ბრაზილია 2014: მსოფლიოს ჩემპიონი ბუნდესნაკრების რეკორდები

გერმანიის ნაკრები მსოფლიოს XX ჩემპიონატის გამარჯვებულია! ბუნდესგუნდი მეოთხედ დაეუფლა ფიფას ოქროს თასს! ოახიმ ლიოვის გუნდმა, რომელსაც 2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორჯერ გაეჯიბრება, ბრაზილიაში უამრავი რეკორდი დაამყარა. დღეს 10 ყველაზე გამორჩეულ მიღწევას შეგახსენებთ.

…გერმანია პირველი ევროპული გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამხრეთ ამერიკაში მოიგო და მეორე ევროპული ნაკრები, რომელმაც ფიფას ოქროს თასი სხვა კონტინენტზე აღმართა: 2010 წელს ესპანეთმა სამხრეთ აფრიკაში გაიმარჯვა.

…გერმანელებმა მსოფლიო ჩემპიონის მე-4 ტიტული 24-წლიანი შესვენების შემდეგ მოიგეს. საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე ინტერვალით მოიპოვა მე-4 გამარჯვება ბრაზილიამ (1970 და 1994) და იტალიამ (1982 და 2006).

…გერმანიამ მერვედ ითამაშა ფინალში. ეს რეკორდია! 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში ბუნდესნაკრები ჩემპიონი გახდა, 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში კი ფინალში დამარცხდა.

…ბუნდესნაკრები პირველია, რომელმაც ზედიზედ 4 ჩემპიონატზე მოახერხა მედლის მოგება. 2002 წლიდან დაწყებული გერმანელები უცვლელად თამაშობენ მედლებისთვის.

…გერმანიის ნაკრებმა ფიფას ოქროს თასი, რომელიც 1974 წლიდან თამაშდება, მესამედ მოიგო. ბუნდესგუნდი პირველია, რომელმაც ეს შეძლო. ჟიულ რიმეს სახელობის ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება ბრაზილიელებს 1970 წელს, მესამედ გამარჯვების შემდეგ სამუდამოდ გადაეცათ.

…იოახიმ ლიოვის ნაკრებმა ზედიზედ მესამედ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნდესგუნდმა 14 გოლი შეაგდო, 2010 წელს – 16, ახლა კი 18.

…ბრაზილია 2014-ის შემდეგ გერმანიის ნაკრები ტურნირის ისტორიაში რამდენიმე მაჩვენებლით დაწინაურდა: მეტი მატჩი ფინალურ ეტაპზე – 106, მეტი გოლი – 224, მეტი გაშვებული გოლი – 121 და… ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი – 7.

…გერმანია და არგენტინა მეშვიდედ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ეს რეკორდია! ასე ხშირად მხოლოდ ბრაზილია-შვედეთს და გფრ/გერმანიას და იუგოსლავია/სერბეთს უთამაშიათ.

…გერმანია 7:1 ბრაზილია – ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნახევარფინალია.

…მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გერმანიაა პირველი გუნდი, რომელმაც 1/2-ფინალში 7 გოლი გაიტანა და თან, მასპინძლის კარში! თავის მხრივ, ფიფას ეგიდით გამართულ ტურნირებში, ბრაზილიამ პირველად გაუშვა ამდენი გოლი.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 14 ივლისი)

ka_GEGeorgian