ბრაზილია 2014: კლოზეს დიდი 8

კვირას, 13 ივლისს, მსოფლიოს XX ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა არგენტინა და მეოთხედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი საფეხბურთო გუნდის ტიტული.
რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ მარაკანაზე ჩემპიონთა შორის ითამაშა მიროსლავ კლოზემაც. 36 წლის ფორვარდი, რომელიც გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ 71 გოლით, ფინალში არგენტინელებთან მოგებული ფიფას ოქროს თასით დაემშვიდობა ბუნდესგუნდს.
წარმოშობით პოლონელმა მიროსლავ კლოზემ ბრაზილიაში 8 შთამბეჭდავი რეკორდი დაამყარა:

 

…კლოზე მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით. ბრაზილიაში, ჯგუფური ტურნირის მატჩში განასთან ის რეკორდსმენ რონალდოს გაუტოლდა, ნახევარფინალში, ბრაზილიელებთან 7:1 მოგებულ შეხვედრაში კი ახალი რეკორდიც დაამყარა!

…მიროსლავ იოზეფ კლოზემ მსოფლიოს მე-4 ჩემპიონატზე გაიტანა გოლი და გახდა მხოლოდ და მხოლოდ მე-3, ვინც ეს მოახერხა. პირველი, რომელმაც 4 უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე გამოიჩინა თავი, გერმანელი უვე ზეელერი იყო, მეორე კი ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელე.

…კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 11 შეხვედრაში გამოიჩინა თავი და ამ მხრივ ბრაზილიელ სუპერბომბარდირს, რონალდოს გაუთანაბრდა. აქვე გეტყვით, რომ გერმანია არასდროს დამარცხებულმა იმ შეხვედრაში, რომელშიც კლოზემ გოლი გაიტანა.

…ვეტერან გოლეადორს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის: პირველია, რომელმაც მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე მოახერხა მინიმუმ 4 გოლის გატანა!

…კლოზემ ფინალურ ეტაპზე 24-ჯერ ითამაშა, რაც ლოთარ მათეუსის რეკორდს მხოლოდ ერთი შეხვედრით ჩამორჩება. 24 მატჩიდან მისმა გუნდმა 17 მოიგო, ეს კი რეკორდია. ამ მხრივ გერმანელმა ბრაზილიელ კაფუს გაუსწრო.

…მიროსლავ კლოზემ 12-წლიანი შესვენების შემდეგ ითამაშა ფინალში. მან 21 დღით გააუმჯობესა პელეს რეკორდი, რომელმაც 1958 და 1970 წლებში ითამაშა გადამწყვეტ მატჩებში.

…ბუნდესგუნდის ბომბარდირი პირველია, რომელმაც მსოფლიოს 4 ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა.

…ის კიდევ ერთი უკვდავი რეკორდის მფლობელია: მეოთხედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის მედალი! 2002 წელს ვერცხლს დაეუფლა, 2006 და 2010 წლებში – ბრინჯაოს, ახლა კი, როგორც იქნა, ჩემპიონი გახდა.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 14 ივლისი)

ka_GEGeorgian