ბონუს-ქულა სწრაფი წრისთვის

გადაწყდა, რომ მიმდინარე სეზონიდან ფორმულა 1-ის ეტაპებზე დამატებითი ქულა მიენიჭებათ იმ პილოტებს, რომლებიც წრეს ყველაზე სწრაფად გაივლიან. მრბოლები ბონუს-ქულას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ეტაპს მოწინავე ათეულში დაასრულებენ.

ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა მესვეურმა როს ბრაუნმა განაცხადა: „მართებული გადაწყვეტილებაა და იდეა ყველამ მოიწონა. დამატებითი ქულა მეტ ინტრიგას შესძენს რბოლას და არ დააზარალებს სპორტულ მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული გადაწყვეტილებით რბოლის უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობთ და არც სხვა ცვლილებებს გამოვრიცხავ“.

სეზონის პირველი დიდი პრიზი ავსტრალიაში 17 მარტს გათამაშდება. გუნდები უკვე მწვანე კონტინენტზე არიან და სტარტისთვის ემზადებიან. 15 მარტს ოფიციალური ტესტებია, 16-ში კი საკვალიფიკაციო რბოლაა დანიშნული.

ფორმულა 1-ში სწრაფი წრე დამატებითი ქულით მხოლოდ საწყის 10 ჩემპიონატზე ფასდებოდა. 1959 წლის პირველობის შემდეგ ეს წესი გაუქმდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 მარტი)

ka_GEGeorgian