ბრიუგე

ჩემპიონთა ლიგის სულ პირველ გათამაშებაში, 1992-93 წლების სეზონში, რვა კლუბი მონაწილეობდა. ერთ-ერთი იყო ბელგიის ჩემპიონი ბრიუგე, სიმპათიური გუნდი, რომელსაც რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავდა, მთავარ ვარსკვლავად კი ნიგერიელი თავდამსხმელი დანიელ ამოკაჩი ითვლებოდა.
ბრიუგეს იმ შემადგენლობიდან ახლა მხოლოდ სამს ვიხსენებ – ამოკაჩის, სადებიუტო ჩემპიონთა ლიგაში ოთხი გოლის გამტან გერტ ვერჰეინს და ნახევარმცველ ლორენცო სტალენსს. ეს უკანასკნელი ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშითაც დამამახსოვრდა.
მაგრამ ამ პატარა ჩანახატში საფეხბურთო კლუბ ბრიუგეზე დაწერას არ ვაპირებ, მირჩევნია კოხტა ბელგიურ ქალაქში გატარებულ ერთ დღეზე მოგიყვეთ.

ბრიუგე ჰააგაში დავგეგმეთ. ნიდერლანდები და ბელგია რამ გაყო, ჰოდა, ერთ გემრიელ ჰააგურ საღამოს, როცა მომავალ დღეებს ვგეგმავდით, მოვილაპარაკეთ რომ სამეზობლოში შევისეირნებდით და სახელგანთქმულ ბელგიურ ლუდებს ყველაზე ახლოს მდებარე ბრიუგეში დავაგემოვნებდით. და არა მარტო ლუდებს. ამ ორ ქვეყანას რომ მეზობლობა აქვს, ბევრმა ინატროს, ასე რომ, რატომაც არა?!

ორ საათში ბრიუგეში ვიყავით. ჩვენი საზომებითაც კი ეს პატარა ქალაქი (მოსახლეობით საბურთალოს არ აღემატება) საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი და მის იურიდიულ საზღვრებში შესულებს კიდევ საკმაო დრო დაგვჭირდა, სანამ ქალაქის გულს, ძველ ბრიუგეს მივადგებოდით.

იქაურობას დაუსწრებლად უკვე ვიცნობდი და ეს მარტინ მაკდონაჰიუს ლამაზი ფილმის, In Bruges-ს დამსახურებაა. ამბობენ, რომ შავი კომედიაა, თუმცა ჩემთვის დრამა უფროა, ეს ჟანრი კი გამორჩეულად მიყვარს. In Bruges დაქირავებული ირლანდიელი მკვლელების (კოლინ ფარელი, ბრენდან გლისონი) თავგადასავალზე მოგვითხრობს და ერთი-ორი მძიმე სცენის მიუხედავად, ძალიან მომწონს. მეტიც, ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია, თუნდაც ულამაზესი კადრების, ბრწყინვალე მუსიკის და იუმორნარევი დიალოგების გამო.

ძველ ბრიუგეში ვრცელ, ქვაფენილით მოკირწყლულ მთავარ მოედანზე – Market Square – მისულს, როდესაც ერთმანეთის გვერდით ან სიახლოვეს მდგარი მერიის უძველესი შენობა, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ვრცელ სიაში წლების წინ შეტანილი სამრეკლო, წმინდა სისხლის სახელობის ბაზილიკა და როზარიის ძველი ნავმისადგომი ვნახე, მაშინვე In Bruges გამახსენდა.

ძველი ბრიუგე ლუდის, შოკოლადის, ვაფლების, შეყვარებულების, ნეოგოთიკური შენობების და არხების ქალაქად ითვლება. მას ჩრდილოეთის ვენეციასაც უწოდებენ, რადგან ტურისტებს ნავებით სეირნობაც შეუძლიათ. ვენეციასთან შედარებით წყალი ნაკლებია, მაგრამ რაღაც მსგავსება ნამდვილად არის, ამას ვერ უარვყოფ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ იმ დღეს ციოდა, არხში გასეირნებაზე უარი ვთქვით, აი სხვა ყველაფერი კი, რაც ჩამოვთვალე, ვნახეთ და დავაგემოვნეთ.

განსაკუთრებით ლუდში გაგვიმართლა. მთავარ მოედანზე მისულებს, სახელდახელოდ აგებულ უშველებელ დარბაზში დიდი ჟრიამული დაგვხვდა: აღმოჩნდა, რომ ბელგიური ლუდსახარშების ფესტივალი ტარდებოდა (მერე ისიც გავიგე, რომ ეს ღონისძიება ყოველი თვის პირველ შაბათს ეწყობა). ლუდის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ამ თავგადასავალზე უარი ვერ ვთქვი.

არ დამითვლია, თუმცა ფესტივალში, ალბათ, ორასამდე ლუდსახარში მონაწილეობდა. ბილეთი რვა ევრო ღირდა. ბილეთთან ერთად სამი ჟეტონიც მოგვცეს (თითოს) – ერთი ჟეტონი ნებისმიერი ლუდის ერთ კათხას უდრიდა. ვისთანაც გსურდა მიხვიდოდი, გადასცემდი ჟეტონს და ის თავის ნაწარმით გიმასპინძლდებოდა. თუ სამზე მეტის გასინჯვა გსურდა, არც ეს იყო პრობლემა – ყოველი მომდევნო კათხის სანაცვლოდ კონკრეტულ თანხას იხდიდი, მგონი სამ ევროს, ისევ ჟეტონს გაძლევდნენ და მას კვლავ სასურველ ლუდში ცვლიდი. დარბაზის გარეთ უკვე კარგად შეზარხოშებული ხალხი დაბოდიალობდა. რამდენიმე „ხალხურად მომღერალსაც“ მოვკარი თვალი…

მე კი მალე ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე შევუხვიე და ვიპოვე ის, რაც ლუდზე მეტად მიყვარს – ცხელი შოკოლადი! უფრო სწორად შოკოლადის მაღაზია, სადაც ცხელი შოკოლადის ჩემნაირი მოყვარულები თავის რიგს უცდიდნენ. ვერ ვიტყვი, რომ საოცრად სურნელოვან შავ შოკოლადში ამოვლებული ვაფლი საუკეთესოა, რაც კაცმა შეიძლება ბრიუგეში მიირთვას, მაგრამ მისი დაგემოვნება სტუმრებისთვის, ასე ვთქვათ, სავალდებულოა. ვისთვის როგორ, ჩემთვის კი სიცივეში ცხელი შოკოლადი მისწრებაა, მით უმეტეს, თუ ასეთ ლამაზ და კოხტა ქალაქში დავსეირნობ.

ბრიუგე ტურისტებით ცოცხლობს და ეს ყველაზე უკეთ ცენტრალურ მოედანთან ახლომდებარე როზაარის ძველ ნავმისადგომში იგრძნობა – წითელი აგურით ნაგები ხიდები და ვიწრო ქუჩები წელიწადის ნებისმიერ დროს სავსეა. გამონაკლისი არც ჩვენი სტუმრობის დღე იყო – რომელ ეზოშიც შევედით, რა ქუჩაზეც შევუხვიეთ, გავლა ყველგან ჭირდა. გამორჩეულად თამამები, სუსხი რომ არ აწუხებდათ, ნავებით სეირნობდნენ.

ბრიუგეს მერიის ძალიან ლამაზი შენობა კი იმ დღეს დაკეტილი დაგვიხვდა, ისევე როგორც 366-საფეხურიანი სამრეკლო. სწორედ ის, სადაც ზემოხსენებული ფილმის რამდენიმე სცენაა გადაღებული. კოშკი უსაფრთხოების გამო თუ დახურეს – თითქმის თვრამეტსართულიანი შენობის სიმაღლის სამრეკლოს კეწნეროში ლუდით ამჩატებული საზოგადოება ქალაქის თავებს გასაგებია რომ ნაკლებად სურდათ.

ბრიუგეს შესახებ გამოცემულ ტურისტულ ბუკლეტებში გამორჩეული ადგილი უჭირავს წმინდა მარიამის და წმინდა ბასილის სახელობის ბაზილიკას, რომელსაც სხვანაირად წმინდა სისხლის ტაძრადაც მოიხსენიებენ. საბედნიეროდ, ღია იყო და ვინახულეთ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ულამაზესია, კედლების მოხატულობა კი ბრწყინვალე.

რაც შეეხება ხალხში გავრცელებულ სახელწოდებას. პატარა კაფსულაში ქრისტეს სისხლი ინახება (ფილმშიცაა ეპიზოდი) და ის, გადმოცემით, ბრიუგელი დიდგვაროვნების ჯვაროსნული ლაშქრობის დროინდელი ნადავლია. მას სპეციალურ საცავში ინახავენ და წელიწადში მხოლოდ ორჯერ გამოაქვთ. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა – მოკლე რიგში გატარებული რამდენიმე წუთის შემდეგ რამდენიმე საფეხური ავიარეთ და უნიკალური კაფსულის წინაშე წარვდექით, ტაძრის მსახური ქალბატონის ზედამხედველობით.

სხვადასხვა გზამკვლევში წამიკითხავს, რომ ბრიუგე ყველაზე ლამაზი აპრილის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა, როცა შედარებით თბილა და ქალაქიც მწვანეშია ჩაფლული, რამდენიმე მეგობარმა კი, ვინც იქაურობა შობის დღესასწაულამდე ნახა, ბრიუგე ზღაპარს შეადარა.

მეგობრების ნამდვილად მჯერა და ალბათ, არც გზამკვლევი იტყუება, მაგრამ მგონია, რომ ჩრდილოეთის ვენეცია ყოველთვის ძალიან ლამაზია, რადგან არც თებერვლის იმ დღეს დაეწუნებოდა რამე.

ჰააგაში რომ დავბრუნდით, უკვე კარგად ბნელოდა. დიდებული და შთამბეჭდავი დღით დაღლილებს, საღამოს სასმელზე დიდხანს არ გვიფიქრია – ბელგიური ლუდი.

მე Leffe-ს გეახელით. ჩემი გემოვნებით, Leffe საუკეთესო ბელგიური კი არა, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლუდია.

ასე რომ, სამივეს გირჩევთ:

Leffe-ს, In Bruges-ს, ბრიუგეს.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბრიუგე, ბელგია; 2019 წლის 3 თებერვალი

ka_GEGeorgian