ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე ფოთშიც აღინიშნა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე მის მშობლიურ ქალაქში, ფოთშიც აღინიშნა. საიუბილეო საღამოს ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.

„ბატონი ბორისი ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და მიხარია, რომ მის 100 წლის იუბილეს მთელი საქართველო აღნიშნავს. თებერვლის დასაწყისში ამ თარიღს არაერთი ღონისძიება მიეძღვნა თბილისში, ახლა კი იუბილეს ფოთიც მასპინძლობს. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დღევანდელი შესანიშნავი საღამო განახორციელა. ცხადია, უღრმესი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც ჩვენ ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და ყველანაირად ხელი შეგვიწყო. მადლობა პირადად მინისტრს, ბატონ ლევან ყიფიანს – რომ არა მისი მხარდაჭერა, ასეთი ლამაზი საღამო ვერ შედგებოდა“, – განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.

„ქართული ფეხბურთის წარმოდგენა ბორის პაიჭაძის სახელის გარეშე შეუძლებელია. ასეთ ადამიანებზე დგას არა მარტო ჩვენი ფეხბურთი, ზოგადად, ქართული სპორტი. წილად მხვდა ბედნიერება პირადად გამეცნო ბატონი ბორისი – ის დიდებული, სამაგალითო კაცი გახლდათ! ახალგაზრდა თაობას, რომელსაც მრავლად ვხედავ დარბაზში, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ასეთი პიროვნებებისგან უნდა აიღონ მაგალითი, კაცებისგან, რომლებიც წლების შემდეგაც ახსოვთ. მადლობა თქვენ, ძვირფასო სტუმრებო, ბორის პაიჭაძის სახელის დაფასებისთვის. მადლობა ქალაქ ფოთის ხელმძღვანელობას ამ შესანიშნავი საღამოსთვის“! – განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

საიუბილეო საღამოს, რომელსაც ვეტერანი გულშემატკივრები, ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები და ფოთის საფეხბურთო სკოლების აღსაზრდელები დაესწრნენ, წინ უძღოდა ფოტოგამფენა, უშუალოდ წარმოდგენისას კი მაყურებელმა არაერთი საინტერესო მოგონება, ასევე ფოთის ფოლკლორული ანსამბლის ფაზისის რამდენიმე საკონცერტო ნომერი მოისმინა.

იუბილეს სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ორი წიგნი: ვეტერანი ჟურნალისტის ოთარ გაგუას ბორის პაიჭაძე – 100 და გაიოზ ჯეჯელავა – 100.

ლაშა გოდუაძე ფოთიდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 25 თებერვალი)
ფოტო: www.msy.gov.ge

ka_GEGeorgian