ბუნდესლიგა მდიდრდება

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს გაიმართა, ოფიციალურად ითქვა, რომ 2017-18 წლების სეზონში I და II ბუნდესლიგების საერთო ფინანსურმა ბრუნვამ 4,42 მილიარდი ევრო შეადგინა.

გერმანული საკლუბო ფეხბურთის მთავარ ლიგებში დღეს თითქმის 2-ჯერ მეტი თანხა ტრიალებს, ვიდრე 2010-11 წლების სეზონში. დიდი წილი, 3,81 მილიარდი ევრო, ბუნდესლიგაზე მოდის, რომლის კლუბების საშუალო შემოსავალმა განვლილ სეზონში თითქმის 100 მილიონი ევრო შეადგინა.

შთამბეჭდავად იზრდება კლუბების კაპიტალიც: თუ 2013-14 წლების სეზონში ბუნდესლიგის გუნდები 807,3 მილიონი ევროს ქონებას ფლობდნენ, 2017-18 წლებში ეს მაჩვენებელი 1,6 მილიარდამდე გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ორი ლიგის ფინანსური ბრუნვა ზედიზედ 14 წელია იზრდება. შედარებისთვის: 2016-17 წლების სეზონში საერთო თანხა 4,01 მილიარდი იყო.

საფეხბურთო ლიგის გენერალური მენეჯერის კრისტიან ზაიფერტის თქმით, თანხების ზრდა სატელევიზიო შემოსავლებითაა განპირობებული, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ I და II ბუნდესლიგები სწორი მიმართულებით ვითარდება და გულშემატკივართა შორის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 13 თებერვალი)

ka_GEGeorgian