ბრიტანეთის ათი მშვენება

ახალი საფეხბურთო სეზონის გახურებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი. კიდევ უფრო ცოტა დრო აქვთ ჩვენს კლუბებს – ევროთასების წინასწარი ეტაპები ივლისის დასაწყისიდან აიღებს სტარტს.
და რა უნდა ქნას ასეთ დროს ფეხბურთის მოყვარულმა, რომელიც ამ დღეებში, წესით, მსოფლიო ჩემპიონატს უნდა ადევნებდეს თვალს, მაგრამ მავანთა გადაწყვეტილებით ნოემბრის ბოლომდე ცდა მოუწევს?
სხვისი რა გითხრათ და ჩემთვის დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებაა დიადი მატჩების ჩანაწერების ნახვა (ფიფას და უეფას კეთილი ნებით, ისინი ხელმისაწვდომია), ამასთანავე გემრიელი საფეხბურთო წიგნების და ჟურნალების გადაფურცვლა.

ჰოდა გუშინ საღამოს, სანამ ფორმულა 1-ში კანადის გრან პრი დაიწყებოდა, ჩემი საყვარელი ჟურნალის FourFourTwo-ს ერთ-ერთი ბოლო ნომერი გადავშალე და ეს პოსტიც ამის შედეგია: ბრიტანეთის 10 საუკეთესო საფეხბურთო სტადიონი.!

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ FFT-ში 100 რჩეული ბრიტანული სარბიელი იყო ჩამოთვლილი, მაგრამ მე მხოლოდ პირველ ათეულს გთავაზობთ.

მეორე შენიშვნა: სტადიონების შესაფასებლად პროექტის ავტორებმა ხუთი კრიტერიუმით იხელმძღვანელეს – 1.შენობის არქიტექტურა; 2.ატმოსფერო მატჩების დროს; 3.ადგილმდებარეობა; 4.ისტორია და 5.სტუმარი გუნდის ფანების აზრი. ამ ყველაფრის ერთობლიობით მივიღეთ საბოლოო შედეგი, რომელიც დიდი ალბათობით, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება.

და მესამე: ჩვენი ფეხბურთის წარსული გავიხსენე და აღმოჩნდა რომ ათეულში შესული სტადიონებიდან ზუსტად ნახევარზე ქართულ გუნდებს უთამაშიათ. ზოგადად კი, რაც უცბად მომაგონდა, აგერაა:

#10: ინგლისი, ლონდონი, უემბლი
გახსნის თარიღი –
2007; ტევადობა – 90 000

ამ სტადიონზე არა, მაგრამ მის წინამორბედზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 1997 წელს ითამაშა. ანგარიში გემახსოვრებათ – 0:2.

ისიც გეცოდინებათ, რომ სწორედ უემბლია უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალის მასპინძელი. ჰოდა 1998 და 1999 წლებში, ზედიზედ ორჯერ, ამ ტურნირის ფინალში ითამაშა ნიუკასლ იუნაიტედის ქართველმა ლეგიონერმა თემურ ქეცბაიამ, ორივე შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში. სამწუხაროდ, თემურის კლუბმა ორივე ფინალი 0:2 დათმო: 1998 წელს არსენალთან, 1999 წელს მანჩესტერ იუნაიტედთან.

#09: შოტლანდია, ედინბურგი, თაინიქესლი
გახსნის თარიღი –
1886; ტევადობა – 20 099

შოტლანდიური საზომებითაც კი საშუალო დონის კლუბის, ჰართსის სარბიელი.

1989 წლის 8 აგვისტოს, თავის მეორე ბრიტანულ ტურნეში მყოფმა თბილისის დინამომ ამ სარბიელზე ჰართსს ამხანაგური მატჩი 2:0 მოუგო. პირველი გოლი კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა, მეორე ბურთი სქოთებმა თავის კარში შეაგდეს.

FFT-ს თუ ვენდობით, შოტლანდიის პრემიერლიგის კლუბების ფანები ჰართსთან გასვლითი მატჩის გაცდენას უპატიებელ შეცდომად მიიჩნევენ.

#08: ინგლისი, ნიუკასლი, სენტ ჯეიმს პარკი
გახსნის თარიღი –
1892; ტევადობა – 52 305

ნიუკასლ იუნაიტედის არენა.

1997-2000 წლებში აქ თამაშობდა თემურ ქეცბაია, 2004 წლის 4 ნოემბერს კი, უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე, თბილისის დინამო 0:2 დამარცხდა ნიუკასლ იუნაიტედთან. იმ შეხვედრაში პირველი გოლი ჯორდების ლიდერმა ალან შირერმა შეაგდო, მეორე – კრეიგ ბელამიმ. არც მანამდე და არც მას შემდეგ ქართულ კლუბს უეფას ეგიდით გამართული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე არ უთამაშია.

#07: ინგლისი, ლონდონი, ტოტენჰემ ჰოთსფური
გახსნის თარიღი –
2019; ტევადობა – 62 850

ტოტენჰემ ჰოთსფურის ულტრათანამედროვე სტადიონი. ლონდონურმა კლუბმა ეს არენა ძველის, უაით ჰართ ლეინის ადგილზე ააგო. FourFourTwo-ს თქმით, ტოტენჰემ ჰოთსფურის სარბიელი ბრიტანეთში მდებარე არენებიდან საუკეთესოა ყველა გაგებით, პირველ რიგში კი ტექნიკური მახასიათებლებით.

ტოტენჰემის ძველ სარბიელთან თბილისის დინამოს სამი თამაში აკავშირებს:

1960 წლის 14 ნოემბერს დინამო ამხანაგურში 2:5 დამარცხდა;
1973 წლის 12 დეკემბერს, უეფას თასის 1/8-ფინალის დაპირისპირება ჩვენებმა 1:5 წააგეს:
2013 წლის 29 აგვისტოს კი, ევროპალიგის ფლეი ოფის საპასუხო თამაშში დეზებმა კვლავ დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს – 3:0.

#06: ინგლისი, ბირმინგემი, ვილა პარკი
გახსნის თარიღი –
1897; ტევადობა – 42 749

ჩემპიონთა თასის 1982 წლის გათამაშებაში გამარჯვებული ასტონ ვილას სტადიონი.

თბილისის დინამოს ამ ბირმინგემულ კლუბთან უთამაშია და მოუგია კიდეც, თუმცა მხოლოდ შინ.

რაც შეეხება ვილა პარკს, ის ყველა გაგებით ისტორიული სარბიელია: თასების თასის გათამაშების უკანასკნელი ფინალი რომის ლაციოსა და მაიორკას შორის სწორედ აქ გაიმართა 1999 წელს; ვილა პარკია ასოციაციის თასის ნახევარფინალების ხშირი მასპინძელი და ამეებს რომ თავი დავანებოთ, 1800-იან, 1900-იან და 2000-ების დასაწყისში ინგლისი უემბლის გარდა მხოლოდ ორ სტადიონზე მასპინძლობდა მეტოქეებს: ენფილდ როუდზე და… ვილა პარკზე.

#05: ინგლისი, მანჩესტერი, ოლდ ტრაფორდი
გახსნის თარიღი –
1910; ტევადობა – 74 140

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, მანჩესტერ იუნაიტედის სახლი, როგორც 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ დაწერეს – „ოცნებების თეატრი“.

სწორედ იმ წელს გაითამაშეს ჩემპიონთა თასი იტალიურმა კლუბებმა და მილანმა, რომლის რიგებშიც თბილისის ახლანდელი მერი თამაშობდა, ჩემს ფავორიტს, იუვენტუსს პენალტების სერიაში აჯობა. კახა კალაძემ მაშინ შეუცვლელად ითამაშა და საფეხბურთო ლატარეაშიც მიიღო მონაწილეობა.

FFT-ში ამოვიკითხე, რომ ინგლისის საფეხბურთო ლიგის ანტირეკორდი სწორედ აქ დაიწერა: 1921 წელს, სტოკპორტი-ლესტერ სიტის მატჩს არნახულად ცოტა, მხოლოდ 13(!!!) გულშემატკივარი დაესწრო.

#04: ინგლისი, ლონდონი, კრეივენ კოტეჯი
გახსნის თარიღი –
1896; ტევადობა – 19 359

ფულემის კოხტა არენა.

შესავალში რომ ხუთი კრიტერიუმი ვახსენე, ყველა ვერცერთმა დაიმსახურა. მეტიც: FourFourTwo-ს ასი რჩეულიდან ოთხი პლუსი მხოლოდ ხუთმა სტადიონმა მიიღო და ყველაზე მაღლა მათ შორის სწორედ კრეივენ კოტეჯია.

FFT-ს თქმით, ფულემის სტადიონი გამორჩეულია არქიტექტურული კუთხით, ისტორიულია, შესანიშნავი ადგილმდებარეობა აქვს და მეტოქე კლუბების ფანებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

ჩვენ ფეხბურთთან ამ ნაგებობის კავშირი ვერ გავიხსენე და თუ თქვენ რაიმე გამორჩეული ფაქტი გახსოვთ, შემეხმიანეთ.

#03: ინგლისი, ლივერპული, ენფილდ როუდი
გახსნის თარიღი –
1884; ტევადობა – 53 394

მანუჩარ მაჩაიძის ერთ ძველი ინტერვიუდან მახსოვს: 1979 წლის ზაფხულში, სანამ დინამო ისტორიაში პირველად ითამაშებდა ჩემპიონთა თასზე, თბილისელთა კაპიტანს ჟურნალისტმა ჰკითხა, ვისთან ისურვებდით თამაშსო. მაჩაიძემ უპასუხა ინგლისის ან დასავლეთ გერმანიის კლუბთან პაექრობა საინტერესო იქნებოდაო.

ასე აგვიხდეს ყველაფერი: 1/16-ფინალში დინამო ლივერპულს დაუპირისპირდა, იმ წლების მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ევროსენსაციის შემდეგ კი მეტოქედ ჰამბურგი ერგო, იმ გათამაშების მომავალი ფინალისტი.

თბილისელებმა ჩემპიონთა თასზე პირველად 1979 წლის 19 სექტემბერს ითამაშეს და თან სადმე კი არა, პირდაპირ ენფილდ როუდზე! 1:2 და ალექსანდრე ჩივაძის ეფექტური გოლი.

ეს ენფილდია და შენ არასოდეს ხარ მარტო!

ინგლისური ფეხბურთს მოყვარული არ მეთქმის, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ენფილდზე ყოველთვის დიდებული ატმოსფეროა. პირადად ეს ბედნიერება ჯერ არ განმიცდია, ტელერეპორტაჟებით რაც მინახავს, იმას ვამბობ.

#02: შოტლანდია, გლაზგო, სელტიკ პარკი
გახსნის თარიღი –
1892; ტევადობა – 60 411

გლაზგოს სელტიკს ერთი უცნაური ამბავი უკავშირდება: 1967 წელს, როცა კლუბმა ჩემპიონთა თასი მოიგო, ყველა ფეხბურთელი ამ სტადიონის სიახლოვეს იყო დაბადებული. დღევანდელი გადასახედიდან, როცა ლამის ყველა მეტ-ნაკლებად შეძლებულ კლუბში უამრავი უცხოელია, ეს ამბავი დაუჯერებლად ჟღერს.

„ფეხბურთი ფანების გარეშე არაფერია“! – ეს ცნობილი ფრაზა სელტიკის ლეგენდას, წარმატებულ მოთამაშეს და დიდებულ მწვრთნელს, 1967 წლის ტრიუმფის მთავარ შემოქმედს ჯოკ სტეინს ეკუთვნის.

ის ცამეტი სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სელტიკს და 25 დიდი ტიტული მოიგო, მათ შორის შოტლანდიის ჩემპიონატი ზედიზედ ცხრაჯერ – 1966-74 წლებში. მისი ძეგლი დღეს სელტიკ პარკის ერთ-ერთი მშვენებაა.

#01: შოტლანდია, გლაზგო, აიბროქსი
გახსნის თარიღი –
1899; ტევადობა – 50 817

შოტლანდიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის გლაზგო რეინჯერსის სახლი.

საფეხბურთო არენების სახელგანთქმული არქიტექტორის არჩიბალდ ლეიჩის ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა FourFourTwo-ს თქმით აერთიანებს და იტევს ყველაფერს, რის გამოც უყვართ ფეხბურთი: ზღაპრული მატჩები, დიდებული გამარჯვებები და დაუვიწყარი ემოციები.

2001-05 წლებში აიბროქსზე თამაშობდა ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, რომელმაც რეინჯერსის ლურჯი მაისურით ხუთი ტიტული მოიგო, 132 ოფიციალურ თამაშში კი 57 გოლი შეაგდო. ბოლო ორ სეზონში მისი თანაკლუბელი გახლდათ ზურაბ ხიზანიშვილი, დღეს ვილი სანიოლის თანაშემწე ნაკრებში.

ერთი საინტერესო ფაქტი: 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, გლაზგოური დერბის სანახავად აიბროქსზე 118 567 გულშემატკივარი შეიკრიბა და ეს ბრიტანული ფეხბურთის რეკორდია – ჩემპიონატის თამაშს, სულ ერთია რომელ ლიგაში, ამაზე მეტი მაყურებელი არ ჰყოლია!

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 20 ივნისი)

ka_GEGeorgian