ბუდაპეშტისთვის სამი დღე ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტაა!

რატომ ბუდაპეშტი?

იმიტომ, რომ ამ ულამაზეს ქალაქში 837 ისტორიული შენობაა, 223 მუზეუმი და გალერეა, ასევე 40 თეატრი, 7 საკონცერტო დარბაზი და 2 ოპერა. ამას გარდა, იქვეა ათასზე მეტი რესტორანი და კაფე და მთელ მსოფლიოში განთქმული თერმული აბანოები, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს სავსეა ბუდაპეშტელებით და უნგრეთის დედაქალაქის სტუმრებით.

კიდევ: იქვეა კონტინენტურ ევროპაში უძველესი ტრამვაის ხაზი (#1 ანუ ყვითელი, 1896 წლიდან მოქმედებს), ასევე პარლამენტის ულამაზესი შენობა (უდიდესია უნგრეთში, ევროპის მსგავს დაწესებულებებს შორის კი მეორე) და სახელგანთქმული და გრანდიოზული ჯაჭვის ხიდი. ეს უკანასკნელი ქუთაისელ სეხნიას ყველანაირად აღემატება, საერთო მხოლოდ ის აქვთ, რომ ორივე ქალაქის სიმბოლოა.

ბუდაპეშტში ჩასულმა არც გელერტის მთა, სამეფო რეზიდენცია, გმირთა მოედანი, ტერორის მუზეუმი, შანდორის სასახლე, მეფე მატიაშის ტაძარი, მებადურთა ბასტიონი, წმინდა სტეფანის ბაზილიკა, ებრაული კვარტალი და ძველი ბაზარი უნდა გამოტოვოს, დუნაიზე გემით გასეირნებაც დიდებულია, მაგრამ როცა რამდენიმე დღით სტუმრობ იქაურობას, ყველაფრის მოსწრება ძალიან რთულია. რთული კი არა, შეუძლებელია.

ერთი სიტყვით, 3 დღე, რომელსაც ბევრი ტურისტული კომპანია გვთავაზობს ხოლმე, ბუდაპეშტისთვის ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტაა. ასეთ დროს მხოლოდ თუ შემოირბენ ქალაქს, ეს კი ტურიზმის ჭეშმარიტ მოყვარულს და დამფასებელს (როგორიც, მაგალითად, მე გახლავართ), რა დასამალია და არ ეკადრება.

თუ ფერენც პუშკაშს, შანდორ კოჩიშს, ლადისლაო კუბალას, ფლორიან ალბერტს და კიდევ 4-5 ძალიან მაგარ ფეხბურთელს არ ჩავთვლი, ყველაზე პოპულარული უნგრელები, ვისაც ვიცნობ, ენდრე ფრიდმანი და ერნო რუბიკი არიან.

პირველი ფოტოებით და რობერტ კაპას სახელით დაამახსოვრდა მსოფლიოს (1947 წელს ჯონ სტაინბეკთან ერთად იმოგზაურა საქართველოში და ძალიან მაგარი ფოტოებიც გადაიღო), რუბიკი კი თავის გენიალური გამოგონებით – კუბიკით. ამ ექვსფერა თავსატეხით, მგონი, ყველას გვითამაშია. მისი გამომგონებელი 74 წლისაა და 2014 წლიდან ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეა. ქალაქში კაპას მუზეუმიცაა და ცხადია, რუბიკის კუბიკისაც.

ბუდაპეშტში მოსანახულებელ ადგილებს რომ ვგეგმავდი, ფერენც პუშკაშის ძეგლიც მოვნიშნე, მაგრამ მის სიახლოვეს ვერ დავჩეკინდი – ტურისტული უბნებიდან მოშორებითაა. ვერც მისი საფლავი ვნახე: როგორც უნგრეთის გმირი, ქალაქის ცენტრში აღმართულ წმინდა სტეფანის ტაძარშია დაკრძალული, თუმცა იქ შესულს კლასიკური მუსიკის გახურებული კონცერტი დამხვდა…

სხვა დროს იყოს.

ბუდაპეშტი ის ქალაქია, კიდევ რომ უნდა ნახო, ასე რომ…

პ.ს. ანდრაშის ქუჩაზე, 12 ნომერში ისეთი რამ გადავიღე, რამდენიმე საათით ბავშვობაში ვიმოგზაურე. ამ ალბომში იქ გადაღებულ ფოტოებს არ დავდებ, მალე იქაურობას ცალკე ალბომს მივუძღვნი!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბუდაპეშტი, უნგრეთი; 2018 წლის 7-9 ნოემბერი

ka_GEGeorgian