ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1 საქართველო

2022 წელი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო: ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად დაამარცხა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები – 1:0. გამარჯვების გოლი ბუდუ ზივზივაძემ შეაგდო, რომლისთვისაც ეს პირველი ბურთია ნაკრების მაისურით.
ჩვენი ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს. ბოსნია ჯვაროსნების 51-ე ევროპელი მეტოქე გამოდგა. მათთან გამარჯვების შემდეგ ბებერ კონტინენტზე მხოლოდ სამი გუნდი დარჩა, ვისთანაც საქართველოს მთავარ ნაკრებს ჯერ არ უთამაშია – ბელგია, სან მარინო და ჩეხეთი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდა – გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია, დავით ხოჭოლავა – შეიძლება ითქვას, რომ სანიოლის გუნდმა ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და არც იმის თქმა იქნება გადაჭარბებული, რომ ქართველებმა ყველაზე რეალური მომენტი გოლად აქციეს.

თუ სათამაშო რგოლებს შევაფასებ, ჩემი აზრით ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დაცვამ დატოვა (დამატებით დროში ერთწუთიანი ქაოსის მიუხედავად), ხოლო მოთამაშეებიდან გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა. პირველი ჩინებულად მეურვეობდა ედინ ჯეკოს და რამდენჯერმე დიდებულად ითამაშა, კვეკვესკირი კი მშვენივრად ანაწილებდა ბურთს და სიღრმიდან სახიფათო პასებსაც იძლეოდა.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩრდილომაკედონიელ მსაჯთა სამეულმა სამი უხეში შეცდომა დაუშვა: ერთი მასპინძელთა, ორიც ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

27ე წუთზე, როცა ლაშა დვალი კარგად ჩაერთო შეტევაში და შემდეგ ბურთი ბუდუ ზივზივაძეს გადააწოდა, თანამსაჯი პირველად შეცდა – თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მე40 წუთზე უკვე მისმა კოლეგამ დაუშვა შეცდომა, როცა ბოსნიელთა შეტევა ნაადრევად დაასრულა თამაშგარეს გამო.

48ე წუთზე კი ბოსნიელებმა წესების სრული დაცვით შეაგდეს ბურთი – საჯარიმოში მორიგი ჩაკიდების შემდეგ ჯეკომ ერთი შეხებით დაარტყა ბურთს და ლორიას კარიც დალაშქრა, მაგრამ კვლავ თანამსაჯი შეცდა. ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს აშკარად გაუმართლა.

სწორედ ჯეკოს არჩათვლილ გოლს მოჰყვა საქართველოს ნაკრების საგოლე შეტევა: ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა მარცხენა ფლანგზე, მოხდენილად გასცდა ორ მეტოქეს და ბურთი საჯარიმოში შეჭრილ ზივზივაძეს მიაწოდა, მან კი მეურვესთან ჭიდილის მიუხედავად, ძლიერად დაარტყა და შეჰიჩს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი – 1:0.

მასპინძლებმა ამაოდ სცადეს უპირატესობის მოპოვება, რამდენიმე წუთში კი სანიოლმა პირველი ფეხბურთელებიც შეცვალა – გიორბელიძის ნაცვლად გიორგი წიტაიშვილი გამოჩნდა, გაფრთხილებული აბურჯანია ნაკრების დებიუტანტმა ანზორ მექვაბიშვილმა შეცვალა, ლობჟანიძის ნაცვლად კი საბა კვერკველია ჩაერთო თამაშში. ამ ცვლილებებმა საერთო მონახაზზე გავლენა არ იქონია, აი ჩვენი გუნდის დაცვის გარღვევა კი უფრო გართულდა.

71ე წუთზე საქართველოს ნაკრებს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ძალიან არ გაუმართლა კვარაცხელიას – მისი დარტყმული ბურთი ბოსნიელთა კარის ხარიხამ აისხლიტა.

მასპინძელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ ხეირიანი ვერაფერი შექმნეს. ერთი ეგაა, რომ მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე (სულ არბიტრმა 6 წუთი დაამატა ძირითად დროს), კუთხურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების საჯარიმოში სრული არეულობა ვიხილეთ, რომელიც საბედნიეროდ, გაშვებული გოლის გარეშე დასრულდა.

საბოლოოდ 1:0 და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება!

ჩვენი ეროვნული გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

საინტერესო ფაქტები:
1: ბოსნია-ჰერცეგოვინა 68ე ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდა.
2: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში მე80 თამაში მოიგო! აქედან 44ე ამხანაგურ მატჩში გაიმარჯვა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 11ჯერ გაიხარა, ევროშესარჩევში – 19ჯერ, უეფას ერთა ლიგაში კი 6ჯერ.
3: ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მე4 მატჩი მოიგო შარშანდელი სამი გამარჯვების შემდეგ – კოსოვოში 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0. ნაკრების რეკორდი ზედიზედ 5 გამარჯვებაა – 1997-1998 წლებში.
4: გურამ კაშიამ 93ედ ითამაშა ნაკრებში და ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას შემდეგ.
5: გურამ კაშიამ მე16 შეხვედრა ჩაატარა კაპიტნის რანგში და ამ მაჩვენებლით ლევან კობიაშვილს გაუთანაბრდა.

25 მარტი, 2022. ამხანაგური. ბოსნია-ჰერცეგოვინა, ზენიცა, ბილინო პოლიე. 1 500
ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1 საქართველო
გოლი: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (49)
ბოსნია-ჰერცეგოვინა: იბრაჰიმ შეჰიჩი, ანელ აჰმედჰოჯიჩი, ადნან კოვაჩევიჩი (იუსუფ გაზიბეგოვიჩი 76), სინიშა სანიჩანინი (ჰრვოიე მილიჩევიჩი 59), ამერ გოიაკი (ამარ რაჰმანოვიჩი 76), ამირ ჰაჯიაჰმეტოვიჩი, რადე კრუნიჩი (ვლადან დანილოვიჩი 59), მიროსლავ სტევანოვიჩი (ლუკა მენალო 87), ედინ ჯეკო (კაპ), სეად კოლაშინაცი, ერმედინ დემიროვიჩი (სმაილ პრევლიაკი 87)
მწვრთნელი: ივაილო პეტევი (ბულგარეთი)
საქართველო: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კაპ), ლაშა დვალი (გრიგოლ ჩაბრაძე 80), გურამ გიორბელიძე (გიორგი წიტაიშვილი 63), საბა ლობჟანიძე (საბა კვერკველია 63), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია (ანზორ მექვაბიშვილი 63), ხვიჩა კვარაცხელია (გიორგი ბერიძე 75), ზურაბ დავითაშვილი (ვაკო გვილია 75), ბუდუ ზივზივაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: გიორგი აბურჯანია, ზურაბ დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი
მსაჯები: ალექსანდარ სტავრევი; კუშტრიმ ლიკა, დანიელ ვასილევსკი (ჩრდილოეთი მაკედონია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 26 მარტი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian