ბუდაპეშტი, პუშკაში და მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები

ორი კვირის წინ პატარა ჩანახატი დავწერე მსოფლიოს ქართველ ჩემპიონებზე მათი მშობლიური ქალაქების, დაბების, სოფლების და კუთხეების შესახებ.
ბოლოს ისიც აღვნიშნე, საინტერესო იქნება თუ ამ მონაცემებით საქართველოს სპორტული რუკა გაკეთდება-მეთქი.
ჰოდა, ახლა რომ ვფიქრობ, აუცილებელი საქმე მგონია. თან, მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონების დაბადების ადგილებით რატომ უნდა შემოვიფარგლოთ, როცა მაგალითად, შეგვიძლია მსოფლიოს ისეთი რუკაც გავაკეთოთ, სადაც აღნიშნული იქნება ყველა ის ქვეყანა და ქალაქი, სადაც ჩვენებმა მსოფლიო პირველობის ოქროს მედლები მოიგეს. ეს რამდენიმე დღეა ამ მხრივ ვაჯამებ შედეგებს და აქაც საინტერესო სურათი მივიღე.

სანამ ქართველებისთვის ყველაზე წარმატებულ ქვეყნებსა და ქალაქებზე დავწერ, ჯერ საერთო მონაგარი გავიხსენოთ. 1953 წლიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც გივი კარტოზიამ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩვენებმა სპორტის ოლიმპიურ სახეობებში, პირადში, გუნდურსა თუ სინქრონში, საერთო ჯამში ოქროს 110 მედალი მოიგეს. ეს 110 გამარჯვება 67 სპორტსმენის და გუნდი თავდადებული შრომის შედეგია.

ჩვენი, სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვით საქართველოს XX საუკუნის მეორე საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულმა გივი კარტოზიამ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსოფლიო პირველობის ის ისტორიული ოქროს მედალი 1953 წლის აპრილში მოიგო ნეაპოლში. შესაბამისად, ნეაპოლი პირველი ქალაქია, სადაც ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბოლო, 64-ე კი კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტაა, სადაც დეკემბერში გაიმარჯვა ლაშა ტალახაძემ. ნეაპოლსა და ბოგოტას შორის კი ჩვენმა ათლეტებმა კიდევ 62 ქალაქში გაიხარეს.

„ქართული ოქროს მედლების“ მხრივ ყველაზე წარმატებული ბუდაპეშტია. უნგრეთის დედაქალაქში სხვადასხვა დროს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი, ხოლო კლასიკოსებმა ორი ტიტული მოიგეს (მათ შორის გივი კარტოზიამ თავის მესამე მსოფლიო ოქრო), თითოჯერ კი ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ (1987), მოკრივე გიორგი კანდელაკმა (1997) და ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (2021) გაიხარეს.

ბოლო ორ ამბავზე ცალკე უნდა ვთქვა. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აღიარა და თავის რიგებში მიიღო (1993), ბუდაპეშტში გამარჯვებით გიორგი კანდელაკი მსოფლიოს პირველი ქართველი ჩემპიონი შეიქნა ოლიმპიურ სახეობაში!

რაც შეეხება შავდათუაშვილის ორი წლის წინანდელ ბუდაპეშტურ მსოფლიო ტრიუმფს, ჩემი უმცროსი სეხნია იმ გამარჯვებით პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც კარიერის მანძილზე ყველა მთავარი ტიტული მოიგო: ოლიმპიადაც, მსოფლიოც და ევროპაც!

მოკლედ, ბუდაპეშტი ძალიან წყალობს ქართველებს! ცნობისათვის: მეორე საუკეთესო შედეგი ჩვენებს პარიზსა და ტოკიოში აქვთ – 5-5 ოქრო.

არანაკლებ საინტერესო სურათია ქვეყნებშიც. ბუდაპეშტური 9 ოქროს წყალობით უნგრეთი მეორე ადგილზეა საფრანგეთთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები კი ერთადერთია, რომლის სხვადასხვა ქალაქში ქართველებმა ათჯერ მოიპოვეს მსოფლიო პირველობის ოქროს მედალი! თუ ქალაქებიც გაინტერესებთ, ინებეთ: ბირმინგემი (3 ოქრო), ტოლედო (2), ანაჰაიმი (2), ნიუ იორკი, ლას ვეგასი და ჰიუსტონი. 7-7 ოქროს მედლით ჩვენებისთვის ყველაზე იღბლიანი ქვეყნების სამეულს იტალია და იაპონია ასრულებენ.

და ბოლოს კონტინენტები. მათგან ერთ-ერთზე, აფრიკის კონტინენტზე ქართველებს არასდროს მოუგიათ მსოფლიო ჩემპიონატი. დანარჩენ ხუთზე კი 110 ოქრო ასე იყოფა: ევროპა – 71 გამარჯვება; 14-14 ტრიუმფი აზიასა და ჩრდილოეთი/ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში; 10 ტიტული სამხრეთ ამერიკაში და ერთადერთი ოქრო ავსტრალიიდან.

თქვენ თუ იმ სპორტსმენს გაიხსენებთ, რომელმაც მწვანე კონტინენტზე მოიგო მსოფლიო პირველობა, ქართული სპორტის კინალოკოს მეტად საპატიო ტიტულს მოგანიჭებთ!

ბოლოს კვლავ ბუდაპეშტზე, სადაც რამდენიმე წლის წინ ვიმოგზაურე და ეს ფოტოები გადავიღე. მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ქართველებმა მსოფლიოს ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული იქ მოიგეს. იმ შემოდგომით ფერენც პუშკაშის საფლავის ნახვა უფრო მინდოდა. დიადი უნგრელი დედაქალაქის გულში, წმინდა სტეფანის ტაძარშია დაკრძალული. იქ კი მივედი, მაგრამ აღარ შევედი. კარისკაცმა მითხრა, კლასიკური მუსიკის კონცერტია და ბილეთიც რომ იყიდო, საფლავთან მაინც არავინ მიგიშვებსო…

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 1 მარტი

ka_GEGeorgian