ბორის პაიჭაძე 100: ფოტოგამოფენა ქართული სპორტის მუზეუმში

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში განთავსებული ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის ხდება. ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმი წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლებს.

დღეს ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე აღინიშნა: გამოიფინა მოთამაშის ფოტოები, დიპლომები, ჯილდოები, სხვადასხვა ნივთები და ექსპონატები.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს იუბილე დაგეგმა და განახორციელა: სამინისტროს მესვეურებს, სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელებს… მიხარია, რომ ბაბუას იუბილე ასე კარგად და ლამაზად აღინიშნა“! – განაცხადა ბორის პაიჭაძის შვილიშვილმა, უმცროსმა ბორის პაიჭაძემ.

ფოტოგამოფენის გარდა ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის მოსწავლეებმა სტუმრებს ბორის პაიჭაძის შესახებ მომზადებული პროექტი წარუდგინეს. ბავშვებმა ფეხბურთელის კარიერა და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენეს.

„მცირე ხნის წინ ჩვენმა სკოლამ ქართული სპორტის მუზეუმთან მემორანდუმი გააფორმა და დღევანდელი ღონისძიებაც მისი ეგიდით ჩატარდა. ვფიქრობ, ჩვენი ფეხბურთის ვეტერანებიც და ყველა აქ მყოფი კმაყოფილი დარჩა დღევანდელი იუბილეთი“, – განაცხადა ბაქსვუდის სკოლის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ჯავახიშვილმა.

ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ლეგენდარული მოთამაშის ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

დღესვე ქართული სპორტის მუზეუმის მცველს ლილი ლომსაძეს გულშემატკივრმა დავით ნანიტაშვილმა საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი, რომელიც მის ოჯახში 30 წელი ინახებოდა.

„ჩვენი მუზეუმი წლეულს ნახევარსაუკუნოვან იუბილეს ზეიმობს. ამ თარიღთან დაკავშირებით არაერთი მიღება თუ ღონისძიება დავგეგმეთ. დღევანდელი იუბილეც სწორედ ამ თარიღის ეგიდით გავმართეთ“, – განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 23 თებერვალი)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian