის წინამორბედ, ბაზრობათა თასის გათამაშებაში.
უნგრელი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ოქროს ბურთამდე, მთავარი იერიში კი 1966 წელს, ნისლიან ალბიონზე, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო: ჯგუფურ ტურნირში მისმა უნგრეთმა 3:1 დაამარცხა ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ბრაზილია, ინგლისში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა კი ის უნგრული ფეხბურთის ამ ტრიუმფის მთავარ შემოქმედად აღიარეს!
და ის, რაც 1967 წლის წლის მიწურულს მოხდა, ყველამ ლოგიკურად მიიჩნია: ფრანგულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა ფრანს ფუტბოლმა ყვითელი ანკეტები ჩამოურიგა წამყვან ევროპელ ჟურნალისტებს, ხმების დათვლისას კი გაირკვა, რომ უნგრელმა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანს ბობი ჩარლტონს და ჩემპიონთა თასის მფლობელ გლაზგოს სელტიკის ლიდერ ჯიმი ჯონსტონს აჯობა.
ალბერტი ფრანს ფუტბოლის მე12 რეფერენდუმის მე11 გამარჯვებული გახდა: ფრანგული გამოცემა 1956 წლიდან ავლენდა საუკეთესო ევროპელს და უნგრელამდე მხოლოდ ალფრედო დი სტეფანომ შეძლო ოქროს ბურთის 2ჯერ მოგება – 1957 და 1959 წლებში.
დღეს 85 წლის თეთრი ისარი-დი სტეფანო მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტია, ალბერტი კი ოქროს ბურთის მე5 მფლობელია, ვისზეც წარსულში საუბრობენ.
1990 წლის 20 მარტს მოსკოვში შავი ობობა-ლევ იაშინი გარდაიცვალა. საბჭოთა კავშირის ნაკრების და მოსკოვის დინამოს ლეგენდარული გოლკიპერი დღემდე ოქროს ბურთის მფლობელი (1963) ერთადერთი მეკარეა.
2000 წლის 23 თებერვალს სერ სტენლი მეტიუზი წავიდა, დიდებული ინგლისელი გარემარბი, რომელმაც 35წლიანი კარიერა ერთადერთი გუნდური ტიტულით დაასრულა. მან ფრანს ფუტბოლის მთავარი ჯილდო 1956ში, 41 წლისამ მოიგო!
2005 წელს 2 ტრიუმფატორი მოისაკლისა საფეხბურთო სამყარომ: 17 თებერვალს, არგენტინის ქალაქ სან ნიკოლასში 69 წლისა გარდაიცვალა ენრიკე ომარ სივორი – 1961ში, როცა ოქროს ბურთი მოიგო, ის იტალიის ნაკრების და ტურინის იუვენტუსის ლიდერი იყო.
25 ნოემბერს ჯორჯ ბესტი წავიდა – ბრიტანული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.
ახლა ალბერტის ჯერი დადგა.
ვარსკვლავები ქრებიან.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 7-13 ნოემბერი)